ნარკოდამოკიდებულება აზერბაიჯანში - "თითქოს ეს ჩვენ არ გვეხება"
აზერბაიჯანში ნარკოდამოკიდებულება უფრო ტაბუირებული თემაა, ვიდრე სამსჯელო. ნარკოდამოკიდებულთა ნათესავები მთელი ძალით ცდილობენ პრობლემის მიჩქმალვას, და ამაზე ჩურჩულით ლაპარაკობენ. გადაჭარბებული დოზისგან სიკვდილი უფრო ხშირად „ბუნებრივი აირის გამონაბოლქვით მოწამლვად“ ცხადდება.
თემის მიჩქმალვის გამო, ამ საკითხს ახლავს უამრავი შეკითხვა და მითი, რომელთაგან უმთავრეს საკითხებში გარკვევას ჩვენი გმირების და ექსპერტების დახმარებით შევეცდებით.
აზერბაიჯანში ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა სულ უფრო მატულობს. ამჟამად 10 ათას ადამიანზე 30 ნარკოდამოკიდებული მოდის – 2010 წელს 28 ადამიანის ნაცვლად. ქვეყანაში თითქმის 30 ათასი ადამიანი – ეს მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკაა.
აზერბაიჯანი ავღანეთიდან, ცენტრალური აზიიდან და ირანიდან რუსეთსა და ევროპაში ნარკოტიკების გასატანად სატრანზიტო ქვეყანაა. ქვეყანაში ძირითადად პოპულარულია ჰეროინი, აქ ნარკოტიკის შემცველი მცენარეები მოჰყავთ.
ფარიდი, 28 წლის
ფარიდი (სახელი შეცვლილია), შეხვედრაზე რომ მოვიდა, დაბნეული ჩანდა. „მაპატიე, ცოტა მხიარულად ვარ“, – ხელით მიჩვენა, რომ „ბალახი“ ჰქონდა მოწეული.
ფარიდმა ნარკოტიკები პირველად უნივერსიტეტში, საზღვარგარეთ სწავლის დროს გასინჯა. წვეულებაზე ერთ-ერთმა მეგობარმა დანარჩენებს თამბაქოს გასახვევი ქაღალდები დაურიგა. „ძალიან მთვრალი ვიყავი და გამიკვირდა, თავი უცნაურად რომ ვიგრძენი. ამ შეგრძნებას „ცხადში სიზმარს“ დავარქმევდი.
“მეორედ სადღაც ერთ კვირაში გავსინჯე, უკვე ფხიზელმა. და მომეწონა. მარიხუანას დღესაც ხშირად ვეწევი – ჩემი აზრით, ის ბევრად სასარგებლოა, ვიდრე ალკოჰოლი და სხვა ნარკოტიკებივით მავნებელი არ არის“.
ნარკოტიკებით მიღებული სწრაფი და ნელი ზიანი
ინტერნეტში ბევრი პოპულარული ნარკოტიკის შესახებ შეიძლება ამოკითხვა, რომ ეს ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმს „ტექნიკურ“ ზიანს არ აყენებს, ზოგიერთი კი წინათ მასობრივი მოხმარებისთვის წამლადაც გამოიყენებოდა. ეს მართლაც ასეა, მაგრამ ყველაზე „უვნებელი“ და „ბუნებრივი“ ნარკოტიკებიც კი არაპროგნოზირებადია – თითოეულ ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს და სხვადასხვა დროს – ერთსა და იმავე ადამიანზეც კი.
ნარკოლოგი ვაფა ალიევა მიიჩნევს, რომ თავისებურად ყველა ნარკოტიკი საშიშია, განსაკუთრებით კი მათი „ახალი თაობა“:
„უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში აზერბაიჯანში ეგრეთ წოდებული „დიზაინერული ნარკოტიკები გაჩნდა“.
მათ პირველი მოხმარებისთანავე შეუძლიათ ადამიანის მოკვლა.
ფარიდი თავის იმ ნაცნობების შესახებ ჰყვება, რომლებმაც ნარკოტიკების „ნელი ზიანი“ საკუთარ თავზე გამოსცადეს. ყველა მათგანი ერთსა და იმავე სქემას გადის: მარიხუანას მოწევა, დიდებული შეგრძნებები, გრძნობა, რომ ყველაფერს აკონტროლებ. შემდეგ ნაცნობი დილერი ამბობს, რომ დღეს მარიხუანა არ არის, და ადამიანი რაღაც უფრო ძლიერს ყიდულობს. შემდეგ კი უკვე დოზა მატულობს, ჩნდება დამოკიდებულება, მთავრდება ფული, და გზა უვნებელი „ბალახიდან“, რომელსაც „ყველა ეწევა და არც არაფერი“, რაიმე იაფფასიანი „შუშის“- „მეცნიერებისთვის უცნობი“ მინარევებიანი მარილის გადაჭარბებული დოზით სრულდება.
პირველი გასინჯვის შემდეგ ფარიდმა ექსპერიმენტები გააგრძელა. ყველაზე ხშირად რაიმე ახალს მეგობრები სთავაზობდნენ, და ამ ყველაფერს ერთად მოიხმარდნენ – უფრო მხიარულად რომ ყოფილიყვნენ.
ის დაწვრილებით აღწერს თითოეული ნარკოტიკით მიღებულ საკუთარ შეგრძნებებს – უფრო მეტად ეს არის მოდუნება, სტრესის მოხსნა, უზრუნველობა, ირგვლივ ყველას მიმართ სიყვარულის შეგრძნება და გრძნობა, რომ შენც უყვარხართ – „თითქოს „სიკეთის“ თბილ, ფუშფუშა, რბილ საბანში ხარ გახვეული.
ზოგჯერ უცნაური და უჩვეულო შეგრძნებები, პარკში მოცეკვავე ნაძვის ხის დანახვის მსგავსი.
„ზოგიერთი ნარკოტიკი მას „უფრო ეფექტიანს“ ხდიდა:
„თუკი მთელი სემესტრის განმავლობაში წიგნი არ გადაგიშლია, და ის გამოცდამდე დარჩენილ 11 საათში უნდა წაიკითხო, კოკაინის გარდა, სხვა ვარიანტი არ გაქვს. ყოველ სესიაზე ასე ვიქცეოდი. ერთხელ კი, პირდაპირ გამოცდაზე შევიყნოსე.
ბაქოში დაბრუნების შემდეგ ნარკოტიკებით გართობას ზოგჯერ ისევ ვაგრძელებდი, თუმცა მათი შოვნა ხშირად ბევრად რთული იყო. მეთილენ დიოქსინ მეტამფეტამინი, ექსტაზი, მარიხუანა – რისი შოვნაც მოვახერხე, ყველაფერი გავსინჯე“.
ბაქოში ბევრი ნარკოტიკი ადვილი საშოვნელია, და ეს ნარკოტიკები შედარებით იაფია – დოზაში რამდენიმე დოლარით. დილერებთან კონტაქტები „უშუალო რადიოს“ საშუალებით ვრცელდება.
ფარიდმა დაადგინა, თუ რა „გვერდითი ეფექტები“ ახასიათებს თითოეული ამ ნარკოტიკის მოხმარებას.
“ყველაზე უარესი ალბათ მეტამფეტამინი იყო. ჯერ ერთი, მთელი ენა დაჩეხილი მქონდა, რადგან ყბებში გიჭერს, მთელი საღამო წყალს სვამ, სიგარეტს ეწევი, საღეჭ რეზინს ღეჭავ, ამ ყველაფრის შემდეგ ჭამა გიჭირს, თანაც ვერ იძინებ.
ერთხელ გასაუბრებაზე წასვლა მომიხდა, არადა ახალი ნივთიერების შემდეგ თავს ცუდად ვგრძნობდი. სამუშაოდ მიმიღეს, თანაც მომიწია, რომ საქმეს მაშინვე შევდგომოდი. ამ დროს ერთი სული მქონდა, სახლში წავსულიყავი და წამოვწოლილიყავი“.
ბევრს მიაჩნია, რომ ნარკოტიკების ერთხელ გასინჯვით ადამიანი სამუდამოდ იღუპება. ხშირად ასეც ხდება, მაგრამ ფარიდს ასე არ დაემართა. მან ყველაფერი გასინჯა, და დროდადრო მარიხუანას მოწევაზე შეჩერდა. ამჯერად თავის ყველაზე მთავარ დამოკიდებულებად სიგარეტს მიიჩნევს.
ვინ შეიძლება მივიჩნიოთ დამოკიდებულად?
განმარტავს ფსიქოლოგი აზად ისაზადე:
„პერიოდულად ნარკოტიკებით გართობის მოყვარულ და ნარკოდამოკიდებულ ადამიანს შორის ძალიან პირობითი ზღვარი არსებობს. შეიძლება ალკოჰოლიზმთან პარალელის გავლება და „გაბოლება“ ლუდის მოყვარეობას შევადაროთ. ოღონდ უნდა გავითვალისიწინოთ, რომ ადამიანი ნარკოტიკს გაცილებით სწრაფად ეჩვევა, ვიდრე ალკოჰოლს. მაგალითად, ჰეროინის სამი-ოთხი ინექცია საკმარისია.
დამოკიდებულების ნიშნებია – როდესაც ნარკოტიკის გარეშე ადამიანი მოღუშული, უინიციატივო, მოდუნებული ხდება, ყველაფერი სტკივა. მორიგი დოზის მიღების შემდეგ კი, აქტიური და მხიარულია“.
“სტერეოტიპების წყალობით, ბალახის მომხმარებელ ადამიანსა და ჰეროინზე დამოკიდებულ ადამიანს ერთმანეთისგან არ განასხვავებენ, – ამბობს ფარიდი, – ასეთ ადამიანებს შენზე გულწრფელად შესტკივათ გული, რადგან შენ კვირაში ერთხელ თავს ბალახის მოწევის უფლებას აძლევ, თუმცა ძალიან წყნარად ეკიდებიან იმას, თუკი სამი საათის განმავლობაში არაყს სვამ.“
სამაგიეროდ, ფარიდის ბევრ ნაცნობს ნაკლებად გაუმართლა. მათი ისტორიების მოყოლისას ფარიდი დასძენს, რომ ისინი სუსტი ნებისყოფის ადამიანები არიან.
ფარიდის ნაცნობები
„მაგალითად, თანაკურსელი, რომელიც კოკაინზე იყო დამოკიდებული, სწავლას იგნორირებას უწევდა, სამ-სამი დღე-ღამე არ ეძინა, შემდეგ კი ორ დღე გამოძინებას უნდებოდა.
ერთხელ მიამბო, თუ სახლში როგორ დაეცა, და მისი თქმით, როგორ ჩავარდა კომაში. და არც იცის, ასე რამდენ ხანს იწვა. ზოგჯერ მას „ტანში მტვრევა“ ეწყებოდა, და ეს საშინელება იყო, განსაკუთრებით მისი ავადმყოფური მზერა, რომელიც თითქოს იმედს ეძებდა. ახლა, თითქოს დაანება.
კიდევ ერთი ნაცნობი გოგონა მეტამფეტამინზე იყო დამოკიდებული, ან ჰეროინზე „მჯდომი“ ბიჭი. ეს ადამიანები რაღაც „უსარგებლო ელემენტები“ არ იყვნენ, ისინი მკაცრ რეალობას არ გაურბოდნენ, მათ უბრალოდ სიამოვნება სურდათ“ [ფარიდი სიტყვა „კაიფის“ მოყვარულებს“ ამბობს – რედ].
ყოფილი ნარკომანები არ არსებობენ?
ფსიქოლოგი აზად ისაზადე:
„არსებობს ერთგვარი ნახევრად მითი, რომ ნარკოდამოკიდებულება არ იკურნება. დიახ, ეს ძალიან ძნელია. მაგრამ საქმე ისაა, რომ განკურნებულები „არ ჩანან“, ისინი ამის შესახებ ყველგან არ გაჰყვირიან. ამიტომ, ადამიანები ძირითადად მათ ამჩნევენ, ვინც ისევ იწყებს.
ბევრი წარმატებით განკურნებული პაციენტი მყოლია. ერთ-ერთ მათგანს თვეში ერთხელ ვხვდები, არადა ყოველდღიური ვიზიტებით დავიწყეთ“.
„განკურნებად“ სოციალიზაცია და საზოგადოებაში ნორმალური ცხოვრება მიიჩნევა, და არა დამოკიდებულების ნულამდე დაყვანა.
განმარტავს ექიმი-ნარკოლოგი ვაფა ალიევა:
„ჩვენ არ ვამბობთ „ყოფილი ნარკოდამოკიდებულები“, რადგან გამოჯანმრთელება მთელი ცხოვრება გრძელდება. და მაინც, ადამიანები რეაბილიტაციის შემდეგ ძალიან იცვლებიან. კმაყოფილებიც კი არიან იმით, რომ ამ უბედურებას გადააწყდნენ, რადგან გრძნობენ, თუ სულიერად როგორ მდიდრდებიან, როდესაც ამ დამოკიდებულებას სძლევენ“.
კამილი, 24 წლის
„მამაჩემი, რომელიც ახლა უკვე ჩვენთან არ ცხოვრობს, ჰეროინზე „იჯდა“. როდესაც ჯერ კიდევ დაბალი კლასის მოსწავლე ვიყავი, ჩვენი ეზოდან ხშირად მცემდა ხოლმე უცნაური სუნი. მე და ჩემი ძმა იქ საშინლად მყრალ „კენჭებს“ ვპოულობდით. ერთხელაც ამ „კენჭს“ ენა ავუსვი – და პირი გამიშეშდა, თავშიც რაღაც უცნაური მჭირდა. ეს ჰეროინი იყო. ამის შემდეგ ზოგჯერ მამაჩემს ვპარავდი ხოლმე, რომ ამელოკა“.
უკვე დიდობაში კამილმა Spice გასინჯა. ეს არის მოსაწევი ნაზავი, რომელიც ბევრ ქვეყანაში აკრძალულია. მოქმედი ნივთიერება -სინთეთიკური კანაბინოიდები, რაც მარიხუანას ეფექტის მსგავს ეფექტს იწვევს.
„მთელი სამყარო მხოლოდ ერთი ოთახისგან შედგებოდა და ეს შეგრძნება იმდენად რეალური იყო, რომ ფანჯრიდან გადახტომა მინდოდა, იმის გასაგებად, თუ რა იყო სახლის მიღმა. ფანჯარასთან მივედი, მაგრამ ჩემმა მეგობარმა ხელი მკრა და უკან გადმომაგდო“.
„ყველაფერი უწყინარად დაიწყო, ეს ამბავი შთამაგონებდა, მუსიკის შეგრძნების უნარს მგვრიდა. [კამილი მუსიკოსია. რედ] საქმე ის არის, რომ მე ლეტალური შიზოფრენია მაქვს, და ნარკოტიკები ჩემზე უფრო ძლიერად მოქმედებს. შესაძლოა, ამას ასე მკაფიოდ სინესთეზიის, უფრო სწორედ კი, ჰომესთეზიის გამო აღვიქვამდი.
მე ბგერების ფერის დანახვა შემიძლია, ხმის ტემპერატურის. მუსიკას ფერებად ვგრძნობ. ნარკოტიკის ქვეშ კი, ქიმიის წყალობით, ეს ყველაფერი ასმაგდებოდა“.
ნარკოტიკების არაპროგნოზირებადობის მაგალითი – ეგრეთ წოდებული „ბედ-თრიპი“- როდესაც ნარკოტიკის მომხმარებელს, ჩვეული „ლაღ ცხოვრების შესახებ“ კინოს ნაცვლად, ხელში საშინელებათა ფილმი შერჩება.
„მახსოვს, ერთხელ კომპანიასთან ერთად სპაისს ვეწეოდი, ყველა იცინოდა, მე კი ცუდად ვიყავი. ეს ჩემი პირველი ბედ-თრიპი იყო. ჩემს თითოეულ მოძრაობას მულტფილმ „ტომი და ჯერის“ ხმები ახლდა. თვალწინ რაღაც უცნაური გამოსახულებები მქონდა და ვერ ვდევნიდი, სულ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ დამიჭერენ. ვხედავდი გაზეთებიდან ამოჭრილ ჩემს ფოტოებს, რომელზეც „ძაღლების“ მიერ გაკოჭილი ვიყავი, და იატაკზე ვიწექი. და ეს ყველაფერი მულტფილმის სტილში იყო.
დროთა განმავლობაში კამილი სპაისზე დამოკიდებული გახდა.
„მე მუსიკოსი ვარ და სპაისი შთაგონებას მგვრიდა. ცხოვრებაში სხვა არაფერი ამეწყო. ჩემი ერთი დოზა ხუთ კაცს ეყოფოდა, მე კი ამ დოზას სულ უფრო ვზრდიდი.
როდესაც სპაისი გაქრა, და ვეღარსად ვშოულობდი, მხოლოდ მაშინ გავათვითცნობიერე, რომ დამოკიდებული ვიყავი.
