ჟურნალისტის მკვლელობისთვის საუდის არაბეთს მკაცრი სანქციები ემუქრება
გაზიარება
გაზიარება
ოპოზიციონერი ჟურნალისტი საუდის არაბეთიდან, ჯამალ ჰაშოგი ორი კვირის წინ სტამბოლში დაიკარგა. სავარაუდოდ, იგი მოკლეს.
რა მოხდა?
ВВС-ის ცნობით, 2 ოქტომბერს ჯამალ ჰაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში მივიდა. იქ მას მომავალი ქორწინებისთვის საჭირო დოკუმენტები უნდა გაეფორმებინა.
გარე სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა, როგორ შევიდა ის შენობაში. მას შემდეგ ჯამალ ჰაშოგი არავის უნახავს.
ვერსია
თურქეთის ხელისუფლება საუდის არაბეთს ადანაშაულებს იმაში, რომ ჟურნალისტი საკონსულოს ტერიტორიაზე წამებით მოკლეს. თურქეთის მხარის ვერსიით, ჟურნალისტი 15 კაციანმა ჯგუფმა მოკლა, რომელიც სპეციალურად ამ საქმისთვის საუდის არაბეთიდან ჩამოვიდა.
საერთაშორისო მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ანკარა ფლობს ჯამალ ჰაშოგის წამებისა და მკვლელობის ამსახველ კადრებს. ერთ-ერთი ვერსიით,საკონსულოში წასვლამდე ჰაშოგიმა საკუთარი iPhone თავის საცოლეს დაუტოვა, თავად კი მაჯაზე ეკეთა Apple-watch-ი – საათი, რომელსაც ჩამწერი აქვს და რომელიც მობილურ ტელეფონთან იყო სინქრონიზებული.
საუდის არაბეთის ხელისუფლება მკვლელობასთან საკუთარ კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
ვინ იყო ჯამალ ჰაშოგი?
59 წლის ჰაშოგი საუდის არაბეთის მმართველი დინასტიის ცნობილი და ყველაზე თანმიმდევრული კრიტიკოსი იყო. იგი ელ-რიადში ცხოვრობდა.
თავისი ჟურნალისტური კარიერის დასაწყისში ჰაშოგი ძირითადად ისლამისტ მებრძოლებსა და ტერორისტებზე წერდა. 90-იანების დასაწყისში იგი უსამა ბინ ლადენს დაუმეგობრდა. მაშინ, მსოფლიოსთვის ჯერ კიდევ სრულიად უცნობ ბინ ლადენთან, ჰაშოგმა რამდენიმე ინტერვიუ ჩაწერა.
ჰაშოგი აღიარებდა, რომ ახალგაზრდობაში თანაუგრძნობდა ბინ ლადენს, თუმცა შემდეგ მისი შეხედულებები შეიცვალა და იგი საუდის არაბეთის ყველაზე ლიბერალურ და პროდასავლურ ჟურნალისტად იქცა, რომელიც ისლამური რადიკალიზმის აკრძალვას მოითხოვდა.
2017 წელს ჰაშოგი იძულებული გახდა დაეტოვებინა საუდის არაბეთი, რადგან ხელისუფლებისგან მუქარები და გაფრთხილებები მიიღო.
იგი აგრძელებდა ხელისუფლების კრიტიკას ევროპასა და ამერიკაში ყოფნის დროსაც.
საერთაშორისო რეაქცია
აშშ-ს პრეზიდენტი საუდის არაბეთს „სასტიკ სასჯელს“ დაჰპირდა, იმ შემთხვევაში, თუკი ამ საქმესთან მისი კავშირი დამტკიცდება.
საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც საუდის არაბეთის ხელისუფლებისგან „სანდო გამოძიების“ ჩატარება მოითხოვეს.
ჟურნალისტის საქმის გამო საუდის არაბეთის საფონდო ბაზრის კაპიტალიზაცია 50 მილიარდი დოლარით დაეცა.
სავარაუდოდ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება უცხოელი ინვესტორების მოზიდვის მასშტაბური პროგრამა, რომელსაც რამდენიმე წელია საუდის არაბეთის დე ფაქტო მმართველი, პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი უდგას სათავეში. სალმანი ინვესტორებს ლიბერალიზაციასა და რეფორმებს ჰპირდებოდა, რაც მათ ენთუზიაზმით განაწყობდა. ჰაშოგის ამბავი კი, ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატსაც შეცვლის.