რა არის კარგი და რა ცუდი აზერბაიჯანელი სტუდენტებისთვის საზღვარგარეთ
საზღვარგარეთ სწავლა ბევრი აზერბაიჯანელი სტუდენტის ოცნებაა. ჩვენ მათ ვესაუბრეთ, ვინც ეს ოცნება აისრულა. რამდენად ძნელი იყო და ღირს თუ არა გამგზავრება?
ბევრი მიემგზავრება?
2017 წელს აზერბაიჯანში სულ დაახლოებით 242 ათასი სტუდენტი სწავლობს. 11 ათასი აზერბაიჯანელი ახლა რუსეთში სწავლობს და დაახლოებით 15 ათასი – თურქეთში. 25 ათასი – მხოლოდ ორ მეზობელ ქვეყანაში.
• რატომ მიემგზავრება აზერბაიჯანელი ახალგაზრდობა სასწავლებლად თურქეთში?
• ქართველი სკოლის მოსწავლე: „ამერიკულ სკოლებში თავისუფლად აზროვნებას ასწავლიან“
მიემგზავრებიან ამერიკაშიც, და ევროპაშიც, საბედნიეროდ, უცხოელი სტუდენტებისთვის მთელი მსოფლიოს უმაღლეს სასწავლებლებში ბევრი ფასიანი და უფასო პროგრამა არსებობს. აზერბაიჯანელ სტუდენტებს შორის პოპულარული ვარიანტებია – აკადემიური გაცვლების გერმანული სამსახური DAAD და რუსული ორგანიზაცია „როსსოტრუდნიჩესტვო.“
ქვეყანას, ყველა მიზნებისა და შესაძლებლობების მიხედვით ირჩევს. რუსეთი – რუსულენოვანი აზერბაიჯანელებისთვის მარტივი გზაა, პლუს უვიზო რეჟიმი. თურქეთი – გასაგები კულტურისა და „ახლობელი“ ენის მქონე ქვეყანაა და ისევ უვიზო რეჟიმი. ევროპა – მათთვისაა, ვისაც მეტი რესურსი და ამბიცია აქვს, და მათთვის, ვინც იქ გადასახლებისკენ მიისწრაფვის.
რუსეთი. „შადრევანი გამორთულია – სწავლის დროა“
ილია ბაქოდან მოსკოვის ბაუმანის სახელობის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლებლად გაემგზავრა, და დაახლოებით ორი წელია, რუსეთში ცხოვრობს.
ოცნება თუ შემთხვევითობა?
„მოსკოვში სასწავლებლად გოგონას გამო წავედი. შორიდან ვიყავი შეყვარებული; რამდენჯერმე მასთან შესახვედრად ჩავედი. შემდეგ ისე მოხდა, რომ დავშორდით, მაგრამ ჩემი გადასვლისთვის უკვე ყველაფერი მზად იყო, და უკან დახევას აზრი აღარ ჰქონდა.
სხვა მიზანიც მქონდა – მოსკოვში მეცხოვრა, თავი გამეტანა, ოჯახისგან დამოუკიდებლად ვყოფილიყავი.
სად უკეთესად ასწავლიან?
„ბაქოს ნავთობის აკადემიაში, ძირითადად, ვფუქსავატობდი. მეგონა, როდესაც ბაუმანის მაგისტრატურაში ჩავაბარებდი [მოსკოვის ბაუმანის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი-ავტ], იქ სწავლას მაიძულებდნენ. მაგრამ, ისე მოხდა, რომ იქაც იგივეს ვაგრძელებდი.
ბაქოში სტუდენტების მიმართ არსებული მოთხოვნები რომ გაგაგებინოთ, შემიძლია გითხრათ, რომ სადიპლომო ნამუშევარი თხუთმეტ წუთში „დავწერე“ – ინტერნეტიდან ჩამოვტვირთე.
