საპატრიარქომ ეკლესიების დეზინფექცია დაიწყო. ზიარების წესის შეცვლა არ განიხილება
სადეზინფექციო ხსნარი საპატრიარქოს საჩუქრად ერთ-ერთმა ბიზნესმენმა გადასცა. დეზინფექციის ამსახველ კადრებს კი ტელეკომპანია “TV პირველი” აქვეყნებს.
“კომპანიამ გამოხატა მზადყოფნა, საპატრიარქოს მითითებით, ტაძრებს, სადაც იქნება მზაობა დეზინფექციის ჩატარებისათვის, მიაწოდოს საჭირო რაოდენობის ხსნარი და ჩატარდეს დეზინფექცია, გაიწმინდოს იატაკები, სკამები, კარის სახელურები, რაც შეეხება ხატებსა და სხვა სიწმინდეებს, მათ ისედაც ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე ასუფთავებენ სპირტნარევი ვარდის წყლით”, – ამბობს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
• კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა
• საქართველო: დამსაქმებლებს მოვუწოდებთ არ დაუშვან სამსახურში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულები
• კორონავირუსი: არავითარი ხელის ჩამორთმევა, ერთმანეთს იდაყვებითა და ფეხსაცმელებით ვესალმებით. ვიდეო
• საქართველო: ტურისტები აღარ ჩამოდიან, სასტუმროები გაკოტრების პირას არიან
თუმცა, საქართველოს საპატრიარქომ არ გაიზიარა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის რეკომენდაცია ერთჯერადი კოვზებით ზიარების თაობაზე.
ამავე საკითხზე, დააავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ უწყება რელიგიურ რიტუალებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს არ გასცემს, თუმცა იძლევა ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვის შესახებ რეკომენდაციებს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ 29 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში განაცხადა, რომ საუკუნეების მანძილზე, როცა მსოფლიოში სხვადასხვა ინფექცია ვრცელდებოდა, მორწმუნეები საერთო კოვზით ზიარებას არ უშინდებოდნენ და შესაბამისად, ეკლესია ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს.
“ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის. ამ ხნის მანძილზე არაერთხელ ჰქონდა ადგილი სხვადასხვა სახის სიცოცხლისათვის საშიში ინფექციის გავრცელებას. ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს, რადგან, როგორც ყველამ ვიცით, წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს, – განმწმენდელსა და მაკურნებელს სულისა და ხორცისა,” – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა კი განაცხადა, რომ ღვინო, რომელსაც ზიარებისთვის იყენებენ, ანტისეპტიკია და მრევლს მოუწოდა, რომ კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, დილა-საღამოს სახლში ნაკურთხი წყალი ასხურონ.
1 მარტს, საკვირაო ქადაგების დროს კათალიკოს პატრიარქმა ილიამ კი თავის “ხილვაზე” ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, იყო ნიშანი, რომ ადამიანი ჯვრის ძალით გაიმარჯვებს ამ სენზე. ილია მეორეს ხილვის მიხედვით, ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადაუფრინა ჰაერში, მერე მივიდა ბავშვი, დანერწყვა მიწა, აზილა თითით და წაისვა შუბლზე.
NDI -ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო სოციოლოგიური კვლევის თანახმად, რომელიც 2020 წლის 16 იანვარს გამოქვეყნდა, საქართველოს პატრიარქს სრულად ენდობა გამოკითხულთა 66,3%, ეკლესიის რეიტინგი კი 50 პროცენტია.
საქართველოში ჩატარებული ბოლო საყოველთაო აღწერის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 83% მართლმადიდებელია.
კორონავირუსის გავრცელების რისკის თავიდან ასარიდებლად ზიარების წესი შეცვალეს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ „ნეტგაზეთთან “ საუბარში აღნიშნა, რომ ზიარების წესი, სადაც ყველა სვამდა ერთი და იმავე თასიდან, “ვირუსის გავრცელების საფრთხეების გამო სრულიად მიუღებელი იყო.“
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს COVID-19-ის ინფექცია პანდემიად გამოაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის ლაბორატორიულად დადასტურებისთანავე საჯარო თავშეყრის ადგილებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. გარდა ამისა, სწავლა შეწყდა სკოლამდელ, საშუალო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან. რეკომენდაციის არსებობის მიუხედავად, საპატრიარქო წესს არ ცვლის და მოქალაქეებს კვლავ ერთი კოვზით აზიარებს.
ამჟამად საქართველოში კორონავირუსით 24 ადამიანია დაინფიცირებული. აქედან ერთი 12 წლის ბავშვია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კარანტინის რეჟიმშია 298 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 46 პაციენტი რჩება.