საქართველოს ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებს სახელმწიფო სტრუქტურებში სტაჟირებაზე იწვევენ
საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდა წარმომადგენლები ქვეყნის სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების გავლას შეძლებენ.
ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე იუწყებიან. ამისთვის 31 მარტამდე სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-გვერდზე საჭიროა განცხადების შევსება.
კანდიდატებს შეარჩევს საგანგებო კომისია, რომელიც მათ ერთიდან ექვს თვემდე ვადით სახელმწიფო უწყებებში, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სტაჟირებაზე გააგზავნის.
„ჩვენ ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდა წარმომადგენლებს საშუალებას ვაძლევთ უნარები განავითარონ, საკუთარი ცოდნა გამოავლინონ, და რაც ყველაზე მთავარია, დასაქმებისკენ პირველი ნაბიჯები გადადგან, რათა ისინი ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ჩაერთონ და წარმატებული პროფესიული კარიერა ჰქონდეთ“, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხების სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.
სტაჟირების პროგრამაზე ხელი მიუწვდებათ მათ, ვისაც გავლილი აქვს ან გადის საგანმანათლებლო პროგრამას „1+4“, რომელიც ქართულ ენაში მომზადებას ითვალისწინებს.
საქართველოს ეროვნული უმცირესობების უმაღლესი განათლებისთვის განკუთვნილი შეღავათიანი პროგრამა „1+4“ 2010-2011 სასწავლო წლებში ამოქმედდა. პროგრამის მიხედვით, აბიტურიენტები საერთო უნარების გამოცდის მშობლიურ ენაზე (ანუ სომხურ, აზერბაიჯანულ, ოსურ ან აფხაზურ) ჩაბარების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხებიან ქართული ენის ინტენსიურ მოსამზადებელ კურსებზე, რომელიც ერთ წელიწადს გრძელდება. ამ კურსების წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი ბაკალავრიატში სწავლას გააგრძელებს.
სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეროვნული უმცირესობებისთვის განკუთვნილ პროექტს საქართველოს გაეროს ასოციაციის და საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროსთან ერთად ახორციელებს. პროექტის მთავარი მიზანია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.
• მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ბოლო შედეგების მიხედვით, 2014 წელს საქართველოს მოსახლეობის 13,2 პროცენტს ეთნიკური უმცირესობები შეადგენენ. ყველაზე მრავალრიცხოვანი უმცირესობა – აზერბაიჯანელები არიან, 233 ათასი ადამიანი – ანუ საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობის 6,3 პროცენტი. რიცხობრივად მეორე ადგილზეა სომხური სათვისტომო (168,1 ათასი ეთნიკური სომეხი, რაც მოსახლეობის 4,5 პროცენტს შეადგენს).
• ეთნიკური აზერბაიჯანელები და სომხები საქართველოში კომპაქტურად არიან დასახლებულები, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. ამ მხარეებში მოსახლეობის დიდი ნაწილი სახელმწიფო ენაზე – ქართულად არ ლაპარაკობს. ეს საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას აძნელებს, და განათლების, ინფორმაციის მიღების, მართლმსაჯულების, საარჩევნო და სხვა უფლებების განხორციელების ხელმისაწვდომობას ზღუდავს.
ფოტო: REUTERS/ დავით მძინარიშვილი