უნგრული უმცირესობა უკრაინაში - პასპორტები, სკოლები და დროის სარტყელი
„ჰრომადსკოეს“ მასალების მიხედვით
ბერეგოვო – ზაკარპატიეს პატარა ქალაქი უკრაინის დასავლეთით. გარეშე თვალით ის, შესაძლოა, უკრაინულ ქალაქად არც მოგეჩვენოთ – ყველა აბრა უნგრულ ენაზეა გადათარგმნილი, სახლების სახურავებზე უნგრეთის დროშები ფრიალებს, ტელევიზორში უკრაინული არხები გაიელვებს ხოლმე.
როგორც ზაკარპატიეს სხვა სასაზღვრო ადგილებში, უკრაინელებთან ერთად აქ უნგრელები, რუსინები და ბოშები ცხოვრობენ. უნგრული საუბარი უფრო ხშირად ისმის, ვიდრე უკრაინული
რამდენიმე თვის წინ ქალაქში სკანდალი მოხდა – გაჩნდა ვიდეო, რომელზეც ის უკრაინელები, ვისაც სანაპიროს საკონსულოში ის-ის იყო უნგრეთის მოქალაქეობა ჰქონდათ მიღებული, უნგრეთის ჰიმნს მღეროდნენ და უნგრელებს ერთგულებას ეფიცებოდნენ. კიევი აღშფოთდა და უნგრეთის კონსული დაითხოვა.
ეს ბუდაპეშტსა და კიევს შორის დაძაბული ურთიერთობის მხოლოდ ერთი ეპიზოდია. უნგრეთი ზაკარპატიეში თავის არსებობას მუდმივად აძლიერებს, და ამას საკუთარი ეროვნული უმცირესობის მხარდაჭერით განმარტავს. კიევში ამას სიფრთხილით ეკიდებიან – განსაკუთრებით კი ქვეყნის აღმოსავლეთში მომხდარი ომის შემდეგ, რომლის შედეგადაც 2014 წელს ხელისუფლებამ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე კონტროლი დაკარგა.
• უკრაინა რუსულ ენას ემშვიდობება
• გაგაუზია – მოლდოვას შემადგენლობაში შემავალი პრორუსულად განწყობილი ავტონომია
• დანაღმული ცხოვრება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე
განსაკუთრებული რეგიონი
ბერეგოვო უნგრული ქალაქია 1919 წლიდან, როდესაც მისი ოკუპირება რუმინეთმა მოახდინა, შემდეგ ის ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლების გავლენის ქვეშ მოექცა. უნგრელებმა ის 1938 წელს დაიბრუნეს, 1944 წელს კი, როგორც მთელი ზაკარპატიეს რეგიონი, ბერეგოვოც სსრკ-ს შემადგენლობაში შევიდა. სსრკ-ს დაშლის შემდეგ ზაკარპატიეში ავტონომიის შესახებ ალაპარაკდნენ. ადგილობრივი ხელისუფლება რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. ის 1991 წლის 1 დეკემბერს გაიმართა. ადგილობრივი მაცხოვრებლების 78-მა პროცენტმა ხმა ავტონომიას მისცა, მაგრამ უკრაინის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ეს შედეგები არ ცნო.
ზაკარპატიე თავს ისევ განსაკუთრებულ რეგიონად მიიჩნევს – დიდწილად დასავლეთის საზღვრებთან სიახლოვის გამო. მაგალითად, უკრაინის ქალაქი უჟგოროდი გეოგრაფიულად ევროპის 11 დედაქალაქთან უფროს ახლოსაა, ვიდრე კიევთან. ზაკარპატიე კიევისგან არამხოლოდ მანძილით, არამედ კარპატების მთიანი კედლით არის გამოყოფილი. უკრაინის დანარჩენ ნაწილს აქ ხშირად „დიდ მიწას“ უწოდებენ.
რეგიონის კიდევ ერთი ქალაქია – ვინოგრადოვი , რომელსაც უნგრულად სევლიუშს ეძახიან. ის უნგრეთსა და რუმინეთს შორის მდებარეობს, აქედან ამ ორივე ქვეყნის საზღვრამდე სულ 20 კილომეტრია.
რობერტ ტივოდორი – ვინოგრადოვის მკვიდრი. რობერტის მამა – უნგრელია, დედა – უკრაინელი, თავად მას თავი უკრაინელად მიაჩნია. ის ლაპარაკობს განსაკუთრებულ დიალექტზე, რომელშიც უკრაინული, უნგრული და ჩეხური სიტყვებია შერეული, მაგრამ „ნამდვილი“ უნგრული რობერტმა თითქმის არ იცის.
საერთო პენსიონერები
ბევრი ადგილობრივი მაცხოვრებელი სარგებლობს საზღვრების სიახლოვით და ფულის საშოვნელად მიემგზავრებიან. უნგრეთში თვეში 800 დოლარამდე შეიძლება გამომუშავება, – ჰყვება რობერტი. ევროპაში სამუშაოდ წასვლის ყველაზე მარტივი მეთოდია – უნგრული პასპორტის მიღება. იმის შესახებ, თუ რამდენმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ისარგებლა ამ ხრიკით, ოფიციალური მონაცემები არ არსებობს, მაგრამ – არანაკლებ 30 პროცენტისა.
უნგრეთმა საზღვარგარეთ მცხოვრები თავიანთი თანამემამულეებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურა შვიდი წლის წინათ შემოიღო. პასპორტის მისაღებად განმცხადებელს მხოლოდ იმის დამტკიცება სჭირდება, რომ მისი წინაპრები 1944 წლამდე ზაკარპატიეში ცხოვრობდნენ.
ზოგიერთი პენსიონერი უნგრეთში რეგისტრირდება, რათა იქაური პენსია მიიღოს – ის უკრაინულ მინიმალურ პენსიაზე ათჯერ მეტია, დაახლოებით 500 დოლარი. 2016 წელს ზაკარპატიეს მედიამ ათი ათასი ასეთი პენსიონერი დაითვალა.
მეზობლები დროის განსხვავებულ სარტყელში
უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში უნგრეთმა ზაკარპატიეში სხვადსხვა პროექტისთვის 60 მილიონი დოლარი გამოყო – ოლქის ბიუჯეტის მეშვიდედი. 2019 წლისთვის კიდევ 11 მილიონი დოლარის დახარჯვა იგეგმება.
„ამ დახმარებიდან ასე თუ ისე ყველა მაცხოვრებელი სარგებელს ნახულობს, – ჰყვება ქალაქ ბერეგოვოს მაცხოვრებელი დმიტრი კორბინსკი, – ეს არის გზებიც, მაგალითად ახლახან უნგრეთი დაგვეხმარა ვაქცინებით, რომლითაც რეგიონის ყველა ბავშვი აცრეს“.
ზაკარპატიეს უნგრელების დიდ ნაწილს არსებული სტატუს-კვო აკმაყოფილებს, როდესაც ისინი თან უკრაინის მოქალაქეები არიან, და ამავდროულად თავიანთ მიკრო-კლიმატში, უნგრულ სამყაროში ცხოვრობენ. ამიტომაც კიევის მცდელობა, რომ ეს რეგიონი გააუკრაინულოს, წინააღმდეგობას იწვევს. ასე იყო, მაგალითად, „განათლების შესახებ“ კანონის მიღებისას, რომელმაც დაადგინა, რომ მუნიციპალურ სკოლებში სწავლება უკრაინულ ენაზე უნდა წარიმართოს; ეროვნული უმცირესობების ენებზე მხოლოდ რამდენიმე საგნის სწავლებაა დაშვებული. მაშინ კიევსა და ბუდაპეშტს შორის მორიგი დიპლომატიური სკანდალი მოხდა. ზაკარპატიეს უნგრელებმა კი გადაწყვიტეს, რომ თავიანთ შვილებს კერძო სკოლებში გადაიყვანდნენ – მით უმეტეს, რომ უნგრეთი მათი რაოდენობის გაზრდას დაჰპირდათ.
უნგრული სკოლები არამხოლოდ ეთნიკური უნგრელებს შორისაა პოპულარული, არამედ უკრაინელებს შორისაც – კურსდამთავრებულები შემდეგ უნგრეთის უმაღლეს სასწავლებლებში გეგმავენ სწავლის გაგრძელებას. თუმცა, არის სხვა მაგალითებიც. ოლივია ჟიგო ეთნიკური უნგრელია, მაგრამ ის უკრაინულ სკოლაში სწავლობდა. „ოჯახში ასეთი პოზიცია გვაქვს – ჩვენ უკრაინაში ვცხოვრობთ და მე ეს ენა უნდა ვიცოდე. პირველ რიგში, ეს მოსახერხებელია, და მეორეც, ეს ჩვენი სამოქალაქო ვალია“, – ამბობს ოლივია.
ის ბავშვობიდან მიჩვეულია უკრაინელებისა და უნგრელების მშვიდობიან მეზობლობას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ და დროის სხვადასხვა სარტყელშიც კი ცხოვრობენ:
„უნგრელები ადგილობრივი დროით ცხოვრობენ, უკრაინელები კი – კიევის, – ოლივია თავისი მშობლიური სოფლის ვიშკოვოს ცხოვრების შესახებ ჰყვება, – მაგალითად, როდესაც ჩვენთან კონცერტს აანონსებენ, აფიშას უნგრულად და უკრაინულად წერენ. და დაწყების დროდ უნგრულად – ადგილობრივი დროა მითითებული, უკრაინულად კი – კიევის. ადამიანები ამას მიეჩვივნენ, და ეს მოსახერხებელიც კია.
ru