რისთვის მიუსაჯეს აზერბაიჯანელ ვიდეობლოგერს ორწლიანი პატიმრობა?
ცნობილ აზერბაიჯანელ ვიდეობლოგერს, მეჰმან ჰუსეინოვს ცილისწამებაში დასდეს ბრალი და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
სააგენტო „თურანის“ უფროსმა, მეჰმან ალიევმა განაცხადა, რომ მეჰმან ჰუსეინოვის დაპატიმრება და მისთვის გამოტანილი განაჩენი, სავარაუდოდ, მის უკანასკნელ ვიდეორგოლს უკავშირდება. აღნიშნულ ვიდეოში მეჰმან ჰუსეინოვი სახალხო გამოკითხვას აწარმოებდა და რესპოდენტებს მიმართავდა შეკითხვით: „მაღალი თანამდებობა რომ გქონდეთ, დანიშნავდით თუ არა თქვენს ცოლს მოადგილედ?“ იგულისხმება ილჰამ ალიევის მეუღლის ვიცეპრეზიდენტის პოსტზე დანიშვნის ფაქტი. ამ საკითხს კი აზერბაიჯანში „არაოფიციალური ტაბუ“ ადევს.
მეჰმან ჰუსეინოვმა პოპულარობა ექვსი წლის წინ მოიპოვა, როდესაც მამხილებელი და, ზოგიერთ შემთხვევაში, პროვოკაციული ვიდეორგოლების კეთება დაიწყო. ერთ-ერთი პირველი ვიდეორგოლი ბაქოს ცენტრში, კინოთეატრ ნიზამის მახლობლად არის გადაღებული. იმ ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლები იმალებოდნენ და საკბილოს ელოდებოდნენ იმ ქვეითების სახით, რომლებიც გზის სავალ ნაწილს კვეთდნენ და მიწისქვეშა გადასასვლელით არ სარგებლობდნენ. მეჰმანი გამვლელებთან მიდიოდა და სთხოვდა, არ დაერღვიათ კანონი. რამდენიმე წუთში მას პოლიციელები მიუახლოვდნენ და გააგდეს. სამართალდამცავებმა არ იცოდნენ, რომ ინციდენტს კამერა აფიქსირებდა.
ამავდროულად ჰუსეინოვი მოღვაწეობდა უფლებადამცველ ორგანიზაციაში, რომელსაც „რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტი“ ერქვა. ამჟამად ზემოაღნიშნული ორგანიზაცია აღარ ფუნქციონირებს. 2014 წლის ზაფხულში, როდესაც პოლიტიკური დაპატიმრებების ტალღამ პიკს მიაღწია, „რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტში“ ჩხრეკა ჩატარდა. ძალოვანებმა აღჭურვილობის კონფისკაცია მოახდინეს და ოფისი დალუქეს. მეჰმანს მანამდეც აკავებდნენ ხოლმე. ორი წლის წინ კი მას პირადობის მოწმობა წაართვეს.
აღსანიშნავია, რომ მეჰმან ჰუსეინოვი ცნობილი უფლებადამცველის, ემინ ჰუსეინოვის ძმაა. ამჟამად ემინი ემიგრაციაში იმყოფება და საზღვარგარეთიდან მწვავედ აკრიტიკებს ხელისუფლებას.
9 იანვარს, მორიგი დაპატიმრების დროს მას სცემეს. იგი დაამცირეს და ამ ყველაფერს ტელეფონით იღებდნენ. მომდევნო დღეს სასამართლოში გადაიყვანეს და, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ჯარიმა დააკისრეს. „პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა“ აზერბაიჯანისათვის ტრადიციულ ფორმულირებას წარმოადგენს.
როდესაც მეჰმანმა წამებაზე დაიწყო საუბარი და კონკრეტული ადამიანები ახსენა, ნასიმის რაიონის პოლიციის უფროსმა, მუსა მუსაევმა ბლოგერს სასამართლოში უჩივლა და ცილისწამებაში დასდო ბრალი. 3 მარტს კი მეჰმანს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და პირდაპირ სასამართლოს დარბაზში დააპატიმრეს.
