საქართველოში ხმაური დასჯადი ხდება
დღეიდან, 15 აგვისტოდან საქართველოში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ხმაურის დასაშვებ ნორმებს არეგულირებს.
გადაჭარბებული ხმაურის შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია გამოიძახოს პატრული, რომელიც სპეციალური ხელსაწყოთი გაზომავს ხმაურს. დაჯარიმდება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, რომელიც დასაშვებზე მეტ ხმაურს შექმნის.
ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” მიმდინარე წლის ივნისში შევიდა და 15 აგვისტოს ამოქმედდა.
აღნიშნული კანონის მიღებას წლებია ითხოვენ თბილისის ტურისტულ უბნებში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც კაფე-ბარებიდან დღისით და ღამით ხმაურს უჩივიან.
ახალი კანონმდებლობის მიხედვით, დღის საათებად ითვლება 08.00 -დან 23.00 საათამდე პერიოდი, ღამის საათებად კი 23.00 საათიდან 08.00 საათამდე პერიოდი.
საცხოვრებელ სახლებში დღის საათებში ხმაურის შემღწევი ოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 35 დეციბელს, ღამის საათებში კი 30 დეციბელს.
განსაკუთრებული რეგულაციები დაწესდა საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მომუშავე კაფე-ბარებისთვის. დღის საათებში ასეთ კაფე-ბარებში ხმაური არ უნდა აჭარბებდეს 50 დეციბელს, ღამის საათებში კი 40 დეციბელს.
რეგულაციებს დაექვემდებარებიან ასევე სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული დარბაზები, სავაჭრო ცენტრები და საგანმანათლებლო დაწესებულებები.
თავდაპირველად კანონის დამრღვევს გააფრთხილებენ. ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა კი – ფიზიკური პირის 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 500 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. ამავე ცვლილებებით, ღამის საათებში იკრძალება და დასჯადი ხდება პიროტექნიკის გამოყენებაც. ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენებისთვის ფიზიკური პირი 150 ლარით, იურიდიული პირი კი 500 ლარით დაჯარიმდება. მომდევნო სამართალდარღვევაზე ჯარიმა იზრდება – ფიზიკური პირს – 300 ლარით, ხოლო იურიდიული პირს – 1 000 ლარით დააჯარიმებენ.
ხმაური არ იკრძალება მხოლოდ ახალი წლის დღეებში, კერძოდ, 31 დეკემბრის 21 საათიდან 2 იანვრის 23 საათამდე და 13 იანვრის 21 საათიდან 14 იანვრის 23 საათამდე, ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (9 აპრილი და 26 მაისი) სადღესასწაულო დღეებზე.
თავდაპირველად კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი საპატრულო პოლიცია იქნება. 2018 წლის 1 აპრილიდან კი, ეს ფუნქცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადაეცემა.