ნატოს სამიტი. მოკლედ თემებისა და შედეგების შესახებ: აშშ, რუსეთი და კავკასიის ქვეყნები
„აშშ-ს არ აქვს იმის აუცილებლობა, რომ ახლა ნატოდან გასვლის შესახებ იმსჯელოს“, – თქვა ამერიკის პრეზიდენტმა პრეს-კონფერენციაზე ბრიუსელში 11-12 ივლისს ჩატარებული ნატოს სამიტის შედეგებს შეჯამებისას.
ამ ფრაზამ გარკვეულწილად დაასრულა სამიტის საკმაოდ დაძაბული და ზოგჯერ სკანდალური კონტექსტი.
როგორც მოსალოდნელი იყო, იქ ნიუსმეიკერად დონალდ ტრამპი იქცა – უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ორი დღეში მოასწრო, რომ გერმანიისთვის „რუსეთის ტყვე“ ეწოდებინა და ნატოს წევრებისგან ალიანსში მეტი სახსრების ჩადება მოეთხოვა.
გერმანია ტრამპის კრიტიკის ქვეშ იმასთან დაკავშირებით მოექცა, რომ გერმანიის ხელისუფლებამ რუსული გაზის მისაწოდებლად გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობისა და ექსპლუატაციის ნებართვა გასცა. კანცლერმა ანგელა მერკელმა საპასუხოდ საბჭოთა დროინდელი გამოცდილება გაიხსენა და თქვა, რომ საეჭვოა, ტრამპს კარგად ესმოდეს, თუ რას ნიშნავს რუსეთის ტყვეობაში ყოფნა“.
შემდეგ მათ სამიტის კულუარებში იმსჯელეს. მაგრამ, როგორც ჩანს, ტრამპს აზრი არ შეუცვლია – ღამით მან საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ რუსეთისგან ბუნებრივი აირი არავინ უნდა შეისყიდოს, რადგან ეს ამ ქვეყნის დაფინანსებას ნიშნავს.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებით დაემუქრა მათ, ვინც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ში ინევსტიციას დებს.
ძირითადი სამსჯელო თემები ნატოს სამიტზე
რატომ მიაჩნია ტრამპს, რომ ამერიკა მეტს იხდის და რას ფიქრობს ამის შესახებ ევროპა?
სამიტი პირდაპირი მნიშვნელობით იმით დაიწყო, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა მოკავშირეები ორგანიზაციის საერთო ბიუჯეტში არასაკმარისი შენატანის გამო დაადანაშაულა. ის ამის შესახებ პირველად არ ლაპარაკობს, და თან ევროპას დავალიანებებსა და შეთანხმებების დარღვევაში ადანაშაულებს (როგორც ექსპერტები ამბობენ – ტყუილად).
ამჟამად აშშ ნატოს შეიარაღებაზე საკუთარი მთლიანი შიდა პროდუქტის ოთხ პროცენტზე ცოტა ნაკლებს ხარჯავს, მაშინ, როდესაც ალიანსი სხვა მონაწილეები თავდაცვაზე საშუალოდ მთლიანი შიდა პროდუქტის პროცენტნახევარს ხარჯავენ. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს 2013 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ევროპული ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტის შეკვეცას უკავშირდება.
მანამდე ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, 2024 წლისთვის ნატოს ყველა წევრი ქვეყნის შეიარაღება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ ორ პროცენტს უნდა შეადგენდეს. თუმცა, ტრამპმა ამ თანხის მთლიანი შიდა პროდუქტის ოთხ პროცენტამდე გაზრდა შესთავაზა.
მიღწეულია თუ არა რაიმე გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით, ძნელი სათქმელია. დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ევროკავშირის ქვეყნები მზად არიან დაფინანსება გაზარდონ – საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი თქვა, რომ არც ერთ ქვეყანას არ უთქვამს, რომ იმაზე მეტს გადაიხდის, ვიდრე ოთხი წლის წინათ გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
ნატო და რუსეთი
სამიტზე ბევრი დრო დაეთმო რუსეთს.
