ტბის მეპატრონე
ზოჰრაბ ზულფუგაროვი აზერბაიჯანულ ქალაქ გიოიჩაიში, ამავე სახელწოდების რაიონის ცენტრში დაიბადა. ამ დასახლებულ პუნქტამდე ბაქოდან სამ საათ-ნახევრის მანძილია. ზოჰრაბი პროფესიით ინჟინერ-ელექტრიკოსია, თუმცა ყოველთვის უყვარდა ბუნება და ცდილობდა, მასთან ახლოს ყოფილიყო. გიოიჩაიში ხეხილის ბაღი და ბოსტანი ჰქონდა, 1990 წელს კი სოფელ შექილიში წვენის წარმოებით დაკავდა.
მიმდებარე ტყეებში წვენის მასალად გამოსადეგი ხილის ძიებაში ზოჰრაბმა ხელოვნური ტბის შესაქმნელად შესაფერის ადგილს მიაგნო. მან სამშენებლო კომპანიას მიმართა და მალე ახალი ბიზნესობიექტი ექსპლუატაციისათვის უკვე მზად იყო.
თავიდან სახელმწიფოსთვის არენდის თანხის გადახდა უწევდა, საბჭოთა კავშირშის დანგრევის შემდეგ კი შეძლო შეესყიდა, როგორც თავად უწოდებს, “დასვენების ზონა”, აქვე ააშენა სახლი, გააშენა ხეხილის ბაღი და მოაწყო სათბური. ზოჰრაბი სიამაყით აღნიშნავს, რომ ადგილობრივი ჯიშის პომიდორი, ბადრიჯანი და ბულგარული წიწაკა აქვს – და არა ისეთი, რომელიც ბაზარშია. ხილსა და ბოსტნეულს არ ყიდის – ოჯახისა და დასვენების ზონის კლიენტებისთვის აქვს.
კლიენტებს აქ შეუძლიათ გემრიელად მიირთვან, ითევზაონ, ან უბრალოდ დაისვენონ ქალაქური ცხოვრებისაგან. აქ ფეისკონტროლი მოქმედებს. ობიექტის მეპატრონე უპირატესობას მეოჯახე, სოლიდურ ადამიანებს ანიჭებს. მათ კი, ვისაც არაკეთილსაიმედოდ მიიჩნევენ, არ მოემსახურებიან.
რა თქმა უნდა, ზოჰრაბს შვილებიც სტუმრობენ – მას ორი ვაჟი, ერთი ქალიშვილი და ხუთი შვილიშვილი ჰყავს. უფროს ვაჟს დუბაიში აქვს ბიზნესი, უმცროსი მამას ეხმარება, ქალიშვილი კი ბაქოში ცხოვრობს. თავად ზოჰრაბი ქალაქში რამდენიმე დღითაც კი ვერ ძლებს – ძალიან უყვარს სიჩუმე, სიმშვიდე, სუფთა ჰაერი და თავისი საქმე.