პუტინი ერდოღანს სირიაში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის გაგრძელებას დათანხმდა
BBC-ის ცნობით, რუსეთმა და თურქეთმა შეთანხმება გააფორმეს, რომელსაც მათ „ისტორიული“ უწოდეს.
მოლაპარაკებები სოჭში, პრეზიდენტებს, პუტინსა და ერდოღანს შორის, 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საუბარი იყო სამხედრო ოპერაციაზე, რომელიც თურქებმა ქურთული ფორმირებების წინააღმდეგ სირიაში, 7 ოქტომბერს დაიწყეს – მეორე დღესვე მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღნიშნული ტერიტორიიდან საკუთარი ჯარების გაყვანის შესახებ გააკეთა განცხადება.
საერთაშორისო ექსპერტები თანხმდებიან, რომ სწორედ ამ გადაწყვეტილებამ მკვეთრად გაამწვავა სიტუაცია რეგიონში, იმდენად, რამდენადაც, სწორედ ამერიკელი სამხედროები იყვნენ ქურთების უსაფრთხოების გარანტი, მათი მთავარი მოკავშირეების ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში.
• სირიაში ქურთები რუსეთსა და პრეზიდენტ ასადთან შედიან ალიანსში
• წარუმატებელი ტურისტული სეზონი თურქეთში
• როგორ მოქმედებს თურქული ლირის გაუფასურება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკაზე?
თურქეთის ამ მოქმედებების საპასუხოდ, სირიის პრეზიდენტ ასადის მოკავშირე რუსეთმა, აღნიშნულ რაიონში საკუთარი ჯარები გაგზავნა.
რუსეთის თანხმობა თურქული ოპერაციის გაგრძელებაზე სავარაუდოდ, დაეხმარებათ მათ თავიდან აიცილონ შეტაკება.
მიღწეული შეთანხმების თანახმად, ქურთულ შენაერთებს 150 საათი აქვთ იმისათვის, რომ თურქეთ-სირიის 120 კილომეტრი სიგრძის საზღვარზე, 30 კილომეტრით დაიხიონ უკან.
თუმცა კონფლიქტის საფრთხე რჩება. მედიის ცნობით, ერდოღანს უნდა, რომ ეს მოხდეს 440-კილომეტრიან მონაკვეთზე. მისი მიზანია – უსაფრთხო ზონის შექმნა, რომელშიც სურს განათავსოს 2 მილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილი, რომლებიც ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან.