რატომ არის მნიშვნელოვანი ბრძოლა პროპორციული სისტემისთვის
14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ქვეყნის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას უზრუნველყოფდა.
ეს კენჭისყრა ორი რამის გამო გახდა მნიშვნელოვანი. პირველი ის არის, რომ პროპორციულ სისტემა ოპოზიციას აძლევდა შანსს თანაბარი წინააღმდეგობა გაეწია ხელისუფლებისთვის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. პარლამენტმა ეს შესაძლებლობა ჩააგდო.
მეორე საკითხია ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. პროპორციული სისტემა ზაფხულში ხალხმრავალი მიტინგების მთავარი მოთხოვნა იყო. მაშინ, სიტუაციის განსამუხტავად, ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა თავად დადო პირობა, რომ ქვეყანა 2020 წლის არჩევნებს პროპორციული წესით ჩაატარებდა. თუმცა, ივანიშვილის მიერ ხალხისთვის მიცემული ეს პირობა დაარღვია რამდენიმე მისმა თანაგუნდელმა – ბოლო მომენტში მათ უარი თქვენს ცვლილებების მხარდაჭერაზე. არც ერთ პოლიტიკურ პარტიას და ექსპერტს საქართველოში არ სჯერა, რომ ეს დეპუტატები (მათ უმრავლესობას ერთხელაც არ წარმოუთქვამს სიტყვა პარლამენტში) ივანიშვილის ნების საწინააღმდეგოდ წავიდნენ. ყველა თანხმდება, რომ ეს იყო ივანიშვილის მიერვე დადგმული სპექტაკლი და ამგვარად მან ხალხი მოატყუა.
ქუჩაში რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს და არ აპირებენ დაშლას, ვიდრე არ დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანდა ოპოზიციაც.
მაინც რა განსხვავებაა პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემებს შორის. რა ხარვეზები აქვს მაჟორიტარულ სისტემას და რატომ არ თმობს ამ სისტემას ხელისუფლება?
JAMnews-ი ამ განსხვავებებს დეტალურად აგიხსნით:
დღეს რა სისტემით ტარდება არჩევნები?
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ტარდება. პარლამენტის 150 დეპუტატიდან 77 დეპუტატი პარტიული სიით აირჩევა, ხოლო 73 დეპუტატი – მაჟორიტარული წესით (ანუ საქართველოში სულ 73 მაჟორიტარული ოლქია).
არჩევნების დღეს ამომრჩეველს ორი ბიულეტენი ურიგდება – ერთში მხოლოდ პარტიებია ჩამოთვლილი (ამას პროპორციული წესი ჰქვია); მეორე ბიულეტენში კი ერთი კანდიდატის გვარი წერია. ეს ის კანდიდატია, რომელიც კენჭს იყრის კონკრეტულ ოლქში (ეს მაჟორიტარული სისტემაა).
საბოლოოდ, პარტიების მიერ პროპორციული და მაჟორიტარული წესით მოპოვებული მანდატები მექანიკურად ჯამდება. მაგალითად, თუ პარტიამ პროპორციული წესით 40-პროცენტიანი მხარდაჭერა მოიპოვა (რაც დაახლოებით 30 მანდატია), ხოლო 73 მაჟორიტარული ოლქიდან 50-ში ამ პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, აღნიშნულ პარტიას პარლამენტში ჯამში 80 მანდატი ერგება.
რატომ არის შესაცვლელი მაჟორიტარული სისტემა?
მიზეზი პირველი: მთავარი მიზეზია ის, რომ მაჟორიტარული სისტემა უსამართლოა და არ ასახავს რეალობას. ეს სისტემა იძლევა შესაძლებლობას, პარტიამ მიღებულ მხარდაჭერაზე ბევრად მეტი მანდატი მიიღოს.
მარტივი მაგალითი: 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია “ქართული ოცნება” ამომრჩეველთა 48,6 პროცენტმა შემოხაზა.
ეს ნიშნავს იმას, რომ იმ მომენტისთვის “ქართული ოცნება”ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლებს მოსწონდა. ანუ, ლოგიკურად, 150 ადგილიან პარლამენტში ამ პარტიას დაახლოებით 73 დეპუტატი უნდა ჰყოლოდა.
თუმცა, რეალობაში სხვაგვარად მოხდა – “ქართულმა ოცნებამ” 150 ადგილიან პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა – 115 ადგილი მოიპოვა. ამის მიღწევა მან სწორედ მაჟორიტარული სიების ხარჯზე შეძლო.
იგივე მოხდა 2008 წელსაც: 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად იმდროინდელმა მმართველმა გუნდმა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტში 119 დეპუტატი შეიყვანა. ეს საპარლამენტო მანდატების საერთო რაოდენობის 79 პროცენტია. სინამდვილეში კი, “ნაციონალებმა” მაშინ მხოლოდ 59 პროცენტი მიიღეს და დანარჩენი მანდატები მაჟორიტარების ხარჯზე მოიპოვეს.
მიზეზი მეორე: მაჟორიტარული სისტემის მეორე პრობლემა ის არის, რომ იგი ერთ ან ორპარტიული პარლამენტის დაკომპლექტების შანსს ზრდის.
წარმოვიდგონოთ, რომ ქვეყანაში მოქმედი რამდენიმე პოლიტიკური პარტიიდან ერთი ყველაზე პოპულარულია და ამ პარტიის ამომრჩევლები ყველა მაჟორიტარულ ოლქში თანაბრად არიან გადანაწილებულნი. ანუ, ამ ერთ პარტიას რეალური შანსი აქვს, ყველა მაჟორიტარული მანდატი მიიღოს და სხვა პარტიებს შანსი არ დაუტოვოს.
მიზეზი მესამე: მაჟორიტარული სისტემა ყოველთვის მმართველი გუნდის სასარგებლოდ მუშაობს.
საქართველოში, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები სუსტად არის განვითარებული და არჩევნების დროს ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხდება, შერეული საარჩევნო სისტემა ყოველთვის მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობს. უკვე ორჯერ, ამ სისტემით არჩეულ პარლამენტში მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.
მიზეზი მეოთხე: ვინაიდან მაჟორიტარულ არჩევნებში კენჭს იყრის კონკრეტული პიროვნება და არა პარტია, მაჟორიტარ კანდიდატად ცნობადი სახეების [მაგ: ბიზნესმენებს, მსახიობებს, სპორტსმენებს და ა.შ.] წლების განმავლობაში დამკვიდრებული მეთოდია. მაგალითად, იმისთვის, რომ კონკრეტული უბანი მოიგოს, N პარტია წარადგენს მაჟორიტარ დეპუტატად ცნობილ პოპ-მომღერალს, რომელსაც ხალხი იცნობს, მაგრამ არაფერი გაეგება კანონშემოქმედების, და არა – ნაკლებად ცნობილ კვალიფიციურ იურისტს.
მიზეზი მეხუთე: ხშირად კანდიდატები ხდებიან ასევე ბიზნესმენები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში, თავად აფინანსებენ საკუთარ საარჩევნო კამპანიას და ფულს სწირავენ პარტიას პარლამენტში მოხვედრის სანაცვლოდ. ამას წინასაარჩევნოდ პარტიებისთვის შეწირული თანხებიც მოწმობს – მაგალითად, 2016 წლის მაისი-სექტემბერში “ქართული ოცნებისთვის” მაჟორიტარმა კანდიდატებმა მილიონ ლარზე მეტი გაიღეს.
მიზეზი მეექვსე: მაჟორიტარული სისტემა ბიუჯეტისთვის საკმაოდ დიდი დამატებითი ხარჯია. ეს სისტემა ხარჯიანი როგორც მაჟორიტარის არჩევამდე, ისე მისი არჩევის შემდეგაც.
საქართველოში მოქმედი სისტემის მიხედვით, პირველ ტურში გასამარჯვებლად მაჟორიტარმა კანდიდატმა 50 პროცენტს +1 ხმა უნდა მიიღოს; წინააღმდეგ შემთხვევაში, საუკეთესო შედეგების მქონე ორ კანდიდატს შორის იმართება მეორე ტური. მეორე ტურები ბევრ ოლქში იმართება, რაც დამატებითი ხარჯია ბიუჯეტისთვის.
მაჟორიტარების არჩევის შემდეგ კი, ბიუჯეტი ამ 73 დეპუტატის ადგილობრივ ბიუროებს ინახავს. ეს ბიუჯეტს წელიწადში 4 მილიონ ლარზე მეტი უჯდება. ამ ბიუროების ძირითადი დანიშნულებაა მაჟორიტარი დეპუტატების ამომრჩეველთან კავშირის უზრუნველყოფა.
და იქნებ ღირს ეს ხარჯი და მაჟორიტარები ნაყოფიერ კანონშემოქმედებით საქმიანობას ეწევიან და საკუთარი ამომრჩევლის ხმა არიან პარლამენტში?
იდეაში, მაჟორიტარული სისტემა ამომრჩეველსა და არჩეულს შორის უშუალო კავშირს უზრუნველყოფს.
ასევე, ეს სისტემა გარკვეულწილად ასუსტებს პარტიულ ვერტიკალს – ანუ, თუ პარტიას პროპორციულ არჩევნებში შეუძლია კანდიდატებს თავად მიანიჭოს უპირატესობა [რიგითობის განსაზღვრისას], მაჟორიტარულ სისტემაში ის ვალდებულია მეტი იფიქროს ამომრჩეველზე და შეარჩიოს ისეთი კანდიდატი, რომელსაც ამა თუ იმ რეგიონში ამომრჩეველი მხარს დაუჭერს. შესაბამისად, მაჟორიტარი დეპუტატი პარტიისგან მეტ დამოუკიდებლობას გრძნობს.
მაჟორიტარული წესი ასევე გულისხმობს გეოგრაფიული წარმომადგენლობის უზრუნველყოფას პარლამენტში. მაჟორიტარ დეპუტატებს შესაძლებლობა აქვთ პარლამენტში საკუთარი ოლქის პრობლემები წარმოადგინონ და მათ მოგვარებას გაუწიონ ლობირება.
თუმცა, წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ საქართველოში, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები ძალიან სუსტია, მაჟორიტარული სისტემის არც ერთი სიკეთე თითქმის არ მუშაობს.
აქ ჩამოვწერთ რამდენიმე კონკრეტულ ფაქტს, რომელიც აჩვენებს, რომ მაჟორიტარებზე გაწეული ხარჯი ხშირად არ ამართლებს საკუთარ თავს და ეს სისტემა მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკურ საარჩევნო ბერკეტს წარმოადგენს:
• მაჟორიტარ დეპუტატებს საკუთარ საარჩევნო ოლქებში არც კი იცნობენ:
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ს) 2019 წლის 30 იანვარს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 28 პროცენტმა იცის რა ჰქვია მისი ოლქის მაჟორიტარ დეპუტატს. ანუ საქართველოს მოსახლეობის 71 პროცენტმა არ იცის, პარლამენტში მათი მაჟორიტარი ვინაა.
• მაჟორიტარი დეპუტატები ყველაზე პასიური კანონმდებლები არიან:
გასული წლის საპარლამენტო მუშაობის შეჯამებისას გაირკვა, რომ 30 დეპუტატს ერთი წლის განმავლობაში პარლამენტში სიტყვა საერთოდ არ წარმოუთქვამს, არ გამოუყენებია არც პოლიტიკური განცხადებების უფლება და არც ფრაქციებისთვის გათვალისწინებული დრო, არ დაუსვამს კითხვა, ანუ როგორც პარლამენტის აპარატში განმარტავენ, მიკროფონი საერთოდ არ ჩაურთავს.
ამ 30 დეპუტატიდან ნახევარზე მეტი (19) სწორედ მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატია. ამ მდუმარე დეპუტატებიდან ცამეტმა 14 ნოემბერს საპარლამენტო კენჭისყრის დროს პროპორციული წესი წინააღმდეგ მისცეს ხმა.
იგივე ხდებოდა მერვე მოწვევის პარლამენტშიც: 2012 წლის მოწვევის პარლამენტის ოთხწლიანი მუშაობის შეჯამებისას აღმოჩნდა, რომ სიტყვით გამოსვლის უფლება საერთოდ არ გამოუყენებია 16 დეპუტატს (მთელი ოთხი წლის განმავლობაში არც ერთხელ არაფერი უთქვამთ). პასიური დეპუტატების ამ რეიტინგში 10 დეპუტატი სწორედ მაჟორიტარი იყო.
• მაჟორიტარები საპარლამენტო მანდატს ხშირად იყენებენ საკუთარი ოჯახის ბიზნეს-ინტერესების ლობირებისთვის
მაგალითად, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “ფლანგვის დეტექტორმა” გამოარკვია, მდუმარე-მაჟორიტარის, იოსებ მაკრახიძის ძმის და ცოლის კომპანიებმა სამ წელიწადში ტენდერების სახით ბიუჯეტიდან 3,5 მლნ ლარი მიიღეს. თავად დეპუტატს კი, სრული მდუმარების მიუხედავად, ხელფასის სახით ბიუჯეტიდან 55 ათას ლარზე მეტი აქვს მიღებული.
“ფლანგვის დეტექტორმა” ასევე მოიძია, რომ მდუმარე დეპუტატები ხელფასის გარდა ბიუჯეტიდან სამივლინებო ხარჯებსაც იღებენ. მაგალითად, მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ბეჟანიძე, რომელსაც მთელი 2018 წლის განმავლობაში პარლამენტში არაფერი უთქვამს, წლის განმავლობაში სამჯერ იმყოფებოდა მივლინებაში (ტაშკენტში, ნიუ იორკში და ვარშავაში) და მის მოგზაურობებში ბიუჯეტიდან 15 ათას 587 ლარი დაიხარჯა.
• მაჟორიტარების ბიუროების საქმიანობა დახურულია საზოგადოებისთვის
არა თუ მოსახლეობას, ამ საქმეში კარგად გამობრძმედილ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც კი უჭირთ მაჟორიტარების ბიუროების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება. მაგალითად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” 2016 წლის ანგარიშში, რომელიც სწორედ ბიუროების საქმიანობას იკვლევდა, წერია, რომ 23 ბიუროდან საერთოდ არ უპასუხეს. ზოგი მათგანი საერთოდ ვერ იპოვა ორგანიზაციამ, ზოგმა კი პასუხის გაცემა საჭიროდ არ მიიჩნია. იმ 47 ბიუროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია კი უმეტეს შემთხვევაში არ იყო აღრიცხული და შესაბამისად, მათი გადამოწმების არავითარი ბერკეტი არ არსებობს.