საბერძნეთი და მაკედონია სახელწოდებას ვერ იყოფენ. საპროტესტო აქციები ათენში. ვიდეო
საბრძნეთის თითქმის 140 ათასი მაცხოვრებელი გამოვიდა ათენში გამართულ საპროტესტო აქციაზე, – იუწყება BBC.
მეპროტესტეები ქვეყანა მაკედონიისთვის სახელის შეცვლას ითხოვდნენ. მათ მიაჩნიათ, რომ ეს ისტორიული სახელწოდება „მაკედონია“ საბერძნეთის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონს ეკუთვნის და არ შეიძლება, რომ მეზობელი ქვეყნის სახელს ემთხვეოდეს.
ეს უკვე მეორე დიდი მიტინგია, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ტოპონიმი „მაკედონიის“ თაობაზე იმართება. იანვრის ბოლოს საბერძნეთის რეგიონის მაკედონიის დედაქალაქ სალონიკში სამასიათასიანი აქცია ჩატარდა. ეს ბოლო წლების განმავლობაში საბერძნეთში გამართული ყველაზე მასშტაბური მიტინგი იყო.
ორივე აქციაზე ყველაზე ხშირი ლოზუნგი იყო – „ხელები შორს მაკედონიისგან“ და „მაკედონია – საბერძნეთია“. ეს ლოზინგები იმას უკავშირდება, რომ ისტორიული სახელწოდება „მაკედონია“ დღევანდელი საბერძნეთის ჩრდილოეთ რეგიონს ეკუთვნის.
ამ სახელწოდების ირგვლივ კონფლიქტი ჯერ კიდევ 1991 წელს დაიწყო, როდესაც ქვეყანა მაკედონია იუგოსლავიას გამოეყო. ეს ქვეყანა ამ სახელწოდებით 120-მა სახელმწიფომ აღიარა. თუმცა, სწორედ საბერძნეთთან არსებული ეს დავა წარმოადგენს მაკედონიისთვის ევროკავშირში შესვლის დაბრკოლებას.
17 იანვარს ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა სიტუაციის დასარეგულირებლად მოლაპარაკებები დაიწყეს. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სხვადსხვა ვარიანტი არსებობს: საბერძნეთის სახელმწიფომ უკვე შესთავაზა მაკედონიისთვის სახელის შეცვლა და მისთვის „რესპუბლიკა მაკედონია-სკოპია“-ს დარქმევა, გაეროს ოფიციალურ საბუთებში კი ქვეყანას „ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია“ ეწოდება.
ბერძნულ რუკებზე მაკედონიას, ქვეყნის დედაქალაქის სახელის მიხედვით, სკოპია ეწოდება. საბერძნეთის საზოგადოება ამ საკითხთან დაკავშირებით უკომპრომისოა, და სურს, რომ მეზობელი ქვეყნის სახელწოდებაში სიტყვა „მაკედონია“ საერთოდ არ არსებობდეს.
საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირობა დადო, რომ თებერვლის ბოლოს ამ კონფლიქტის გადაწყვეტის პროექტი მზად იქნება.