რა ღირს ბავშვის სიცოცხლე
თითქმის ერთი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც სალიანში (ქალაქში, რომელიც ბაქოდან 130 კილომეტრში მდებარეობს) ორი ახალშობილი გარდაიცვალა. გასული წლის 20 ივნისს ქალაქ სალიანის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მირზაბითა აბდულაევამ სამი ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა. სამივე ბავშვი ბაროკამერებში მოათავსეს (რაც ორი ან სამი ბავშვის ერთდროულად დაბადების შემთხვევაში ჩვეულებრივ პრაქტიკას წარმოადგენს – როგორც წესი, ისინი სხვა ახალშობილებზე ნაკლებს იწონიან).
ღამით სამიდან ორი ბავშვი გარდაიცვალა. სალიანის რაიონის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საგამოძიებო ორგანოები ვერსიებს ამუშავებენ. ერთ-ერთი ვერსიით ბავშვების გარდაცვალება ბრალოდ „დენის წასვლამ“ გამოიწვია.
ვებგვერდ baku.ws-ზე გამოქვეყნებულ შენიშვნაში აღნიშნული იყო, რომ ტრაგედიის მომენტში საავადმყოფოს ჰქონდა დამატებითი გენერატორი, რომელიც არ მუშაობდა.
ტრაგედიამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. აღნიშნული მოვლენა პრესითა და ტელევიზიით შუქდებოდა და სოციალურ ქსელებში განიხილებოდა. თუმცა, ერთი თვის შემდეგ ძიების შედეგები აღარავის აინტერესებდა.
თუმცა, მეან-გინეკოლოგებთან დაკავშირებული სკანდალები აზერბაიჯანში მანამდეც მომხდარა.
აღშფოთდნენ და დაივიწყეს.
მაგალითად, გავიხსენოთ შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ გარეუბანში ახალგაზრდა ქალმა პირდაპირ ტროტუარზე გააჩინა შვილი იმიტომ, რომ პოლიკლინიკის თანამშრომლებმა დახმარებაზე უარი უთხრეს და საავადმყოფოში გაგზავნეს. ბუნებრივია, რომ ქალი საავადმყოფომდე ვერ მივიდა. იმ მომენტისთვის, როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდა, ბავშვი უკვე მკვდარი იყო.
ამ ისტორიას აქტიურად გამოეხმაურნენ სოციალური ქსელების მომხმარებლები. მედმუშაკების დასჯის უამრავი ვარიანტი „გაჟღერდა“. ხალხი ამბობდა, რომ გინეკოლოგის კაბინეტი ყველა პოლიკლინიკაშია და საერთოდ ექიმებს ჰიპოკრატეს ფიცი აქვთ დადებული და ვალდებულნი იყვნენ დახმარებოდნენ იმას, ვისაც სამედიცინო მომსახურება სჭირდებოდა. მაგრამ პასუხისგებისთვის სოციალური ქსელების „პოსტები“ საკმარისი არაა – თავად დაზარალებულების ტიტანური ძალისხმევაა საჭირო. ამიტომ ყველაფერი ჩაიფარცხა – ილაპარაკეს და დაივიწყეს.
თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ სხვა ვერსიაც გაჩნდა. სასწრაფო დახმარების მთავარი ექიმის, რაუფ ნაგიევის კომენტარის მიხედვით, მშობიარე ქალი ბოშა იყო. მან სასწრაფო დახმარების მანქანაში ჯანმრთელი ბავშვი დაბადა და ამის შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სტატისტიკური მონაცემები
ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მშობიარე დედების სიკვდილის შემთხვევების 99% განვითარებად ქვეყნებში ხდება, მსოფლიოში კი ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული მიზეზებით ყოველდღიურად 830 ქალი იღუპება, რომელთა გადარჩენაც შესაძლებელია. მთლიანობაში 1990 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში დედების სიკვდილიანობის მაჩვენებელი მსოფლიო მასშტაბით 44%-ით შემცირდა. რაც შეეხება ბავშთა სიკვდილიანობას, ამ მაჩვენებლის განსასაზღვრად სპეციალურ კოეფიციენტი არსებობს, რომელიც ერთი წლის მანზილზე გარდაცვლილი ახალშობილების რაოდენობის შეფარდებას წარმოადგენს იმავე პერიოდში დაბადებულ ყოველ ათას ახალშობილთან. გაეროს მონაცემებით, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის საშუალო კოეფიციენტი 50-ის ტოლია.
როგორც ექიმი გინეკოლოგი ლალა იმანოვა ამბობს არსებობს შვილებისა და დედების სიკვდილიანობის კოეფიციენტი, რომელიც, ასე თუ ისე, გასაგებია. „უბრალოდ ეს ფაქტები არ ხმაურდება, თუმცა, სამწხაროდ ეს ერთგვარად ბუნებრივი პროცესია.
საერთოდ ბავშვთა სიკვდილიანობა ერთ-ერთია იმ „უარყოფით მაჩვენებელთაგან“, რომელიც აზერბაიჯანულ სტატისტიკას არ უყვარს. ასეთი სიკვდილიანობის ანალიზი უმადური საქმეა, იმიტომ რომ ასეთი შემთხვევების დროს ტრაგედიის მიზეზს იშვიათად ადგენენ ხოლმე.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ერთ-ერთ ყველაზე “დახურული” ორგანიზაციაა სამთავრობო უწყებებს შორის. სამინისტროს პრესსამსახური საზოგადოებას პრესრელიზებსა და ოფიციალრ განცხადებებს ისეთ თემებთან დაკავშირებით აწვდის, როგორიცაა, მაგალითად, რომელიმე ვირუსის გავრცელება, ან მიმოქცევიდან რამდენიმე ასეული მედიკამენტის ამოღება. ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულია ცხელი ხაზის ნომერი, რომლითაც შეგიძლიათ პრეტენზია გამოთქვათ და რომელიც “დღედაღამ მოქალაქეთა სამსახურშია“. თუმცა, ის, თუ რამდენმა ადამიანმა მიმართა სამინისტროს და რა საკითხებთან დაკავშირებით გამოთქვეს პრეტენზიები მოქალაქეებმა, ჯერჯერობით სამინისტროს შიდა საქმედ რჩება, იმიტომ რომ პრესრელიზებში ამ საკითხთან დაკავშირებით მონაცემები არ არის.
ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, 2014 წელს ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი აზერბაიჯანში 26,67-ით განისაზღვრა. აზერბაიჯანი აღნიშნული მონაცემების შესაბამის სიაში სურინამსა (რომლის ინდექსიც 26,55-ს შეადგენს) და ზიმბაბვეს (ამ ქვეყნის ინდექსი 27,07-ს უდრის) შორის აღმოჩნდა. შედარებისთვის, უკრაინაში ეს მაჩვენებელი 8,10-ს შეადგენს, პოლონეთში კი – 6,19-ს.
უფასო და ფასიანი მედიცინა
პოსტსაბჭოთა სივრცის ბევრ ქვეყანაში ნებისმიერი სახელმწიფო სამშობიარო სახლი არასასიამოვნო დაწესებულებას წარმოადგენს. ცუდი პირობები, პერსონალის უხეშობა, გაუთავებელი ხარჯები (იგულისხმება არა მომსახურების საფასური, არამედ „ქრთამი, რომელიც პერსონალს ხალათის ჯიბეში უნდა ჩაუდო“).
ისინი, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, უპირატესობას კერძო კლინიკებს ანიჭებენ, რომელთა რიცხვიც არც ისე მცირეა. ასეთი მშობიარობის ფასი 700-დან 1600 მანათამდე ($460-$1050) მერყეობს. ამ ფასში შედის ყველაფერი – საკუთრივ მშობიარობა, ანესთეზია, მშობიარობისშემდგომი მოვლა იზოლირებული სანიტარული კვანძის მქონე სუფთა, მოსახერხებელ პალატაში, კვება და ბავშვის პირველი აცრები.
სახელმწიფო სამშობიაროებში კი 500-800 მანათის გადახდაა საჭირო. საუკეთესო შემთხვევებში, სანიმუშო სახელმწიფო სამშობიაროებში ყველაფერი ამით შემოიფარგლება, მაგრამ ჩვეულებრივ, ამ თანხმას ემატება სხვადასხვა ანალიზის ღირებულება და მედდებისათვის მისაცემი პატარა „ქრთამები“ – იმისათვის, რათა ბავშვი შეახვიონ, ან, მაგალითად, ტრადიციული „მადლობა“, რომელსაც გაწერისას იხდი. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ მშობიარობის ფასები კერძო კლინიკის მომსახურების ფასს უტოლდება.
სახელმწიფო საავადმყოფო ხშირად რისკთან და ექსტრიმთანაა დაკავშირებული. აი, რას ყვება ახალგაზრდა დედა:
“2012 წელს საკეისრო კვეთით გავაჩინე ბავში. მეორე დღეს იქიდან [საავადმყოფოდან] გამოვიქეცი. მითხრეს, რომ ექიმს სძინავს და როდესაც გაიღვიძებს, მაშინ მოვა და დამხედავს. ზურგში სამჯერ გამიკეთეს ნემსი [ ანესთეზია] ისე, რომ დღემდე ვიტანჯები. ნემსების შემდეგ საშინელი კანკალი ამივარდა, რომელიც ღამის პირველი საათიდან დილის ხუთ საათამდე გაგრძელდა. ბავშვის კიუვეტი არ აღმოაჩნდათ, რის გამოც გვერდითა საწოლზე დააწვინეს და ისე შეფუთნეს, რომ კინაღამ დაახრჩვეს. მე კი ჟრჟოლისგან ლაპარაკი აღარ შემეძლო – ძლივს გავაგებინე მედდას, რის თქმასაც ვაპირებდი».
ამის შემდეგ ამ ამბის გმირს გაუმართლა – პალატაში მასთან ერთად გამოცდილი დედებიც იწვნენ, რომლებმაც ბავშვის მოვლაში დახმარება აღმოუჩინეს. წყლის მოსატანად საერთო დერეფნის ერთ მხარეს უნდა წასულიყავი, საჭმლის გასაცხელებლად – მეორეში. გადაწყვეტილი ჰქონდა, ფული დაეზოგა და ამიტომ მიმართა სახელმწიფო საავადმყოფოს, მაგრამ გამოვიდა, რომ მხოლოდ 200 მანათი მოიგო, იმიტომ რომ ათობით მანათის ქრთამს აძლევდა ნევროპათოლოგს, პედიატრს, მედდებს და „სპეციალურ ქალსაც“ კი, რომელმაც გაწერის წინ ბავშვს ტანსაცმელი ჩააცვა – რისი გაკეთების უფლებაც დედას არ მისცეს.
არც სახიფათო სიტუაციების შესახებ მოყოლილი ამბებია იშვიათი. ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ როდესაც შეტევითი ტკივილები დაეწყო, პერსონალმა საწოლზე მიაბა – ისე, როგორც ფსიქიატრიულში. მოგვიანებით მშობიარობასთან დაკავშირებული პრობლემები წარმოიშვა და ექიმმა თქვა, 15 წუთის განმავლობაში საკეისრო კვეთა თუ არ ჩატარდება, ბავშვი დაიღუპებაო.
„მაგრამ მთავარი ექიმი ამის უფლებას არ იძლეოდა და საკუთარ პოზიციას იმით ხსნიდა, რომ მის საავადმყოფოს საკეისრო კვეთის ჩატარების უფლება არ ჰქონდა.მეუღლე დიდხანს ეჩხუბებოდა მთავარ ექიმს, რომელმაც უარი თქვა, დაერღვია „კანონი“. საბოლოოდ ყველაფერი მოგვარდა და ნებართვა მივიღეთ“.
ქალები ყოველთვის დიდი ხალისით ყვებიან მსგავს ისტორიებს, მაგრამ ყოველთვის უარს ამბობენ საავადმყოფოებისა და საკუთარი სახელების გასაჯაროებაზე ყოველთვის უარს ამბობენ. ან სკანდალს ერიდებიან, ან უბრალოდ არ გამორიცხავენ იმას, მეორე, ან მესამე ორსულობის შემთხვევაშიც მოუწევთ იმავე დაწესებულებაში მისვლა. ზოგჯერ ამბის დაფარვა ნათესავების მხრიდან გაკიცხვის შიშითაც არის ხოლმე გამოწვეული – აღმოსავლელ ქალს მშობიარობაზე საუბარი არ შეშვენის, იმიტომ რომ ამ საკითხის განხილვა სირცხვილად ითვლება.