სამიტის შედეგების შესახებ საერთო დეკლარაცია რუსეთს, კერძოდ, შემდეგი ქმედებების გამო გმობს:
ყირიმის რუსული ანექსია;
მოსკოვის ქმედებები უკრაინის აღმოსავლეთის დესტაბილიზაციის მიზნით;
დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენება;
შეგნებული დეზინფორმაცია და კიბერშეტევები;
სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა.
შემაჯამებელ დეკლარაციაში ნათქვამია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ. ნატო რუსეთს მოუწოდებს, „გაიყვანოს ჯარი აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, შეწყვიტოს სასაზღვრო ღობეების იქ აგება, სადაც ისინი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს ესაზღვრება. … შეწყდეს ამ ტერიტორიების მილიტარიზაცია“.
სამიტის შემაჯამებელ დეკლარაციაში ასევე ნათქვამია გეგმის – „30-30-30-30“ – მიღების თაობაზე. ეს გეგმა იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან ნატოს ნებისმიერი წევრი-ქვეყნის მიმართ აგრესიის შემთხვევაში, 30 დღეში მობილიზდება 30 სახმელეთო ბატალიონი, 30 საავიაციო ესკადრილია, და 30 სამხედრო გემი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ (ისევე როგორც ტრამპმა ტვიტერში), ნატოს სამიტის შესახებ თქვა, რომ ეს „უსარგებლო სამხედრო ბლოკია, რომელიც ბრიუსელში კბილებს აღჭრიალებს“, და ყველას შესთავაზა, რომ ამას ფეხბურთის ყურება ჯობდა.
რას უნდა ველოდეთ პუტინისა და ტრამპის შეხვედრისგან
აშშ-ს პრეზიდენტი 12 ივლისს ბრიუსელიდან ლონდონში გაემგზავრა. 16 ივლისს კი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ჰელსინკში შეხვდება.
იმ საკითხებს შორის, რომლებიც განსახილველად გამოცხადდა – არის აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული სიტუაცია და სირიის ომიც.
BBC-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თავისთავად ის ფაქტი, რომ ეს შეხვედრა დანიშნულია – უკვე რუსეთის დიპლომატიური გამარჯვებაა. ექსპერტების იმის შესახებ ლაპარაკობენ, რომ პუტინმა, ფაქტობრივად, იმის დემონსტრირების შესაძლებლობა მიიღო, რომ ის ძველებურად მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა.
„ის ფაქტი, რო ტრამპი ჰელსინკში პირდაპირ ნატოს სამიტის შემდეგ ჩავა, სადაც მას მოკავშირეებთან აზრთა სხვადასხვაობა წარმოექმნა, კრემლის პოზიციებს კიდევ მეტად გააძლიერებს“, – მიაჩნია რუსეთში აშშ-ს ყოფილ ელჩს ალექსანდრ ვერშბოუს.
„დაყოფილი ნატო – ეს პუტინის ოცნებაა“, – უთხრა მან BBC-ს.
მაკედონია, აზერბაიჯანი და სომხეთი – ეს სამიტის კიდევ ორი არსებითი შედეგია
მაკედონიასთან დაკავშირებით – ამ ქვეყანამ ნატოში შესვლის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად მიწვევა მიიღო.
რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს – ბრიუსელის სამიტის ფარგლებში, ამ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ალმარ მამედიაროვი და ზოგრაბ მნაცკანიანი ერთმანეთს შეხვდნენ.
მნიშვნელოვანი აქ ის იყო, რომ სომხეთში ხელისუფლების შეცვლისა და ახალი მმართველობის ჩამოყალიბების შემდეგ ეს მინისტრების პირველი შეხვედრა იყო. ამ შეხვედრის რაიმე შედეგის თაობაზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.