საქართველო: შს სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ბავშვზე ძალადობის ვიდეოზე
ფოტო: REUTERS
იუთუბსა და ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც 14 წლამდე მოზარდზე, სავარაუდოდ მისივე თანატოლები ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ვიდეოში არასრულწლოვან ბიჭს აიძულებენ, ისაუბროს მასთან დამყარებული სავარაუდო სექსუალური კავშირის შესახებ. ვიდეოში ჩანს მხოლოდ მსხვერპლის სახე. პირები, რომლებიც მსხვერპლს აბულინგებენ, არ ჩანან, თუმცა, ისმის მათი ხმები. დანაშაულში ერთზე მეტი ადამიანი მონაწილეობს და ხმების მიხედვით, ისინიც არასრულწლოვანები არიან. მსხვერპლი საუბრის დროს ტირის და იმეორებს იმას, რასაც კარნახობენ. ვიდეოში მსხვერპლის სავარაუდო სახელსა და გვარსაც ასახელებენ.
ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფეისბუკის და იუთუბის მომხმარებლები ვიდეოს “არეპორტებდნენ” და ხელისუფლებას სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ.
საქმის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმა და სხვა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმაც.
როგორც შსს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ვიდეო იუთუბზე 2017 წლის სექტემბერში აიტვირთა, თუმცა ფეისბუკზე ის 20 აპრილს გავრცელდა.
ვიდეოს შესახებ პირველი ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში კადრები ხელმისაწვდომი იყო იუთუბზეც და ფეისბუკზეც.
შსს-ში აცხადებენ, რომ ადამიანი, რომელმაც ვიდეო ატვირთა უკვე იდენტიფიცირებულია და იგი არასრულწლოვანია.
საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე და 1571 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საქმე ამ მუხლით იმიტომ აღიძრა, რომ შსს უშვებს, რომ შესაძლოა, ბავშვზე მართლაც მომხდარიყო სექსუალური ძალადობა.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ვიდეოს გავრცელებისთანავე გააკეთა განცხადება და სოციალური ქსელების მომხმარებლებს მოუწოდა ვიდეოს გავრცელებისგან თავი შეეკავებინათ. ის, რომ კადრებში ნათლად ჩანს არასრულწლოვნის სახე და შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება, ლომჯარიას შეფასებით, არღვევს ბავშვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და საფრთხეს უქმნის მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას.
ლომჯარია მიიჩნევს, რომ “სახელმწიფომ მყისიერად უნდა შეაჩეროს ვიდეოს გავრცელება, ფსიქოლოგიური და სოციალური მხარდაჭერა გაუწიოს მსხვერპლ ბავშვს და იზრუნოს ვიდეოში მონაწილე ბავშვების ძალადობრივი ქცევის კორექციაზე”.
არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტი ანა თავხელიძე JAMnews-თან განმარტავს, რომ ვიდეოდან იკვეთება რამდენიმე სისხლის სამართლებრივი დანაშაული:
• პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერის გავრცელება, რამაც ბავშვის ინტერესები დააზიანა.
• ბავშვზე ძალადობა, სავარაუდოდ, სხვა ბავშვების მხრიდან; ბულინგი.
• არასრულწლოვანთან სავარაუდო სექსუალური ხასიათის კავშირი.
“ბავშვები, რომლებიც ამ ვიდეოს იღებენ გარკვეულწილად თავადაც მსხვერპლები არიან და მათთან მუშაობაც საჭიროა”, – ამბობს იურისტი ანა თავხელიძე.
მისივე თქმით, ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც სოციალურ ქსელებში მოზარდების მონაწილეობით მსგავსი ვიდეოები და ფოტოები ვრცელდება. თავხელიძე ამბობს, რომ სახელმწიფო ასეთ დროს არის მოუმზადებელი და ძალიან პასიური.
“ეს ვიდეო ჩანაწერი რომ არ გახმაურებულიყო სახელმწიფო არანაირ რეაგირებას არ მოახდენდა და ფაქტია, რომ ეს ვიდეო თვეების განმავლობაში იდო ინტერნეტში”, – ამბობს თავხელიძე.
საქმეში უკვე ჩაერთო სოციალური მომსახურების სააგენტოც. სააგენტოში აცხადებენ, რომ ბავშვი და მისი ოჯახი იდენტიფიცირებულია და მათთან მუშაობა მიმდინარეობს. სხვა დამატებით დეტალებზე სააგენტოში ამ ეტაპზე არ საუბრობენ.