რუსეთში ხელისუფლების შეურაცხყოფა დასჯადი გახდება
პირველ აპრილს რუსეთში ძალაში შევა ორი ახალი კანონი, რომელიც დასჯის „საეჭვო“ ინფორმაციის გავრცელებასა და სახელისუფლებო ორგანოების „აშკარა“ უპატივცემულობას.
„საეჭვო“ ინფორმაცია
ახლა, რუსმა პროკურორებმა მიიღეს უფლება, სასამართლოს ნებართვის გარეშე დაბლოკონ ნებისმიერი ინტერნეტწყარო, რომელიც, მათი აზრით, საზოგადოებისთვის ზიანის შემცველ ინფორმაციას ავრცელებს. მაგალითად, პანიკის ან მასობრივი არეულობის გამომწვევს.
სასჯელი – ჯარიმა 50-დან 500 ევრომდე (განმეორებითი დარღვევისათვის).
ამავე დროს, სახელისუფლებო მედია ახალი კანონის ზემოქმედების ქვეშ არ ხვდება.
სახელისუფლებო ორგანოების „აშკარა“ უპატივცემულობა
ინტერნეტში ისეთი მასალის გამოქვეყნებისთვის, „რომელიც უხამსი ფორმით აშკარა უპატივცემულობას გამოხატავს საზოგადოებისადმი, ხელისუფლებისადმი, ოფიციალური სიმბოლიკისადმი, კონსტიტუციისა და სახელისუფლებო ორგანოებისადმი“, ინტერნეტწყაროები ასევე დაიბლოკება.
რა არის ეს „უხამსი ფორმა“ და „აშკარა უპატივცემულობა“, როგორც „საეჭვო ინფორმაციას“, სასამართლოს მონაწილეობის გარეშე გადაწყვეტს პროკურორი. კანონდამრღვევებს ემუქრებათ ჯარიმა 15 ევროს ოდენობით ან 15-დღიანი პატიმრობა.
ავტორობა
ორივე კანონის ავტორი გახლავთ რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის დეპუტატი ანდრეი კლიშასი. წარსულში – ჩინოვნიკი, რომელიც პასუხისმგებელი იყო უმსხვილესი რუსული მეტალურგიული კომბინატის „ნორნიკელის“ პრივატიზაციაზე და შემდეგ, ამავე საწარმოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.
ცოტა ხნის წინ, კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა გაავრცელა ინფორმაცია ანდრეი კლიშასის ქონების შესახებ – ურიცხვი მიწის ნაკვეთი, სახლები, საათების კოლექცია, რომლის ფასიც მილიონ ევროზე მეტია. ამტკიცებდნენ, რომ მისი უძრავი ქონების დიდი ნაწილი დეკლარირებული არ იყო და ამის გამო გადასახადებს არ იხდიდა.
შეფასებები
ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს ექსპერტებმა და სოციალური ქსელების მომხმარებლებმა.
მარია სნეგოვაია, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის თანამშრომელი:
„ახალი კანონი პროკურატურას არაჩვეულებრივად ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს და გვერდით სწევს ისედაც არათავისუფალ რუსულ სასამართლოს“.
სოციალური ქსელის რუსულენოვან სეგმენტში გავრცელებული ყველაზე ხშირად განმეორებადი ხუმრობის ტექსტი:
„ლანძღავ ხელისუფლებას – ჩაჯდები უპატივცემულობისთვის. აქებ – საეჭვო ინფორმაციის გავრცელებისთვის“.