სუს-ი: თბილისში სპეცოპერაციის დროს მოკლული პირი აჰმედ ჩატაევია
© Impact Press Group / SIPA / Scanpix / LETA
სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი ერთი პირი აჰმედ ჩატაევია, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
აჰმედ ჩატაევი – “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი დანაყოფის ლიდერი იყო, რომელსაც ბრალად ედებოდა სტამბოლის ათათურქის აეროპორტში 2015 წელს ტერაქტის ორგანიზება.
”მინდა მოგაწოდოთ ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაცია ბერი გაბრიელ-სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ამერიკელი კოლეგების დახმარებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზით, მათ შორის დნმ-ის ანალიზით და თითის ანაბეჭდებით (დაქტილოსკოპიური კვლევით), დადგენილ იქნა, რომ ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია”, – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
მისივე განმარტებით, დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული პირები საქართველოში.
“დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მათი მაიდენტიფიცირებელი არანაირი დოკუმენტი არ ჰქონიათ. აღნიშნული პირების იდენტიფიკაციის პროცესში ჩართული არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. გამოძიების ფარგლებში დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული პირები საქართველოში და დგინდება მათი შესაძლო კავშირი სხვა დანაშაულებრივ პირებთან”, – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
22 ნოემბერს თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცავების მიერ ლიკვიდირებული იყო სამი ადამიანი, რომლებსაც ტერორისტულ დაჯგუფებასთან ჰქონდათ კავშირი. მანამდე სამართალდამცავებმა დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ერთი წევრი დააკავეს.