ბაუმანის სასწავლებელში მოთხოვნა უფრო მაღალია და მასწავლებლებიც უფრო პროფესიონალები არიან, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ კარდინალური განსხვავებაა. ბაუმანი – საინჟინრო უმაღლესი სასწავლებელია, და იქ ინჟინერ-მშენებლებსა და მეტალურგებს მკაცრად სთხოვენ სწავლას, ხოლო სამეცნიერო-ტექნიკურ სპეციალობებს უფრო „გულგრილად“ ეკიდებიან.
თავად ბაუმანელები ამ უნივერსიტეტს „შარაგას“ ეძახიან, „ისეთ სასწავლებელს, რომლიდანაც არ გაგდებენ“. ბაუმანიდან რომ გაგრიცხონ სრული იდიოტი უნდა იყო.
ბაუმანში ეზოში არის შადრევანი. ნოემბერში ყინვა იწყება, შადრევანს თიშავენ, და მას საგანგებო გუმბათს ახურავენ. სტუდენტებს ასეთი ჩვევა აქვთ:ზამთრის სესიისთვის მზადებას (და საერთოდ სწავლას) შადრევანის გათიშვის შემდეგ იწყებენ. იგივე ხდება საგაზაფხულო სემესტრის დროსაც – როდესაც შადრევანს რთავენ, მარტში-აპრილში, ისევ მუშაობა უნდა დაიწყონ“.
სად ჯობს ცხოვრება?
„მე ბაქოში დაბრუნებას არ ვაპირებ. მოსკოვში ერთწლიანი ცხოვრებისა და მუშაობის განმავლობაში მოსკოვში მეტი ახლო ნაცნობი გამიჩნდა, ვიდრე ბაქოში – ოცი წლის მანძილზე.
იქ ცხოვრების სხვა დონეა, და იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი ძირითადი სამუშაო „ღამის“ სფეროშია – ბარში ვმუშაობ, რუსეთში მუშაობა უფრო მიადვილდება. ბაქოში მხოლოდ დასვენებას ვისურვებდი“.
პრაღა. „ევროპაში ყველას ფეხზე კიდია, თუ პომადა გათხაპნილი გაქვს“
ლეილა [სახელი შეცვლილია რესპონდენტის თხოვნით -რედ.] პრაღაში ფსიქოლოგიის მაგისტრატურაში სწავლობს, და იქ უკვე ერთი წელიწადია, ცხოვრობს
ოცნება თუ შემთხვევითობა?
„გამგზავრება ყოველთვის მინდოდა. მშობლებმა ჩეხეთში მაგისტრატურაში ჩაბარება შემომთავაზეს, მეც დავთანხმდი. ჯერ ჩეხური ენის კურსები დავამთავრე და ამის შემდეგ ჩავაბარე მაგისტრატურაში“.
სად უკეთ ასწავლიან?
„ევროპაში შეგიძლია სასწავლო გეგმა თავად შეადგინო. ამიტომ, სწავლის გარდა, საკმარისი თავისუფალი დროის გამონახვაც შემიძლია.
ბაქოში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალში ვსწავლობდი, ასე რომ, აზერბაიჯანის უმაღლეს სასწავლებლებს ჩეხურს ვერ შევადარებ. ფსიქოლოგიას, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან განსხვავებით, აქ ევროპელი და არა რუსი მეცნიერების თეორიის მიხედვით ასწავლიან.
შესაძლოა, როდესაც ფსიქოლოგიისადმი ევროპულ მიდგომას შევისწავლი, PhD-ს აღება ამერიკაში გადავწყვიტო“.
სად ჯობს ცხოვრება?
„არ მგონია, რომ დავბრუნდე, რადგან საზღვარგარეთ გაცილებით მეტი შესაძლებლობაა ფულის გამოსამუშავებლად. სტუდენტსაც კი შეუძლია, მოეწყოს საათში 6$-იან სამუშაოზე.