რამდენიმე ხნის შემდეგ ზურგში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, მთელი სხეული მტკიოდა, როგორც გრიპის დროს. მაგრამ ამ ტკივილში იყო რაღაც ახალიც.
საბნის ქვეშ წევხარ და ცივ ოფლში იწურები, გცივა, თვალები გტკივა. ყველაფერი მეზიზღებოდა, სპაისიც კი აღარ მინდოდა. და საშინელება იყო იმის გათვითცნობიერება, რომ თუ მოვწევდი, კარგად გავხდებოდი, მაგრამ – სულ რაღაც 40 წუთით, მერე კი ისევ ტანში მტვრევა მელოდა.
აგრესიული გავხდი, ყველას ვუყვიროდი, ერთხელ კინაღამ მეგობარს ვცემე. ადამიანი აღარ ვიყავი.
ერთხელ სპაისის ქვეშ ვიყავი, და ამ მდგომარეობაში პოლიციელებმა დამინახეს. გაქცევაც კი ვერ შევძელი. მახსოვს, მათ მანქანაში ვიჯექი და ვფიქრობდი: ყველაზე ცუდი უკვე მოხდა, ახლა მოდუნება და „კაიფიც“ შეიძლება. ბოლოს პოლიციას ადგილზე „მოველაპარაკე“, ფული მივეცი და გამომიშვეს“.
პოლიცია და კანონი
აზერბაიჯანში, კანონით, პირადი მოხმარებისთვის აუცილებელ რაოდენობაზე მეტი რაოდენობის ნარკოტიკების შეძენა ან შენახვა სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ზოგიერთი ნივთიერების მოხმარებისკენ მიდრეკილებისთვის კი, შესაძლოა, ადამიანს თავისუფლების ორიდან ხუთ წლამდე აღკვეთა მიუსაჯონ. მაგრამ თუკი მსჯავრდებული ნარკოტიკული დამოკიდებულების მდგომარეობაში იმყოფება, მაშინ პატიმრობის ვადა შეიძლება იძულებითი მკურნალობით შეიცვალოს.
როგორც ნარკოდამოკიდებულები ჰყვებიან, პოლიცია უფრო ხშირად იმ ადამიანებს აკავებს, ვინც საკუთარი მოხმარებისთვის მსუბუქ ნარკოტიკებს ყიდულობს, და შემდეგ მათ, მათივე მშობლებისგან ქრთამის სახით მიღებული 1500-3000 მანათის [$900-1800] სანაცვლოდ, ათავისუფლებენ.
შემდეგ იყო სხვა, გაურკვეველი წარმოშობის ქიმიური ნივთიერებები – და დოზის გადაჭარბების შემთხვევები.
„მახსოვს, ნაცნობებთან ერთად როგორ გავიკეთე პირდაპირ ეზოში მორიგი გაურკვეველი „ქიმია“ და ყველა ცუდად გახდა, ფეხზე ადგომა არავის შეეძლო. მეგონა, რომ მოვკვდებოდი, და მინდოდა, ეს სახლში მომხდარიყო. უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და ბინამდე მივაღწიე, შესასვლელში იატაკზე დავეცი, და ველოდებოდი, როდის გამივლიდა, ვლოცულობდი, ვიფიცებოდი, რომ ამას თავს დავანებებდი.
მივხვდი, რომ ცხოვრების ასეთი წესი მომკლავდა, და დოზის შემცირება დავიწყე. საბოლოოდ, მოწევას შევეშვი, გავუძელი და დამოკიდებულებისგან გავთავისუფლდი.
ნარკოდამოკიდებულება ძვირი მიჯდებოდა. ბევრი ადამიანის ვალი მქონდა, ნივთების გაყიდვა მიწევდა. საყვარელ გოგონას დავშორდი, იმიტომ, რომ ნარკოტიკები იმ ფულს და დროს მართმევდა, რასაც მანამდე მისთვის ვხარჯავდი“.
კამილის ნაცნობები
„მყავდა ერთი უახლოესი მეგობარი. გაკეთება დაიწყო, ამას მერჩივნა, მომკვდარიყო. ის უკვე სულ სხვა არსებაა, რომლის გონება მხოლოდ ახალი დოზის მოპოვებით არის დაკავებული.
