სამხრეთი ოსეთის ჯარი ახლა ოფიციალურად ნაწილობრივ რუსული არმიის შემადგენლობაშია
ფოტო Reuters
სამხრეთი ოსეთის პარლამენტმა სამხრეთის ოსეთის ჯარის ცალკეული ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებში შესვლის წესების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
დეპუტატების უმრავლესობა თანახმა იყო. სამმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, ხოლო ერთი – დმიტრი ტასოევი – წინააღმდეგი გამოვიდა და განაცხადა, რომ „ამ დოკუმენტის მიზანია სამხრეთოსური შეიარაღებული ძალების დაშლა“.
შეთანხმებას 2017 წელს მოსკოვში მოეწერა ხელი და რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ დადებული ხელშეკრულების დამატებით შეთანხმებად იქცა.
თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის იბრაგიმ გასეევის თქმით, შეთანხმება შემდეგში მდგომარეობს: სამხრეთი ოსეთის მოქალაქეებს ამიერიდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კონტრაქტის მიხედვით შეეძლებათ სამხედრო სამსახურის შესახებ მოთხოვნის წარდგენა. თანხმობის მიღების შემთხვევაში კი, ისინი ცხინვალში, რუსულ სამხედრო ბაზაზე გაივლიან სამსახურს, და რუსულ კანონებს დაექვემდებარებიან.
რესპუბლიკა თავის სამხედრო ძალების რეფორმირებას იწყებს იმის გათვალისწინებით, რომ ის რამდენიმე ქვედანაყოფით შემცირდება, თქვა გასეევმა. ახალ საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურაზე გადასვლა ნახევარი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.
გასეევმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი სამხრეთი ოსეთის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხელფასების და სოციალური დახმარებების ეტაპობრივად მომატებას ვარაუდობს.
პ არლამენტში შეთანხმების რატიფიკაციის პროცედურის დროს წინააღმდეგ გამოვიდა მხოლოდ ერთი დეპუტატი – დმიტრი ტასოევი, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე.
ტასოევმა განაცხადა, რომ შეთანხმებაში გაწერილი არ არის სამხრეთოსური ჯარის ცალკეული ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებში შესვლის მკაფიო მექანიზმი.
„ჩვენს ჯარს დავკარგავთ“, – თქვა მან, როდესაც დანარჩენ დეპუტატებს მიმართავდა.
დმიტრი ტასოევი სულ ახლახან სამხრეთ ოსეთში საპარლამენტო სკანდალის გმირი გახდა, როდესაც მან პარლამენტის ახალი სპიკერის პიოტრ გასიევის არჩევის, მისი აზრით, „მიუღებელი“ ვითარების გამო, საჯაროდ გამოთქვა პროტესტი. ტასოევმა სპიკერის არჩევას უწოდა – „ხალხისთვის შეფურთხება, დანაშაულებრივი შეთანხმების ფაქტორი, …. გაყალბება და ხალხის სასტიკად მოტყუება“.
საპასუხოდ პარლამენტმა მას უნდობლობის ვოტუმი გამოუტანა.
ამჯერად სამმა დეპუტატმა – ხმის მიცემისგან თავის შეკავებით ტასოევს ირიბად დაუჭირა მხარი. სამივე „სახალხო პარტიის“ წამომადგენელია. მათ განაცხადეს, რომ შეთანხმების ზოგიერთ პუნქტს არ ეთანხმებიან, ასევე იმაზეც მიუთითეს, რომ დეპუტატებს დოკუმენტის დამუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ერთ-ერთმა მათგანმა – ამირან დიაკონოვმა მედია-პორტალ „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თავდაპირველ დოკუმენტში, რომელიც ორი წლის წინათ განიხილებოდა, ნავარაუდევი იყო, რომ რუსეთის სარდლობის ქვეშ გადადიოდა მთლიანი სამხრეთოსური ქვედანაყოფები – ანუ ისინი სამხედრო ერთეულების სახით შენარჩუნდებოდა.
მაგრამ რატიფიცირებულ შეთანხმებაში სხვა რამეზეა ლაპარაკი – რომ სამხრეთელი ოსი სამხედროები ინდივიდუალური წესით დადებენ კონტრაქტებს რუსულ თავდაცვით უწყებასთან. „ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამხრეთოსური ქვედანაყოფები იშლება“, – თქვა დიაკონოვმა.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო