„საჭიროა საქართველოდან შემოსული საქონლის ლეგალიზება და გადასახადის დაკისრება“ - აცხადებენ სოხუმში
საქართველოსთან სავაჭრო ურთერთობა აფხაზეთის საზოგადოებაში ყოველთვის აქტიურად განიხილებოდა. მრავალი წელიწადია, საზღვრისპირა ზონა ფაქტობრივად უბაჟო ვაჭრობის რეჟიმით მუშაობს – საქონელი გადააქვთ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, რომლებიც ენგურის ხიდის ორივე მხარეს მოგზაურობენ.
აფხაზი ექსპერტები და დისკუსიების მონაწილეები სოციალური ქსელებში არაერთხელ გამოსულან მოწოდებით, რომ ეს სტიქიური ბაზარი დარეგულირდეს. ახლა კი აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ამ იდეას მხარი დაუჭირა პრეს-კონფერენციის დროს შეკითხვაზე პასუხის გაცემისას.
„ესა თუ ის საქონელი, რომელიც ჩვენს მხარეს გადმოაქვთ, ჩვენს ბაზარზე დემპინგის პირობებს ქმნის. პრაქტიკულად, ჩვენი პროდუქტები არაკონკურენტუნარიანი ხდება. ფასისა და თვითღირებულების მიხედვით, საქართველოდან შემოსული საქონელი უფრო იაფია, რადგან არავითარ პროცედურას არ გადის. ეს რთული ეტაპია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს, სხვა გამოსავალი არ არის – საქართველოდან შემოსული ყველანაირი საქონელი ფიქსირებული უნდა იყოს“, – თქვა ხაჯიმბამ.
პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ სამხედრო კონფლიქტის დასრულებისთანავე ტერიტორიაზე საბაჟო გადასახადები მოქმედებდა. მათზე უარის თქმა უკვე მოგვიანებით გადაწყდა.
„ჩვენთან აქ ზოგჯერ შენიღბული ურა-პატრიოტული ხმები გაისმის – ეს როგორ უნდა მოხდეს, რომ საქართველოსთან ურთიერთობა დავამყაროთ? და ცალკეული ადამიანებისთვის რატომ შეიძლება ამ ურთიერთობების დამყარება? სახელმწიფომ ამ საკითხების სწორად დარეგულირების მექანიზმი უნდა შექმნას. საუბარია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნაზე. ეს უახლოეს ხანში გაკეთდება“, – თქვა რაულ ხაჯიმბამ.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო