რამდენი ადამიანი ცხოვრობს დღეს სამხრეთ ოსეთში?
1989 წელს, როდესაც უკანასკნელად აღიწერა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა, აქ 98,5 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, რომელთაგან 65 ათასზე მეტი ოსად ჩაეწერა, 28 ათასი – ქართველად 2 ათასი კი – რუსად.
ამჯერად მოსახლეობის აღწერის ჩასატარებლად 57 ათასი ანკეტა დაიბეჭდა. ცხოვრების ხარისხის დეტალიზაციისათვის ცალკე დამზადდა 27 ათასი ანკეტა. აღნიშნული კითხვარები, ძირითადად, საცხორებელ ფართს ეხება – როდის აშენდა სახლი, რამდენი ოთახია, არის თუ არა გათბობა, ინტერნეტი და ა.შ.
მოსამზადებელი პერიოდი წელიწადნახევრით განისაზღვრა. აღმწერთა გუნდი, რომლებსაც ყველა ბინა და ყველა სახლი უნდა აღეწერა, 214 ადამიანისგან შედგებოდა. ადგილობრივმა ტელევიზიამ სპეციალური კლიპი მოამზადა, რომელშიც მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებდნენ და ურჩევდნენ, რომ ვიდრე უცნობ ადამიანებს სახლში შემოიპატიჟებდნენ, მათი მოწმობები და პასპორტები შეემოწმებინათ.
ანა დრიაევამ ორასზე მეტი ადამიანი აღწერა და აღნიშნავს, რომ სათანადო დოკუმენტების წარდგენა მხოლოდ ერთმა მათგანმა მოითხოვა.
აღმწერთა გუნდის თქმით, მთლიანობაში, მოსახლეობა დიდი ინტერესითა და კეთილგანწყობით ხვდებოდა მათ თანამშრომლებს.
აღმწერებმა საკუთარ თავზე აიღეს ვალდებულება, აეხსნათ მოსახლეობისთვის, რომ ყველა უმუშევარს აქვს უფლება, მოითხოვოს შესაბამისი შემწეობა, რომელიც თვეში 1 550 რუბლით (დაახლოებით $25) განისაზღვრება. იმავე ანა დრიაევამ განაცხადა, რომ მის მიერ გამოკითხულთაგან ყოველ მეთერთმეტე ადამიანს ამ რეგულაციის შესახებ არაფერი სმენოდა.
ინალ თიბილოვი, რომელიც ამ პროცესს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ აღწერა ყველა საზოგადოებისთვის საჭიროა. მისი თქმით, ამ პროექტის შედეგები სამხრეთი ოსეთისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ზუსტი მონაცემები უფრო ეფექტური სოციალური და ეკონომიკური პროგრამების განხორციელების საშუალებას იძლევა. გეგმის მიხედვით, საყოველთაო აღწერა ათ წელიწადში ერთხელ ჩატარდება. “ამას გარდა, მოსახლეობის აღწერას პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს ახალი სახელმწიფოსთვის, რომელსაც თავისი მოსახლეობის შესახებ ზუსტი მონაცემები უნდა ჰქონდეს,” – აცხადებს თიბილოვი.
მომავალში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ჩატარდება ათ წელიწადში ერთხელ.