პირველი ორი თვე მიჭირდა, ძალიან მინდოდა სახლში, გარშემომყოფებს ვერ ვუგებდი. ახლა კი ბაქოელების არ მესმის.
თუ, მაგალითად, ბაქოში პომადა გადღაბნილად მესვა, დღეში ხუთი გოგონა არ იზარებდა, ქუჩა იმის გამო გადმოეკვეთა, რომ ჩემთვის ეცნობებინათ, – პომადა კონტურს გარეთ გამოგსვლიაო. ევროპაში კი ყველას ფეხზე კიდია.
პირველ ხანებში მეგონა, რომ აქ ბრაზიანი და ცივი ადამიანები ცხოვრობდნენ, შემდეგ კი ეს ძალიან კომფორტული აღმოჩნდა. შეღებვას თითქმის შევეშვი, მოსახერხებელი ტანისამოსის ჩაცმა დავიწყე, და ამის გამო სირცხვილის გრძნობა არ მიჩნდებოდა.
საზღვარგარეთ მართლაც ყველასთვის სულერთია, მაგრამ კარგი გაგებით. ანუ, თუკი ადამიანთან მიხვალ, და ჰკითხავ, – „მაპატიეთ, არ ვიცი კარლის ხიდთან როგორ მივიდე“, გზას აუცილებლად მიგასწავლის, ზოგიერთი კი მიგაცილებს კიდეც. უბრალოდ, იქ ძალიან დიდ პატივს სცემენ სხვა ადამიანის პირად საზღვებსა და პირად სივრცეს“.
უნგრეთი. „პირველი წელიწადნახევრის განმავლობაში ისე ვიყავი, როგორც ციხეში“
თორღული [სახელი რესპონდენტის თხოვნით შეცვლილია] თურქეთში ბაკალავრიატში სწავლობდა, შემდეგ კი მაგისტრატურა უნგრეთში დაამთავრა. ბაქოში ერთი წლის წინათ დაბრუნდა.
ოცნება თუ შემთხვევითობა?
„დარწმუნებული ვიყავი, რომ ბაქოში ჩემი სპეციალობით განათლებას ვერ მივიღებდი.
როდესაც ვაბარებდი – 2011 წელს— აზერბაიჯანში ტურიზმი საერთოდ არ არსებობდა, მე კი ტურიზმის ეკონომიკის სწავლა მინდოდა.
სად უკეთ ასწავლიან?
„აზერბაიჯანში სწავლა, კიდევ განათლების სფეროში არსებული კორუფციის გამოც არ მინდოდა.
ახლა ჩემს თავს კარგ სპეციალისტად მივიჩნევ, თუმცა ბაქოში ჩემთვის ორ პერსპექტივას ვხედავ – ფიზიკურად შრომა, ან რაიმე ორგანიზატორული საქმიანობა. ჩემი სპეციალობით – ტურიზმის სფეროში სამსახურს ვერ ვშოულობ“.
სად ჯობს ცხოვრება?
„მე ძირძველ ბაქოელად დავრჩი. იმის გამოც დავბრუნდი, რომ ჩემი მშობლიური ქალაქი რაიონიდან ჩამოსულების საჯიჯგნი არ გახდეს.
თურქეთში ადაპტირება ჩემთვის მარტივი იყო – თუნდაც იმიტომ, რომ თურქული ენა ჩემთვის ნაცნობია.
ბუდაპეშტში აუტანელი იყო. პირველი წელიწადნახევრის განმავლობაში თავი პატიმარი მეგონა. მორალის შესახებ ჩემი წარმოდგენები ევროპულისგან იმდენად შორსაა, რომ ნამდვილ ციხეს ვამჯობინებდი.
პარასაკევობით და შაბათობით ბუდაპეშტის ცენტრი ღია ცის ქვეშ მოწყობილ უზარმაზარ ბორდელს მაგონებდა. ადამიანები კლუბებში თვრებიან, ქუჩაში გაჩერებულ მანქანებთან იძინებენ.
