რუსეთმა აზერბაიჯანს ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა
აზერბაიჯანში ატომური ელექტროსადგურის აშენება ქვეყანას რუსულმა სახელმწიფო კორპორაცია „როსატომმა“ შესთავაზა. მათი აზრით, ამ გზით აზერბაიჯანი ბუნებრივი აირის ეკონომიასა და მისი საზღვარგარეთ გატანის გაზრდას შეძლებს. ამ წინადადებაზე ჯერჯერობით ოფიციალური რეაქცია არ არის, ექსპერტები და სოციალური ქსელების მომხმარებლები დავობენ, სჭირდება თუ არა ქვეყანას ატომური ელექტრსადგური.
• ბლეკაუტი აზერბაიჯანში: რა მოხდა?
ძველი თემა
ამჟამად აზერბაიჯანი ენერგიის 90%-ს თბოელექტროსადგურებზე გაზის დაწვით იღებს. დარჩენილ 10%-ს ჰიდროელექტროსადგურები გამოიმუშავებს.
[su_pullquote align=”right”]აზერბაიჯანში რუსული ატომური ელექტროსადგურის აშენება აზერბაიჯანს რუსეთზე დამოკიდებულს ხდის[/su_pullquote]
აზერბაიჯანში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ ჯერ კიდევ სსრკ-ს დროს ლაპარაკობდნენ. მისთვის ბაქოს მახლობლად ადგილიც კი შეარჩიეს და საფუძველი ჩაყარეს. მას შემდეგ კი, რაც 1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარია მოხდა, ამ გეგმებზე უარი თქვეს.
და აი, ახლა რუსეთი აზერბაიჯანს სთავაზობს, რომ ატომურ ელექტროსადგურზე ისევ დაფიქრდეს, და თან შეახსენებს, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება 2018 წლის განმავლობაში 14% გაიზარდა.
აზერბაიჯანს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი დაუჯდება, – გამოიანგარიშა რუსეთის ატომური ენერგეტიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ბულატ ნიგმატულინმა. ეს უზარმაზარი თანხაა, მაგრამ ნიგმატულინის თქმით, მისი სესხება ისევ რუსეთისგანვე შეიძლება:
„რუსეთს ამ მიზნებისთვის 3-4-წლიანი სესხის გამოყოფა შეუძლია, და თქვენ მშვიდად, საკუთარი ენერგომატარებლების ხარჯზე შეძლებთ მის დაფარვას. ხოლო სადგურის აღჭურვილობის მთელი ხარჯი უკვე 10-12 წელიწადის შემდეგ დაიფარება“.
ატომური ელექტროსადგურების პლუსები და მინუსები
თბოლექტროსადგურთან შედარებით, ატომური ელექტროსადგურის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის საერთოდ არ არის დამოკიდებული საწვავის წყაროზე (ნავთობი, ბუნებრივი აირი, ნახშირი). ამიტომ, ატომური ელექტროსადგურები იმ ქვეყნების ელექტროობით მომარაგების უზრუნველყოფისთვის არის ხელსაყრელი, სადაც საწვავი არასაკმარისი ან ძალიან ძვირია.
ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც მდინარეებში წყლის დონესა და ბუნების სხვა ჭირვეულობებზეა დამოკიდებული, ატომურ ელექტროსადგურებსა და თბოელექტროსადგურებს კონკურენციას ვერ უწევს.
ასევე მიიჩნევა, რომ ატომური ელექტროსადგური ყველაზე ნაკლებად აბინძურებს ბუნებას.
ატომური ელექტროსადგურების მთავარი ნაკლი ისაა, რომ ეს სადგურები ძალიან საშიშია. თვალსაჩინო მაგალითებია – ჩერნობილსა და ფუკუსიმაში მომხდარი აფეთქებები. ბევრს ატომურ ელექტროსადგურების რენტაბელობაც აეჭვებს.