ამ მონათხრობში საავადმყოფო მაინცაა ნახსენები. „2000 წელს კრუპსკაიას სახელობის საავადმყოფოში ვიმშობიარე. მასეთი მდაბალი ადამიანები ცხოვრებაში არ შემხვედრია. მთელი სამედიცინო პერსონალი მოვლილი, კარგად ჩაცმული, ოქროსა და ბრილიანტში „ჩასმული“ ქალებისგან შედგებოდა და, ამავდროულად, ყველა მათგანი ნამდვილი მათხოვარი იყო. დილით სასაუზმოდ მოდიოდნენ და ერთ პაციენტს პურს სთხოვდნენ, მეორეს – ყველს, მესამეს კი – კარაქს. ასე საუზმობდნენ. ამის შემდეგ პაციენტებს დაუვლიდნენ და ტუმბოებს უმოწმებდნენ. „ტოლმა მოგიტანეს? შენთვის ტოლმა არ შეიძლება. მე ავიღებ“, „მანდარინი არ შეიძლება. მე წავიღებ“. ზამთარში ვიმშობიარე. ციოდა. ცხელი წყალი არ იყო. დასაბანი თბილი წყლის ერთ ქილას 3 მანათად ყიდდნენ“.
სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სახელმწიფო სამშობიარო სახლში მსგავსი სიტუაცია არ არის. არსებობს რამდენიმე „სანიმუშო“ დაწესებულება, სადაც „დასავლური სტანდარტებით“ მუშაობენ და მომსახურების ხარისხი პრაქტიკულად არ ჩამოუვარდება სერვისის იმ დონეს, რომელიც კერძო კლინიკებში არსებობს.
ბარიკადის მეორე მხარეს
საბინა ახმედოვა (სახელი შეცვლილია – ავტ.) 14 წლის მანძილზე სამშობიარო სახლის მთავარ მედდად მუშაობდა და ჩვენთან ამ დაწესებულებების „შიდა სამზარეულოზე“ ისაუბრა.
იგი 2000-2014 წლებში ერთ-ერთ სახელმწიფო სამშობიაროში მუშაობდა.
«სამშობიარო სახლის პოლიტიკა მხოლოდ და მხოლოდ მთავარ ექიმზეა დამოკიდებული, – აღნიშნა საბინამ. -ჩვენთან თავიდან მთავარი ექიმის ადგილს მთელ ქალაქში ცნობილი მედიკოსი იკავებდა. მისი „მმართველობის“ დროს ერთადერთ ორიენტირად ფულის შოვნა მიიჩნეოდა. გროვდებოდა ე.წ. „საავადმყოფოს ფონდის ფული“.
თეორიულად ეს ფული საავადმყოფოს ხარჯების დასაფარად იყო განკუთვნილი, რაც ინვენტარის შეძენას, მედიკამენტების ყიდვას და სხვა საჭიროებების დაკმაყოფილებას გულისხმობს. მაგრამ არაფერს ყიდულობდნენ. „ფონდის ფული“ პაციენტებისგან გროვდებოდა ქრთამის სახით და აკუმულირებული თანხის გარკვეული პროცენტი „შემგროვებელს“ხვდებოდა. ამ მოვალეობას ხან მედდა ასრულებდა, ხან სანიტარი, და ხანაც – ექიმი. თანხის დანარჩენი ნაწილი „ზევით“ მიდიოდა“.
«ყოველდღე უზარმაზარი ჩანთით მივდიოდი სამსახურში, – ამბობს საბინა, – თან ბინტები, შპრიცები და პლასტირი მიმქონდა. ეს ყველაფერი სამშობიარო სახლებს სახელმწიფოსგან ერგებათ, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, სად მიდიოდა მთელი ეს ინვენტარი და სახარჯი მასალა. ალბათ, მთავარი ექიმი და სამეურნეო ნაწილის უფროსი ამ ყველაფერს მაღაზიებში აბარებდნენ».
.სამშობიაროს მედდის ხელფასი 120 მანათია ($80). უფროსი მედდა 160 მანათს იღებდა. მაგრამ ეს სრული განაკვეთის შემთხვევაში. სრული განაკვეთი არავის ჰქონდა. ბევრი 50-60 მანათს იღებდა. ამ თანხიდან აუცილებელი ხარჯების გაწევა იყო საჭირო: „მეტრობით ვყიდულობდით ქსოვილს იმისთვის, რათა ხალათები შეგვეკერა“. ასე უფრო მცირე თანხის გადახდა უწევდათ. მზა ხალათების შეძენა უფრო ძვირი ჯდებოდა
ვერც კი წარმოიდგენთ, რა დამამცირებელია პაციენტისათვის ფულის თხოვნა და ლოდინი, როდესაც ის ჯიბეშეებს იჩხრეკს იმისათვის, რათა კაპიკები გადაგიხადოს. ექიმები გვეუბნებოდნენ, რომ ფული უხმაუროდ აგვეღო – სხვა შემთხვევაში პრობლემები შეგვექმნებოდა».