ერთხელაც ნაცნობებთან ერთად რესტორანში ვიჯექი, დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში – შაბათიდან კვირამდე ღამით. მოვიდა ორი გოგონა, აშკარად თვრამეტ წელზე უმცროსები იყვნენ. ცოტა ხანს თეფშებს აშტერდებოდნენ, და იმ თეფშებზევე დაეძინათ. ერთ-ერთი მომსვლელი მათ ფონზე ფოტოებს იღებდა. ფეხი ისე ჰქონდა აწეული, როგორც ტაექკვანდოს მსოფლიო ფედერაციის ლოგოზე, რესტორნის მფლობელმა კი არ შეაჩერა, უბრალოდ იცინოდა.
გარდა ამისა, უნგრეთში აგრესიული ნაციონალიზმი ყვავის – სახელმწიფო სტრუქტურებშიც და ხალხშიც. ეს იმდენად აშკარად ვლინდება, რომ მაგალითად, პოლიციაში ბოშების განცხადებებს, პრინციპში, საერთოდ არ განიხილავენ.
ბუდაპეშტში შეიძლება ნარკოტიკები ქალაქის ცენტრშივე შემოგთავაზონ. თურქეთში სტუდენტებს საამისოდ ქალაქგარეთ მაინც უწევთ გასვლა“.
გერმანია. „გერმანიაში თუ თვალში საცემი ტანისამოსით დადიხარ, ალმაცერად დაგიწყებენ ყურებას“
საბინა [რესპონდენტის თხოვნით სახელი შეცვლილია რედ.] ციმბირში დავიბადე. სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი აზერბაიჯანში დავამთავრე, მაგისტრატურაში კი გერმანიაში ჩავაბარე.
ოცნება თუ შემთხვევითობა?
„ყოველთვის ვიცოდი, რომ ოდესმე გავემგზავრებოდი, და ბაკალავრიატის ბოლო კურსზე არჩევა დავიწყე, სად გავმგზავრებულიყავი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ისეთი ქვეყანა ამერჩია, სადაც კარიერისთვის მეტი პერსექტივა იქნებოდა. იმის მიუხედავად, რომ განათლებით ინგლისური ენის ფილოლოგი ვარ, გერმანია ავირჩიე – ყოველთვის მიყვარდა ეს ენა და კულტურა. გარდა ამისა, მანამდე, ზუსტად ერთი წლით ადრე გერმანული უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთათვის ძალიან მიმზიდველი პირობები გაჩნდა.
მოვიგე DAAD-ის სტიპენდია, ჯერ 4 -თვიან კურსებზე გავემგზავრე, შემდეგ კი პატარა ქალაქ ფულდაში. მაგისტრატურა შემდეგი სპეციალობით გავიარე: „კომუნიკაციები და პოლიტოლოგია ევროკავშირის ფარგლებში“.
სად უკეთ ასწავლიან?
გერმანიის განათლების სისტემის მიმართ პრეტენზიები მაქვს, მაგრამ მხოლოდ ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე შემიძლია ვიმსჯელო. ტექნიკური განათლება აქ, რასაკვირველია, მაღალ დონეზეა. ნაკლი, ჩემი აზრით, არის ბიუროკრატიზმი – სისტემა ჯერ კიდევ „ქაღალდებზე მუშაობს“, და ძალიან ვიწრო ხედვაა.
აზერბაიჯანის ფილოლოგიურ სასწავლებელში მათემატიკასაც ასწავლიდნენ, ფსიქოლოგიასაც, ლინგვისტიკასაც და ლიტერატურასაც. გერმანიაში კი საგნების მიმართ უფრო „წერტილოვანი“ მიდგომა არსებობს.
რამდენადაც ვიცი, აშშ-ში უკეთესი განათლების სისტემაა. ამიტომ, სწავლა იქ მინდა გავაგრძელო.
