რას ფიქრობს ალექსეი ნავალნი კავკასიაზე, საქართველოზე და აგვისტოს ომზე
REUTERS/გრიგორი დუკორი
რის შეთავაზებას აპირებს კავკასიისთვის ალექსეი ნავალნი – როგორც საპრეზიდენტო რბოლის მონაწილეობის პრეტენდენტი? როგორი კავკასიური პროგრამა იკვეთება ნავალნის განცხადებებიდან, მის რომელ ინიციატივებს აქვს კავკასიური განზომილება? ამაში გარკვევა „კავკაზსკი უზელმა“ სცადა. ის ათი პუნქტი გამოვიდა.
„კავკაზსკი უზელის“ მასალების მიხედვით
„კმარა კავკასიის გამოკვება“
2011 წლის სექტემბერში ალექსეი ნავალნიმ მხარი დაუჭირა რუსული ნაციონალისტური ორგანიზაციების საერთო ეროვნულ კამპანიას, ლოზუნგით „კმარა კავკასიის გამოკვება“.
ნავალნი ტერორიზმის პრობლემას სწორედ კავკასიის ფინანსირების არასწორ პოლიტიკას უკავშირებს:
„მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ფინანსირების სისტემა, რომელსაც იქამდე მივყავართ, რომ ამ გათავხედებულ, გამაძღარ ელიტებს ვკვებავთ, ხოლო სრულიად ღატაკი ადგილობრივი მოსახლეობა ამ ელიტებს უყურებს და ფიქრობს, რომ მათთან საბრძოლველად ავტომატით ხელში ტყეში გასვლაა საჭირო“
რეგიონების ხელმძღვანელთა პირდაპირი წესით არჩევნები
ნავალნი თავისი საპრეზიდენტო პროგრამის ერთ-ერთ მუხლად გუბერნატორების პირდაპირი წესით არჩევის დაბრუნებას ასახელებს და ეს პუნქტი სწორედ კავკასიითვის შეიძლება აღმოჩნდეს უფრო აქტუალური და საკამათო – რუსეთის ჩრდილოკავკასიურ რეგიონებს შორის ხომ ბევრია ისეთი, რომელთა ხელმძღვანელებს პირდაპირი წესით კი არა, პარლამენტის საშუალებით ირჩევენ.
თავისუფლებას ჰიჯაბი არ აფარია
ნავალნის ჩრდილოეთი კავკასიის რესპუბლიკების საზოგდოებრივ დაწესებულებებსა და სახელმწიფო ორგანოებში მუსლიმური თავსაფრების ტარება უადგილოდ მიაჩნია.
„კატეგორიულად ვეწინააღმდეგები იმას, რაც ჩეჩნეთში ხდება – ყველა გოგონას თავსაფრის ტარებას რომ აიძულებენ. ჩეჩნეთის ტელევიზიას თუ ჩართავთ, ყველა წამყვანი თავშალითაა – ჩემი აზრით, იძულება საჭირო არ არის. მე ხომ არ ვაიძულებ ყველას, რომ იმარხულონ, რადგან ახლა მართლმადიდებლური მარხვაა“, – განაცხადა ნავალნიმ 2017 წლის მარტში.
„Платон“-ის გაუქმება
2015 წლის ნოემბერში რუსეთში ამოქმედდა სისტემა „Платон “ – ფედერალურ ტრასებზე დიდი ტვირთების გადატანისთვის გადასახადების აკრეფა. 2017 წელს ქვეყანას საპროტესტო აქციებისა და გაფიცვების მასშტაბურმა ტალღამ გადაუარა, რომლებსაც დაღესტანში განსაკუთრებით მასობრივი ხასიათი ჰქონდა.
„რატომ მოხდა, რომ არნახული გულუხვობის ატრაქციონის ფონზე, როდესაც ხელისუფლება სახლმწიფო მონოპოლიებს ეხმარება, სატვირთოების მძღოლებისთვის ახალი გადსახადი დაწესდა?.. ეს არსწორი, არასამართლიანი და არაკანონიერია“, – განაცხადა მაშინ ნავალნიმ.
ჩინოვნიკების ძვირფასი მანქანების აკრძალვა
2011 წლის მარტში ალექსეი ნავალნიმ გააკრიტიკა დაღესტნის ფინანსთა მინისტრის, აბდუსამად გამიდოვის გადაწყვეტილება 8,5 მილიონ რუბლად (1,2 მილიონი ევრო) ღირებული მანქანის ყიდვის და მისი სახელმწიფო შენაძენად გაფორმების შესახებ:
„კავკასიური სიამაყე უფლებას არ აძლევს აბდუსამად მუსტაფაევიჩს, რომ მახაჩკალის გზებზე უმაღლეს დონეზე ბრონირებული AUDI A8L-ის გარდა, რაიმე სხვა მანქანით გადაადგილდეს… რატომ უნდა მოძრაობდეს ასეთი მანქანით ღატაკი რესპუბლიკის მინისტრი? მთელი რესპუბლიკა უსაქმოდაა. კატასტროფული უმუშევრობაა. უამრავი რეალური პრობლემა დაგროვდა. წესიერ ადამიანებსაც კი, ვისაც პატიოსნად სურს შრომა, ამის გაკეთება არ შეუძლიათ.
