პარლამენტმა სასამართლოს რეფორმის „მესამე ტალღის“ პაკეტი დაამტკიცა
საქართელოს პარლამენტმა 8 თებერვალს დაამტკიცა საკანონმდელო პაკეტი სასამართლოს რეფორმების „მესამე ტალღის“ შესახებ, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო.
პარლამენტმა თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს უყარა, თუმცა მისი ვარიანტი 26 ხმით 74-ის წინააღმდეგ ჩავარდა. რის შემდეგაც დეპუტატებმა კანონპროექტის პირვანდელ ვერსიას უყარეს კენჭი და პრეზიდენტის ვეტო “საერთო სასამართლოების შესახებ” საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე 97 ხმით 18-ის წინააღმდეგ დაძლიეს.
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარს საპარლამენტო უმცირესობა უჭერდა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, ამ პაკეტის დამტკიცებით ხელისუფლებამ „უარი თქვა სასამართლოსთვის თავისუფლების მინიჭებაზე“. დოლიძის თქმით, ახალი პაკეტის მიხედვით, სასამართლოს თავმჯდომარეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დანიშნავს და შედეგად შესაძლოა სასამართლო სისტემა ამგვარი წესით დანიშნულმა თავმჯდომარეებმა გააკონტროლონ.
მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მესამე ტალღის სახელით ცნობილი პაკეტის მიხედვით:
- სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლე თანამდებობაზე 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით ინიშნება.
- სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეები ნაწილდება ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, სისტემა 2018 წლიდან ამოქმედდება.
- 10-დან 16-მდე იზრდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა. საჭიროების შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს პლენუმი იღებს გადაწყვეტილებას სასამართლოს წევრთა რაოდენობის გაზრდის შესახებ.
- მოსამართლე შეიძლება მივლინებულ იქნეს სხვა სასამართლოში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით, მოსამართლის თანხმობით, 1 წლამდე ვადით. მივლინების ვადის გაგრძელება შესაძლებელია არაუმეტეს 1 წლით, რისთვისაც აუცილებელია მოსამართლის თანხმობა. ერთი და იგივე მოსამართლე მისი თანხმობის გარეშე სხვა სასამართლოში შეიძლება მივლინებულ იქნეს 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ 1 წლის ვადით.
შენიშვნები, რომლებიც პრეზიდენტმა პარლამენტს გადაუგზავნა, თუმცა კანინმდებლებმა მხარი არ დაუჭურეს, ითვალისწინებდა:
- სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევას მოსამართლეების მიერ და არა დანიშვნა იუსტიციის საბჭოს მიერ. ასევე, შენიშვნების თანახმად, ერთ და იგივე პირს აღარ ექნება საშუალება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე და ამვე დროს პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარე. სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გამოყენება შემდგომ დანიშვნებზე აღარ უნდა მოხდეს. მოსამართლეები იუსტიციის საბჭოში უფრო მეტად უნდა იყვნენ წარმოდგენილი.