სოფელი აბრის გარეშე
გაზაფხულის თბილი და მზიანი დღეა. შუა ხნის კაცი ბაღში ფუსფუსებს. ხელში ნიჩაბი უჭირავს და ვაშლის ხის გარშემო მიწას გულმოდგინედ ბარავს. რომ დაგვინახა, სამუშაო ხელთათმანი ლითონის ღობეზე გადაკიდა და სახლში შეგვიპატიჟა.
ტარიელ თაზიაშვილი საკუთარი სახლის წინ
საღებავაფრცქვნილ,მწვანე ჭიშკარს ვაღებთ და ეზოში შევდივართ. სახლი ორსართულიანია, ფართო, ნახევრად დანგრეული აივნითა და დიდი,უმინო ფანჯრებით.სახურავი მჭვარტლისგან თუ ცეცხლის ალისგანაა გაშავებული,კედლები ჩამონგრეულია, იატაკი ალაგ-ალაგ აყრილი.
ირგვლივ ავეჯისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ნამსხვრევებია მიმოფანტული – ჩაიდნის ყური, თეფშის ნატეხი,სკამის საზურგე. ერთ დროს აქ კედლებზე ლამაზი შპალერი ჰქონიათ გაკრული – ვარდისფერი ყვავილებით.ახლა მხოლოდ მისი ნაგლეჯებია შემორჩენილი.
აქ ტყვიის მასრებსაც ვპოულობთო,– გვიყვება მასპინძელი და საკუთარი სახლის ნანგრევებში ექსკურსიაზე მიგვიძღვება.
ამ უზარმაზარ სახლში მხოლოდ ერთადერთი ოთახია საცხოვრებლად ვარგისი. პატარა მაგიდა, სკამი, კედელზე დაკიდებული კარადა, საწოლი და შეშის ღუმელი ოთხ კვადრატულ მეტრზე ძლივს ეტევა.
ამ დიდი სახლის პატარა ოთახში ტარიელ თაზიაშვილი და მისი მეუღლე მერი ცხოვრობენ.
ეს კონფლიქტის ზონაა. სოფელი ზარდიაანთკარი.
სოფელ მარანას რომ გასცდები, მოასფალტებული გზა წყდება და ოღრო–ჩოღრო მონაკვეთზე გადადის – აქ უნდა მიხვდეთ, რომ ზარდიაანთკარისკენ მიდიხართ, რადგან სხვაგვარად ვერ მიაგნებთ – ეს არის სოფელი აბრის გარეშე.
ზარდიაანთკარი სამხრეთი ოსეთის დე-ფაქტო საზღვრისპირა სოფელია. აქ ეთნიკურად ქართველი და ოსი მოსახლეობა ცხოვრობს.
ხიდი ზარდიაანთკარისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ მარანასთან
2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელი მოსახლეობისგან თითქმის დაიცალა. ომის შემდეგ ზარდიაანთკარს ბუფერულ ზონად მოიხსენიებდნენ. ოფიციალურად მას ქართული მხარე კი აკონტროლებდა, თუმცა ფაქტობრივად აქ არც რუსული კონტორლი ხორციელდებოდა, არც ოსური და არც ქართული. ადგილობრივი ქართული მოსახლეობა შინ დაბრუნებას იმ დრომდე ვერ ახერხებდა, ვიდრე 2012 წელს სოფელში ქართული საგუშაგო არ განთავსდა.
დღეს ამ სოფელში 25 ოჯახი ფაქტობრივად ორ საგუშაგოს შორის ცხოვრობს:სოფლის თავში რუსულ-ოსური საგუშაგოა,ბოლოში კი ქართული პოლიცია დგას.
ორი წელი ქართული საგუშაგო ტარიელ თაზიაშვილის ნახევრად დანგრეულ სახლში იყო განთავსებული, თანაც ისე, რომ სახლის პატრონისთვის არც უკითხავთ. ცოტა ხნის წინ სამართალდამცავებმა სახლი დატოვეს და პოსტი მისი ეზოს კედელთან განათავსეს. იქვე ფრიალებს ქართული დროშაც.
სოფელში ქართველი სამართალდამცავების გამოჩენამ უსაფრთხოების გარანტიები კი შექმნა, მაგრამ აქ დაბრუნებულ მოსახლეობას ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ აქვს.
ზარდიაანთკარში, ისევე როგორც კონფლიქტის ზონის ბევრ სხვა სოფელში, ხალხი უწყლობისგან იტანჯება.
რეგიონში, სადაც მოსახლეობა თავს აგრარული მეურნეობით ირჩენს, უწყლობას დიდი ეკონომიკური ზარალიც მოაქვს.
ზარდიაანთკარში დღეს მხოლოდ სასმელი წყლის ერთი ჭაბურღილი მუშაობს, რომელიც რამდენიმე წლის წინათ გაიჭრა. მიმდინარე წელს კი, როგორც იქნა, წყლის რეზერვუარიც დადგეს, რომელშიც წყალი ჭაბურღილიდან გროვდება,შემდეგ კი სოფელს მიეწოდება.
წყლის ხარისხი ნორმებს არ აკმაყოფილებს, თუმცა იქ, სადაც აქამდე წყალი სანატრელი ჰქონდათ, ამაზე ბევრს არ წუწუნებენ. რეზინის მილებით წყალს ყველა მოსახლე იღებს, ოღონდ გრაფიკით – ორ დღეში ერთხელ.
სარწყავი წყლის საკითხი კვლავაც მოუგვარებელია. ამის გამო, აქ ვერც ატამი მოჰყავთ, ვერც ვაშლი.
‘არ ვიცი, რა შედეგი ექნება ჩემს შრომას… აქვს კი აზრი ამდენ წვალებას და მიწასთან ჭიდილს? მაგრამ, ვფიქრობ, უცებ სარწყავი წყალი რომ გამოუშვან და მე მოხნული არ მქონდეს, ხომ არ ივარგებს?’ – ამბობს ტარიელი.
ასეთ მდგომარეობაშია ერთადერთი არხი
უშუქოდ დარჩენილ სოფელში ელექტროენერგიის ხაზები მხოლოდ 2013 წელს აღდგა.წელს კი ბუნებრივი აირი შევიდა.თუმცა, ამ სიკეთით სარგებლობა ყველას არ შეუძლია. მაგალითად, ტარიელ თაზიაშვილის სახლი იმდენად დაზიანებულია, რომ გაზის მილების გაყვანაზე უარი უთხრეს, – საშიშიაო.
საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია აქ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა. სახლების დიდი ნაწილი საომარი მოქმედებების დროს დაზიანდა.
იმის გამო, რომ ზარდიაანთკარი ოფიციალურად ქართული მხარის კონტროლქვეშ დარჩა, ამ სოფლის მაცხოვრებლებს თავის დროზე დევნილის სტატუსი არ მიენიჭათ და არც სახლების რეაბილიტაციისთვის გამოუყვეს თანხები.
თინა გაბლიშვილის დამწვარი სახლის ნაწილი
თინა გაბლიშვილი ზარდიაანთკარელია. მისი სახლი ერთსართულიანია და ორადაა გაყოფილი. ნახევარი დამწვარია, მეორე ნახევარი კი საცხოვრებლად გამოსადეგი.
2008 წელს თინა გაბლიშვილმა საკუთარი თვალით ნახა,თუ როგორ წაუკიდეს ცეცხლი მის სახლს.ის ხელით გვითითებს იმ ადგილს, სადაც მაშინ მეუღლესთან ერთად იმალებოდა.დამწვარი სახლის სანაცვლოდ კომპენსაცია არ მისცეს – უთხრეს, – სახლი სრულად არ დაიწვა და ამიტომ არ გეკუთვნითო.
თინა გაბლიშვილი
ქალბატონ თინას მეუღლე ორი წლის წინათ გარდაეცვალა,შვილი ციხეში ჰყავს. ჯანმრთელობა შეერყა, ხელები მუდმივად უკანკალებს და წამლის ფულიც არ აქვს.
იმაზე წუხს, რომ გაზაფხული დადგა, მისი ეზო კი მოუწესრიგებელია:
‘ხედავთ ამ მიწის ნაკვეთს? მარტომ როგორ დავამუშავო? ან მერე როგორ მოვრწყა? სოფელს წყალი არ აქვს. არ ვიცი, მომავალ ზამთარს რას ვიზამ, რას შევჭამ… ნახეთ, როგორი ბინძური სასმელი წყალი მოდის’, – გვეუბნება ქალბატონი თინა და წყალს უშვებს. რეზინის მილიდან ამჯერად არაფერი მოდის.
სოფელში ძირითადად ხანდაზმულები დარჩნენ. ახალგაზრდები, ზოგი გორში – საბავშვო ბაღის შენობაში ცხოვრობს, ზოგიც თბილისში ლუკმა-პურის საშოვნელად წავიდა. ზარდიაანთკარში დაბრუნებულებიდან ყველა ვერ სარგებლობს სახელმწიფო სოციალური დახმარებით. ერთადერთი შემოსავალი მათთვის პენსიაა.
სახლს, რომელიც ახლა ნანგრევებს უფრო ჰგავს, ტარიელ თაზიაშვილი მრავალ წელიწადს აშენებდა – ჯერ მამამისი, მერე თავად. როდესაც მშენებლობა დაასრულა და ახალი ცხოვრება უნდა დაეწყო, კონფლიქტიც დაიწყო.
ახლა ოცნებად ექცა,შვილიშვილებს მამა-პაპის სახლი აღუდგინოს. დახმარებისთვის
სხვადასხვა ინსტანციას მიმართა, თუმცა – უშედეგოდ.
თაზიაშვილის სახლის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატიც მუშაობს – ომბუდსმენის ოფისმა შსს–ს მიმართა მისი აღდგენის რეკომენდაციით.
‘ორი წელი პოლიციელებს ჩემს სახლში საგუშაგო ჰქონდათ გახსნილი. ომის დროს დანგრეული კიდევ უფრო გააპარტახეს. ახლა კი აღდგენაზე უარს მეუბნებიან,’ – ამბობს თაზიაშვილი.
მომავალზე ლაპარაკისას ხმაში სევდა და უიმედობა ეპარება. მისი სასიამოვნო მოგონებები მხოლოდ კომუნისტურ ეპოქას უკავშირდება – იმ დროს, როდესაც ახალგაზრდა იყო,სამუშაო ჰქონდა და კონფლიქტიც არ არსებობდა.
‘ადრე კაი დრო იყო.საზღვრები ღია გვქონდა.ახლა ყველას უჭირს,რაღაცნაირი ნაღვლიანი ცხოვრებაა.კარგი იქნება,თუ ევროპასთან ვაჭრობა დაიწყება,საზღვრები გაიხსნება.ახლა ჩაკეტილში ვართ,გასასვლელი გზა არსადაა.ევროპასთან თუ ვიქნებით,ამხელა ქვეყნებთან რომ ვიქნებით მიერთებული,რუსები ვეღარაფერს გაგვიბედავენ,თორემ ისე, რუსებისგან საფრთხე დიდია, ეგენი უნდობი ხალხია.ეს ჩვენი ოსები, აქაურები, კარგები არიან, ერთად გავიზარდეთ’.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნებულია: 31.03.2016