საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წყვეტს სირიასთან დიპლომატიურ კავშირს – ასე გამოეხმაურა ოფიციალური თბილისი სირიის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების ფაქტს.
29 მაისს სირიამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო რეაგირება მოახდინონ “რუსეთის მიერ მანიპულირების შედეგად მიღებულ ასადის რეჟიმის ამ უკანონო გადაწყვეტილებაზე და მიიღოს ზომები აღნიშნული ქმედებების საპასუხოდ”.
სამინისტროში არ აზუსტებენ, კონკრეტულად რა ზომებს ელის საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობისგან.
ბრიფინგზე არ თქმულა, ფლობდა თუ არა სირიის მხრიდან მოსალოდნელ აღიარებაზე ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება და რა ნაბიჯები გადაიდგა ამ ფაქტის პრევენციისთვის.
სირიის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ტვიტერზე გამოეხმაურა.
„სირიაში რუსეთის მიერ მანიპულირებადი ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის – აფხაზეთსა და ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) დამოუკიდებლობის აღიარება არის ასადის მხრიდან საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთი უხეში დარღვევა და უნდა დაიგმოს საერთაშორისო საზოგადოების მიერ“, – წერს ჯანელიძე.
• აქამდე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა გაეროს მხოლოდ ოთხმა წევრმა-სახელმწიფომ – რუსეთმა, ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ნაურუმ (წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულოვანმა ჯუჯა სახელმწიფომ, რომელშიც დაახლოებით 10 ათასი ადამიანი ცხოვრობს) აღიარა.
• აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების პროცესი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად ცნობის განკარგულებას.
• 2011 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რომელიმე გაეროს წევრმა ქვეყანამ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.