მოგვიანებით «მეექვსე სამშობიაროდან ექიმი ნიგიარ ახუნდოვა მოვიდა. აღმოვაჩინეთ, რომ თურმე სხვანაირადაც შეიძლებოდა მუშაობა, – აღნიშნა მედდამ. – ახალი აღჭურვილობა, ახალი მაგიდები და ახალშობილთა კიუვეტები გვიშოვა. ყველაფერი მივიღეთ – ახალი საწოლები, ლოგინები… აღარაფერს ვამბობ საჭირო წვრილმანებზე. საკანცელარიო ნივთები, ჭიქები და საპონიც კი მივიღეთ. აღმოჩნდა, რომ ამ ყველაფერს სახელმწიფო იძლევა».
პაციენტების მიერ მშობიარობების, ოპერაციებისა და მკურნალობისათვის გადახდილი ფულიდან მედდებსა და სანიტრებს ყოველდღიურად გარკვეული თანხა გადაეცემოდათ. აიკრძალა მშობიარებისგან მცირე მომსახურების სანაცვლოდ თანხების მიღება. გაუქმდა პერსონალის მხრიდან ზემდგომი პირებისათვის თანხის გადახდის წესი. „როგორც იქნა,ნორმალურად ცხოვრება და მუშაობა დავიწყეთ“, – ამბობს მედდა.
შესაძლებელია, თუ არა უფასოდ მშობიარობა ბაქოში?
“უახლოესი“ ცნობილი ამბავი ევროპიდან ემიგრირებული ქალის ნაამბობია, რომელიც ერთ-ერთ ადგილობრივ ფორუმში გამოქვეყნდა. მაშინ ამ ამბავს ინტერნეტის მომხმარებლები სოციალურ ქსელებში უზიარებდნენ ერთმანეთს – როგორც ერთგვარ ეგზოტიკურ, უცნაურ შემთხვევას. საქმე ისაა, რომ ცოლი და ქმარი, რომლებიც შვილს ელოდებოდნენ, მუსულმანური წესით ცხოვრობდნენ და არ აპირებდნენ ისეთი „ჰარამის“ (ცოდვის) ჩადენას, როგორიცაა ქრთამის მიცემა.
.“აზერბაიჯანში ყოვლისმომცველ ვირუსს შევეჩეხეთ, რომელსაც „შირინლიკი“ [„მაღარიჩი“] ჰქვია. ქრთამს ყველგან იძლევიან – საბავშვო ბაღებში, სკოლებში, საავადმყოფოებსა და სხვა დაწესებულებებში, – ამბობს აღშფოთებული გოგონა. – მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ გზა, რომლის მიხედვითაც ვფიქრობდით, რომ არათუ „ცოტას“, არამედ საერთოდ არ გავცემდით ქრთამს.
ცოლ-ქმარს კერძო კლინიკაში მისვლის საშუალება არ ჰქონდა, ამიტომ მომავალი მშობლები იძულებულნი გახდნენ, სახელმწიფო სამშობიაროსთვის მიემართათ.
მათ ამ დაწესებულების ყველა უარყოფითი მხარესთან მოუწიათ შეჯახება – თეთრეულის, ზეწრებისა და ბალიშების არარსებობა, მაგიდაზე მცოცავი ჭიანჭველები, არც ისე ყურადრებიანი ექიმი, სამშობიაროს თანამშრომლები, რომელიც, მატივე განცხადებით, ხელფასის სახით თვეში 50 მანათს იღებენ და ა.შ.
მშობიარობის შემდეგ ქმარს გადაკვრით მიანიშნეს, რომ ფულად ჯილდოს ელოდებოდნენ, მაგრამ მშობიარის მეუღლემ განაცხადა, რომ ქრთამს არ გასცემს, იმიტომ რომ ეს ცოდვაა და თუკი მის მეუღლეს, ან მის შვილს რაიმე შეემთხვეოდა, სამშობიაროს პერსონალი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებოდა. როგორც ჩანს, ამ განცხადებამ შედეგი გამოიღო და იმდენად იმოქმედა თანამშრომლებზე, რომ ახალგაზრდა დედას გამოწერის დღემდე დიდი რუდუნებით უვლიდნენ და თავს დასტრიალებდნენ.
გამოწერის შემდეგ მშობლებმა პერსონალს დიდი ტორტი მიუტანეს და პირობა დადეს, რომ მათზე ილოცებდნენ