ექსპერტების კომენტარები: ძვირი და საშიში
ნავთობისა და გაზის ენერგეტისკის სფეროს ექსპერტი ილჰამ შაბანი დარწმუნებულია, რომ უახლოეს 40 წლის განმავლობაში აზერბაიჯანს ატომური ელექტროსადგური არ სჭირდება, და საერთოდ, ეს ზედმეტად ძვირია:
„ისიც ხომ გასათვალისწინებელია, რომ პერსონალის გადამზადებას, სულ ცოტა, კიდევ შვიდი წელიწადი დასჭირდება. რა საჭიროა ეს? იმისთვის, რომ იმ ქვეყნებს შორის მოხვდე, რომლებიც ატომურ ენერგეტიკას იყენებენ?“.
მსოფლიოში ახლა 31 ასეთი ქვეყანაა. იტალიამ ეს სია ჯერ კიდევ 1991 წელს დატოვა, რადგან ჩერნობილში მომხდარი ტრაგედიის შეეშინდათ. ბელგია, გერმანია, ესპანეთი და ზოგიერთი სხვა ქვეყანა მომავალში ასევე აპირებენ ბირთვულ ენერგიაზე უარის თქმას.
ბევრი ადგილობრივი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ეს ატომური ელექტროსადგური – რუსეთის მიერ მოგონილი მორიგი მიზეზია, რათა აზერბაიჯანის მეშვეობით ფული იშოვოს და ეს ქვეყანა მასზე დამოკიდებული იყოს.
JAMnews-ის პოლიტიკური მიმომხილველი შაჰინ რზაევი:
„როგორც ჩანს, პუტინს ისევ ფული სჭირდება. რუსეთი აზერბაიჯანში აშკარად მომატებულ ფასად წამდაუწუმ ჰყიდის სამხედრო ტექნიკას. თანაც, წინასწარვე ყველა დარწმუნებულია, რომ ჩვენ ამ ტექნიკით არ ვისარგებლებთ. მაგრამ იძულებულები ვართ შევიძინოთ, რადგან ეს ისეთი წინადადებაა, რომელზე უარის თქმა შეუძლებელია.
აზერბაიჯანში ატომური ელექტროსადგურის ჩვენივე გადასახადების გადამხდელების ხარჯზე აშენებაც იმავე სერიიდანაა. სხვა ყველაფრის გარდა, აზერბაიჯანში რუსული ატომური ელექტროსადგურის აშენება აზერბაიჯანს რუსეთზე დამოკიდებულს ხდის.
ჩვენ ამ სადგურის მომსახურების უზრუნველსაყოფად საკმარისი რაოდენობის სპეციალისტები არ გვყავს, არ გვაქვს ურანისა და სხვა ბირთვული საწვავის მარაგები, ისევე როგორც მისი გამდიდრების ტექნოლოგია. ამ ყველაფრის რუსეთისთვის გამორთმევა მოგვიწევს, რათა ოდესმე გაურკვეველ მომავალში მშენებლობის ხარჯები გამოვისყიდოთ.
გარდა ამისა, ატომური ელექტროსადგურის დედაქალაქის მახლობლად არსებობა ქვეყანას, სამხედრო თვალსაზრისით, ძალიან მოწყვლადს ხდის. მოგვიწევს ისევ რუსულივე წარმოების ახალი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენა, რათა დედაქალაქი შესაძლო დარტყმებისგან დავიცვათ. საერთოდ, აზერბაიჯანი ამ წინადადებას არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეს. თუკი დამატებითი ელექტროენერგია დაგვჭირდება, მის ყიდვას იმავე რუსეთისგან ან ირანისგან შევძლებთ“.
ხოლო კონფლიქტოლოგი ავაზ გასანოვი მიიჩნევს, რომ არ შეიძლება მხოლოდ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე იყო დამოკიდებული, და აზერბაიჯანს ატომური ელექტროსადგურის არსებობა არ აწყენდა.