ადვოკატი ელჩინ სადიღოვი ამბობს, რომ ასეთი ხანმოკლე სასამართლო პროცესი არასდროს უნახავს. მრავალჯერ დაირღვა საპროცესო ნორმები. სასამართლომ უარი თქვა იმ მოწმეების გამოძახებაზე, რომლებიც დაპატიმრებას ესწრებოდნენ. მოსამართლემ არ განიხილა გენპროკურატურის უარი წამების ფაქტების გამოძიების მოთხოვნაზე და არ გაითვალისწინა ექსპერტიზის შედეგები, რომელთა მიხედვითაც განსასჯელის სხეულზე დაზიანების ნიშნები დაფიქსირდა. მაგრამ პოლიციიდან გამოძახებულმა მოწმეებმა განაცხადეს, რომ მეჰმანი „თვითონ დაეცა“
ადვოკატი ელჩინ სადიღოვი აცხადებს: «სასამართლო პროცესი 12 საათზე დაიწყო და 1,5 საათში დასრულდა. პროცესზე მხოლოდ ბრალდების მხარე გამოვიდა, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ გამოიტანეს განაჩენი. ჩვენი ყველა საჩივარი უარყოფილ იქნა და არც დაცვის მხარეს მომზადების საშუალება არ მისცეს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ სწრაფ განაჩენს არ ველოდებოდით, მეჰმანს მამაცურად ეჭირა თავი».
სოციალურ ქსელებში, სადაც მეჰმანის აუდიტორიის ძირითადი ნაწილი „ბინადრობს“, მისი დაპატიმრებას აღშფოთებით შეხვდნენ. ათობით მომხმარებელმა პროფაილის სურათი მეჰმანის გამოსახულებით შეიცვალა. არსანიშნავია, რომ სხვაგვარი რეაქციებიც დაფიქსირდა. „ბევრ ადამიანს დასწამა ცილი. ოდნავაც არ მეცოდება. მეტის ღირსია“, – წერს ვინმე ლიამან ასკეროვა.
რეპრესირებული ბლოგერებისა და ჟურნალისტების გმობა აზერბაიჯანული სოციალური ქსელების „კეთილი ტრადიციაა“. ამასთან, ასეთ შემთხვევებში, მგმობელებს სხვადასხვანაირი არგუმენტები აქვთ – ზოგიერთ შემთხვევაში პროკურორის მოსაზრებას იზიარებენ, ზოგჯერ კი უფრო „დახვეწილ“ პოზიციას ირჩევენ და აღნიშნავენ, რომ რეპრესირებულ აქტივისტს „პოლიტიკური თავშესაფრის მიღება სურს“. მეჰმანის შემთხვევაში კი უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულ წრეებში მას „ხელისუფლების ჯიბის ოპოზიციონერს“ უწოდებდნენ და სწორედ ამ „სტატუსით“ ხსნიდნენ იმას, რომ იგი დღემდე არ ყოფილა დაპატიმრებული (მისი პროვოკაციების მიუხედავად).
დაპატიმრებიდან ერთი დღის შემდეგ პარტია „სამოქალაქო სოლიდარობის“ შტაბბინაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკური გაერთიანებების წევრები, უფლებადამცველები და ჟურნალისტები შეიკრიბნენ. სულ დაახლოებით 90 ადამიანი. კრებაზე სამომავლო გეგმები და ბლოგერისათვის დახმარების აღმოჩენის გზები განიხილეს.
«ყველამ ვიცოდით, რომ მეჰმანი, ადრე თუ გვიან, ციხეში აღმოჩნდებოდა, – ამბობს ცნობილი ჟურნალისტ-გამომძიებელი და ყოფილი პოლიტპატიმარი, ხადიჯა ისმაილი, – დღეს ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ხელისუფლების სტრატეგია არაეფექტურია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეჰმანის პატიმრობის პერიოდში მისი ადგილი სხვა ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა უნდა დაიკავონ. ეს საუკეთესო საშუალება იქნება მისი და სხვა პოლიტპატიმრების დასაცავად».
მეჰმან ჰუსეინოვი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული (შესაძლოა, ყველაზე პოპულარული) ბლოგერია ქვეყანაში. მას „ფეისბუკში“ 104 ათასი „ხელმომწერი“ ჰყავს. ჰუუსეინოვი თავის ვიდეორგოლებს აქვეყნებს გვერდზე, რომელსაც Sancaq („ქინძისთავი“) ჰქვია. „აქვეყნებს“, იმიტომ რომეს გვერდი მისი დაპატიმრების შემდეგაც გააგრძელებს მუშაობას. საკითხავი მხოლოდ ისაა, შეძლებენ თუ არა მისი მიმდევრები არანაკლებ პოპულარული „ვიდეომხილებების“ მომზადებას.