რა თქვა პრეზიდენტმა? ყველაზე მთავარი გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო ანგარიშიდან
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს პარლამენტის წინაშე თავისი ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა. 2018 წლის შემოდგომაზე საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს, შესაბამისად, სავარაუდოდ, ეს მარგველაშვილის ბოლო ანგარიშია პარლამენტის წინაშე.
პრეზიდენტის გამოსვლა გრძელდებოდა 40 წუთი და ქუთაისში, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მას დეპუტატებთან ერთად მთავრობის წევრები და სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ.
პრეზიდენტმა თქვა, რომ ქვეყანაში, რომლის მეთაურიც ის არის, მაღალი უმუშევრობაა, სასამართლო პოლიტიზებულია, არ არსებობს პოლიტიკური კლასი, მედია სტრესულ რეჟიმში მუშაობს და უკვე რამდენიმე წელია, რეფორმები არ ტარდება.
მთავრობის აზრით, პრეზიდენტის ეს გამოსვლა პოპულისტური იყო. ოპოზიცია კი, ფიქრობს, რომ პრეზიდენტს მნიშვნელოვანი თემები გამორჩა და მისი გამოსვლა “რბილი” იყო.
_________________________
“ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც უმრავლესობა უმუშევარია”
პრეზიდენტმა თქვა, რომ სტატისტიკას არ ენდობა. მისი თქმით, დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას დაუსაქმებელია და ცარიელი მაცივარი აქვს.
მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში დასაქმების თვალსაზრისით არ არის უსაფრთხო გარემო:
„დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი მდგომარეობა დასაქმების თვალსაზრისით, რომ ჩვენი მოქალაქეები მზად არიან რეალურად სიცოცხლის მოსპობის რისკის მიუხედავად არ დაკარგონ სამსახური. ზოგიერთი მათგანი ყოველდღე გადის სამსახურში, სადაც ემუქრება სიკვდილი. მე არ ვლაპარაკობ შრომის უსაფრთხოებაზე, ვლაპარაკობ იმ მდგომარეობაზე, რომელიც არის დასაქმების თვალსაზრისით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
“სასამართლო და ძალოვანი სტრუქტურები პოლიტიზებულია”
პრეზიდენტის აზრით, საქართველოში სამართალდამცავი სტრუქტურები და სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშ რჩებიან.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ დღემდე გამოუძიებელია გახმაურებული საქმეები, რომელთა გამოძიების პირობა “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლამდე დადო. “ზვიად გამსახურდიას საქმე, ზურაბ ჟვანიას საქმე, რაფალიანცის საქმე, მუხთარლის საქმე, – ჩამოთვალა მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ საქმეების გამოძიების იმედი არ აქვს, რადგან ამ სტრუქტურებში საეჭვო რეპუტაციის ძველი კადრები დღემდე რჩებიან.
„ მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა არ ხორციელდება, ეს ინდივიდები არიან ამ სტრუქტურებში და ამ სტრუქტურების დეპოლიტიზაცია არ მომხდარა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ვერ დაიწყო სასამართლო სისტემის რეფორმა და იგი უვადოდ არის გადადებული:
„ სასამართლო სისტემა მართლაც ძალიან რთულია რეფორმისთვის და ამას ერთ დღეში ვერ გააკეთებ, თუმცა საფუძვლის ჩაყრა სასამართლო სისტემის ცვლილებისთვის ჩვენი საერთო ვალდებულება იყო. ჩვენ უვადოდ გადავდეთ ეს პროცესი“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
რუსეთი საფრთხეა
პრეზიდენტის თქმით, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი საკუთარი განვითარების აგრესიულ ფაზაში იმყოფება, საქართველოს მიერ არჩეული “სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა”, ამ ეტაპზე სწორი და ადეკვატური არჩევანია.
“ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის არ წამოვეგოთ პროვოკაციას და რუსეთის სახელმწიფოს, რომელიც თავისი განვითარების აგრესიულ ფაზაში იმყოფება ამ ეტაპზე, არ მივცეთ შესაძლებლობა, გამოაჩინოს ძალა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
თუმცა, პრეზიდენტი ფიქრობს, რომ რუსეთი როგორც საფრთხე ბოლომდე გააზრებული არ არის და მაგალითად მოჰყავს უშიშროების საბჭოს გაუქმების გადაწყვეტილება:
“რუსეთთან ასეთ დაძაბულ ვითარებაში მყოფი ქვეყანა უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს – ეროვნული უშიშროების საბჭოს არ უნდა აუქმებდეს”, – მიაჩნია გიორგი მარგველაშვილს.
მისი თქმით, ამ ორგანოს გაუქმება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ამგვარად ხელისუფლება პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუპირისპირდა [ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელიც პრეზიდენტს ექვემდებარებოდა, საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად გაუქმდა. JAMnews]
“მედიას ექმნება სირთულეები”
საქართველოს პრეზიდენტის აზრით, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, დღევანდელი ხელისუფლება მედიაზე ხელისუფლება არ ძალადობს, თუმცა მნიშვნელოვან სირთულეებს უქმნის მას.