გერმანიაში კი აზერბაიჯანზე უკეთესია – თავისუფლების დონე და სტუდენტისადმი დამოკიდებულება. აზერბაიჯანში სტუდენტს იმ ბავშვივით ექცევიან, რომელიც უნდა გააკონტროლო – დასწრების მკაცრი აღრიცხვა, ბევრი თეორია, ცოტა პრაქტიკა. ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებში დასწრება არავის ანაღვლებს – მთავარია, დავალებები შეასრულო და გამოცდები ჩააბარო.
ჩვენი სპეციალობისთვის სწავლების მნიშვნელოვან ნაწილს ევროპელ პოლიტიკოსებთან პირდაპირი კონტაქტი წარმოადგენდა. ამიტომ, ბრიუსელსა და სტრასბურგში ევროპის საბჭოსა და ევროპის კომისიის სხდომებზე წაგვიყვანეს, სადაც ჩვენ (ჯგუფებად დაგვყვეს) პოლიტიკოსებისთვის უნდა წარგვედგინა ჩვენი პრეზენტაციები და კითხვები იმ პოლიტიკურ პრობლემებთან დაკავშირებით, რასაც ევროკავშირი აწყდება.
ჩემი ჯგუფი მწვანეთა პარტიის წარმომადგენლებს ეკონტაქტებოდა ევროპაში მიგრაციული კრიზისისა და მისი გადაჭრის გზებთან დაკავშირებით. ვმსჯელობდით, თუ რამდენად გონივრული იყო 2004 წელს ევროკავშირში პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების გაწევრიანება. ეს არაჩვეულებრივი გამოცდილება იყო.
სამწუხაროდ, აზერბაიჯანში ეს შეუძლებელია”.
სად ჯობს ცხოვრება?
„აზერბაიჯანში ჩემთვის ძნელი ასატანი იყო საზოგადოების მკვეთრი იერარქიულობა, მისი „კოლექტიურობა“ (ყველა ყველას ნაცვლად აგებს პასუხს, ყველა შენს საქმეში ერევა, გარე ბებიის გარე ძმისშვილიც კი). და პატრიარქატი.
მეორე მხრივ, აზერბაიჯანში უფრო ადვილია ადამიანებთან დამეგობრება, ადამიანებთან დაახლოება, და საერთოდ, ადამიანებს შორის უფრო თბილი ურთიერთობაა.
გერმანიაში თუ მაკიაჟს იკეთებ, თვალშისაცემად გაცვია (რაც აზერბაიჯანში ყოველდღიური სამოსია), ყოველთვის ალმაცერად დაგიწყებენ ყურებას.
გერმანული „ეკონომიურობა, როგორც მას უწოდებენ, აზერბაიჯანელს უბრალოდ მეწვრილმანეობად ეჩვენება.
ჩემი აზერბაიჯანელი მეგობარი როგორღაც კომპანიასთან ერთად კლუბში წავიდა, მათთან ერთად გერმანელები იყვნენ – ახალგაზრდა კაცი და ქალი. აღმოჩნდა, რომ თითოეულს შესასვლელად 5 ევრო უნდა გადაეხადა. მოკლედ, ეს ყმაწვილი ათი წუთის განმავლობაში უმტკიცებდა დანარჩენებს, რომ ეს ძალიან ძვირი იყო. მისი შეყვარებულიც იგივე აზრის იყო. სიტუაცია მწვავდებოდა. საბოლოოდ ჩემმა მეგობარმა ვეღარ მოითმინა და იმ ორის ფული თვითონ გადაიხადა.
გერმანელის ორი ევრო თუ გმართებს – დარწმუნებული იყავი, რომ მას ეს არ დაავიწყდება, და საბოლოოდ უკან მოგთხოვს. გუშინ, მის ნაცვლად, 50 ევროც რომ გქონდეს გადახდილი. მეორე მხრივ, თუ შენი ვალი აქვს, გარანტირებულად დაგიბრუნებს“.