დაღესტნის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა მუდამ ცენტრისგან მათხოვრობს ფულს და ტერორიზმის ზრდით აშანტაჟებს მათ, თუმცა ამავდროულად რვანახევარ მილიონს მოისვრის ერთი რიგითი მინისტრისთვის, რომლისნაირიც იქ ბლომად ჰყავთ“, – დაწერა ნავალნიმ „ჟივოი ჟურნალში“ თავის ბლოგში.
ამის შემდეგ ჩინოვნიკმა ძვირფასი მანქანის ყიდვაზე უარი თქვა.
კადიროვის „შარიათის ჯარის“ წინააღმდეგ
ნავალნის არერთხელ განუცხადებია, რომ ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა, მოსკოვის ფინანსური მხარდაჭერით, ფაქტობრივად საკუთარი „შარიათის ჯარი“ შექმნა.
„ისლამური მოძრაობა ხალხში არ აღმოცენებულა, ის კადიროვის მიერ მკვიდრდდება როგორც მმართველობის ელემენტი. მას ხომ არ შეუძლია, რომ ღიად გაატაროს ასეთი იდეოლოგია – ჩვენ ავტომატებიანი მაგარი ბიჭები ვართ და ამიტომ, ყველამ ფული უნდა გვიხადოსო. მან ეს ყველაფერი ისლამის საფარით შეფუთა; ჰოდა, დადიან და გაუთავებლად ლოცულობენ“, – მიაჩნია ნავალნის.
სისხლის სამართლის დევნა უკანონოდ გამდიდრების გამო
2014 წლის სექტემბერში ალექსეი ნავალნი წინადადებით გამოვიდა, რომ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში ცნება „უკანონოდ გამდიდრება“ შეეტანათ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებინათ იმ ჩინოვნიკებისთვის, რომლებსაც იმ შემოსავლის წყაროს დასახელება არ შეეძლოთ, რითაც მათი რელური დანახარჯები იფარებოდა. უკანონოდ გამდიდრებაში ნავალნი ჩრდილოეთი კავკასიის ხელმძღვანელებს ადანაშაულებდა, პირველ რიგში რამზან კადიროვის კლანს. ნავალნი მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის, დმიტრი პესკოვის თაფლობის თვის შესახებ, რომელიც მან კვირაში 26 მილიონ რუბლად ღირებულ იახტაზე გაატარა. მისი თქმით, იახტაზე დასვენება რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენის, კომპანია „სუმას“ ჯგუფის მფლობელის, მახაჩკალის მკვიდრის, ზიაუდინ მაგომედოვის „გულუხვი საჩუქარი“ იყო.
მიანმას მუსლიმების დაცვა
2017 წლის სექტემბერში კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მოვლენა გახდა გროზნოში გამართული მასშტაბური მიტინგი, მიანმაში როხინჯა მუსლიმების დაცვის მოთხოვნით, რომლებიც ბუდისტური უმრავლესობის მხრიდან ძალადობისა და დევნის მსხვერპლად იქცნენ. მუსლიმების საპროტესტო გამოსვლების კომენტირებისას, ნავალნიმ განაცხადა, რომ თავად როხინჯას ხალხის მოთხოვნებს სამართლიანად მიიჩნევს, მაგრამ მიუთითა, რომ ძალადობის წარმოქმნისთვის პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებასაც ეკისრება.
სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა
2008 წლის აგვისტოში ალექსეი ნავალნიმ კონფლიქტის ძალიმიერი გზით გადაჭრას დაუჭირა მხარი, რითაც საქართველოს მიმართ რუსეთის ქმედება გაამართლა: „თანამედროვე პირობებში, ავტორიტეტი ეყრდნობა მხოლოდ ძალას და ამ ძალის გონივრულად გამოყენების უნარს იქ, სადაც ეს საჭიროა – დარწმუნებული ვარ, რომ ახლა სწორედ „საჭირო“ იყო“.
სიტუაციის გამწვავების პერიოდში ნავალნი სთავაზობდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარება გაეწიათ, სამხრეთი ოსეთ ფრენებისთვის დახურულ ზონად გამოეცხადებინათ და დაუყოვნებლივ ჩამოეგდოთ ყველა სამხედრო ხომალდი, რომელიც ამ ზონაში გამოჩნდებოდა, გამოეცხადებინათ საქართველოს სრული ბლოკადა, გაეწყვიტათ მასთან ნებისმიერი კავშირი და საქართველოს ყველა მოქალაქე რუსეთის ფარგლებს გარეთ გაეძევებინათ.
თუმცა, როდესაც რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე შევიდა, ნავალნიმ მოუწოდა საქართველოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები შეეწყვიტათ და იქიდან რუსი ჯარისკაცები გაეყვანათ (საქართველოს ტერიტორიად ის გულისხმობდა ტერიტორიას აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის გარეშე, რომელთა დამოუკიდებლობის აღიარებასაც ის მიესალმა – JAMnews) .
სავიზო რეჟიმი სამხრეთი კავკასიის ქვეყნებთან
ალექსეი ნავალნიმ მხარი დაუჭირა „სავიზო რეჟიმის შემოღებას ყველა იმ ქვეყანასთან, რომლებიც რუსეთში მასობრივი მიგრაციის წყაროს წარმოადგენენ“. მათ რიცხვში შუა აზია და სამხრეთი კავკასიის ქვეყნები მოხვდნენ.