„არაძალადობრივი, მაგრამ სირთულეეების შექმნა მედიის მიმართ მაინც ხდება. ჰკითხეთ, მედიის ნებისმიერ წარმომადგენელს – ისინი სტრესის რეჟიმში მუშაობენ, მუდმივად მოლოდინის რეჟიმში, რომ რაღაც სირთულეები იქნება მათ წინაშე“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
“საქართველოში გაქრა პოლიტიკური კლასი”
პრეზიდენტი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ხელისუფლებამ მიზანმიმართულად გააქრო პოლიტიკური კლასი და დაასუსტა პოლიტიკური ოპოზიცია.
მისივე თქმით, ბოლო წლებში შეიცვალა სახელმწიფო სახე და სახელმწიფო დღეს აღარ არის აგრესორი, რომლისაც მოქალაქეს ეშინია, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში ხელისუფლებამ არ მიიღო არც ერთი კანონი, არც ერთი საკანონმდებლო ცვლილება თუ რეფორმა, რომელიც გააძლიერებდა პოლიტიკურ ოპოზიციას.
“განათლების სისტემაში ჩემს შემდეგ არაფერი გაკეთებულა”
“ჩემს შემდეგ განათლების სისტემაში არც არაფერი გაკეთებულა”, – საპარლამენტო ტრიბუნიდან აღნიშნა პრეზიდენტმა, რომელიც ამ თანამდებობაზე არჩევამდე განათლების მინისტრი იყო.
მარგველაშვილის თქმით, მისი განათლების მინისტრობის დროს, 2013 წელს, მთავრობის გუნდი, პირველ რიგში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ასევე სოფლის მეურნეობის იმდროინდელი მინისტრი დავით კირვალიძე, ადამიანების საკეთილდღეოდ მუშაობდნენ.
“მაშინ განხორციელებული რეფორმები იყო ორიენტირებული რიგითი ქართველის ყოფის შეცვლაზე,” – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ კონკრეტულად განათლების მიმართულებით მას მერე არაფერი გაკეთებულა.
პრეზიდენტის გამოსვლას აკრიტიკებს მთავრობაც, უმრავლესობაც და ოპოზიციაც
პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს არ მოეწონა პრეზიდენტის გამოსვლა. მან თქვა, რომ ელოდა უფრო ღრმა, ანალიტიკურ და უფრო კონცენტრირებულ გამოსვლას. თითქმის იგივე გაიმეორეს მთავრობის სხვა წევრებმა.
შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ პრეზიდენტი გამოსვლა პოპულისტური იყო, ხოლო იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ “არც ერთი დიდი მეფე ან დიდი დედოფალი არ იკადრებდა იმის თქმას, რაც მარგველაშვილმა იკადრა, რომ თურმე მის შემდეგ საქართველოში არაფერი გაკეთებულა“.
უმრავლესობის წევრს ნუკრი ქანთარიას დარჩა შთაბეჭდილება, რომ ეს იყო “ბაგრჩალაგებული კაცის გამოსვლა”, რომელსაც ლაპარაკი ეზარებოდა, ხოლო სალომე ზურაბიშვილს (დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი) პირიქით – დარჩა შთაბეჭდილება, რომ მარგველაშვილი კიდევ ერთი ვადით კენჭისყრისთვის ემზადება და ეს იყო მისი “პირველი საარჩევნო პროგრამა”. არჩილ თალაკვაძე (“ქართული ოცნება”) უფრო სიღრმისეულ ანგარიშს ელოდა, ხოლო დიმიტრი ხუნდაძემ (“ქართული ოცნება”) თქვა, რომ ეს საერთოდაც პრეზიდენტის ყველაზე სუსტი ანგარიში იყო.
ოპოზიცია ამბობს, რომ მარგველაშვილის გამოსვლისგან ბევრს არაფერს ელოდა, ამიტომ იმედგაცრუებული არ არის. პრეზიდენტის გამოსვლის კომენტირებისას, პარლამენტის წევრები ოპოზიციიდან ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტს საერთოდ არაფერი უთქვამს ქვეყანაში გაზრდილ კრიმინალზე, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
“პრეზიდენტს არ უხსენებია ადამიანების გატაცება ოკუპირებული ტერიტორიებიდან, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, არ უსაუბრია გაზრდილ კრიმინალზე, კორუფციაზე. არ გახსენებია პოლიტიკური დევნის და არაფორმალური მართვის საკითხები,” – აღნიშნა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
ორიგინალურად შეაფასა პრეზიდენტის გამოსვლა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ:
“ის რაც მარგველაშვილმა გააკეთა, რეალურად წარმოუდგენელია. 5 წლის განმავლობაში იყო ქვეყნის პრეზიდენტი, დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა და პრუწ ამბავი გააკეთა, მეტი არაფერი არ გაუკეთებია. არ ისაუბრა მთავარ გამოწვევებზე. რეალურად მართლა მგონია, რომ რაღაცაშია საქმე, არ მინდა დავიჯერო, რომ ქართული ოცნების მუქარამ გადააფიქრებინა. ძალიან გაკვირვებული ვარ”.