ერთი ჩვენი სკოლელი ბიჭი აზარტული თამაშების გენიალური მოთამაშე იყო – ბილიარდის, კარტის, ნარდის. ლეგენდები დადიოდა, რომ მას შეეძლო სახლიდან ჯიბეში ხურდებით გასულიყო, და უკან სამი ათასი დოლარით დაბრუნებულიყო. იმდენად კარგად თამაშობდა, რომ ბევრ არალეგალურ დაწესებულებაში არ უშვებდნენ. ალბათ უზრუნველი ცხოვრებისა და ადვილად მოპოვებული ფულის გამო ჰეროინის კეთება დაიწყო.
უბანში ერთი ადგილი გვაქვს, სადაც აქაური ბიჭები იკრიბებიან ხოლმე. და ისიც იქ ზის. სკოლის ბავშვები რომ ჩაივლიან, ვინც მას იცნობს, ესალმებიან. ის კი წამოხტება და ღრიალს უწყებს, – „თქვენ არაფერი გესმით! არარაობები ხართ! ვერ გიტანთ! ნახეთ, რა მიქენით!“ შემდეგ ფეხსაცმელს იხდის, და მთელი ძალით ბეტონის ბორდიურს ურტყამს.
ხალხმრავალ ადგილებში იშვიათად ჩნდება, და თუ ჩნდება, მოჩვენებასავით უყურებენ.
კიდევ ერთ ბიჭს ვიცნობ – დაქორწინებულია, პატარა ბიჭუნა ჰყავს. ასევე ჰეროინზე „ზის“. გარეგნულად სრულიად ნორმალურია, ზედმეტადაც კი. ხშირად ნახავთ, თუ როგორ ჯდება ტაქსიში თავის ცოლთან ერთად, და იქ მიჰყავს, სადაც მისი ცოლი, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სექსუალური ხასიათის მომსახურებას უწევს ვინმე მსურველს. ალბათ ქალიც ნემსზე „ზის““.
მარიამი, 28
“მე და ჩემი ყოფილი ქმარი სულ ერთი თვის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს, ვიდრე ერთად დავსახლდებოდით. ყველაფერი მშვენივრად იყო – მას ოჯახი უნდოდა, ბავშვები, ყოველთვის ძალიან მომთმენი იყო. არასდროს ვჩხუბობდით. ვიცოდი, რომ ოდესღაც ნარკოტიკებზე „იჯდა“, მაგრამ შემდეგ თავი დაანება. ვიფიქრე კიდეც, – აი, ნებისყოფაც ესაა, ყოჩაღ.
ვიდრე ნარკომანთან ცხოვრების გამოცდილებას მიიღებ, ბევრ რამეს ვერც ამჩნევ. ან დაღლილობას აბრალებ, ან ალკოჰოლს, ან სხვა რამეს.
ამასობაში ყველაფერი სტანდარტული სქემით მიდის – ტყუილები, სახლიდან გასასვლელად მიზეზების გამოგონება, შემდეგ ქურდობა, და დოზის გადაჭარბების შემთხვევები.
მახსოვს, ჩემი ქმარი სახლში მეზობელმა მოიყვანა, როდესაც ზედმეტი დოზისგან ქუჩაში დაცემულს წააწყდა. დამიბარა, – დაძინების საშუალება არ მისცე, თორემ ვერ გაიღვიძებსო. მოკლედ, ეს რაღაც აბსურდის აპოგეა იყო. მე და დედამისი ვსხედვართ და ქალაქობანას ვეთამაშებით, რომ არ დაეძინოს. ნორმალურად აზროვნებს, გვპასუხობს, მაგრამ ემჩნევა, რომ სინამდვილეში ჩვენთან არ არის, სადღაც თავის სამყაროშია.
ჩემი აზრით, რამდენ ხანსაც მას ვიცნობდი, სწორედ იმ სამყაროში ცხოვრობდა. სამაგიეროდ, მე დაუსრულებელ კოშმარში ვცხოვრობდი. ქუჩებში შპრიცების შემჩნევა დავიწყე, რომლებსაც ადამიანები ჩვეულებრივ გვერდს ისე მშვიდად უვლიან, ვერც ამჩნევენ. ზაფხულობით გრძელსახელოებიან პერანგებში გამოწყობილი მამაკაცებსაც ვაქცევდი ყურადღებას.
ქმრის თითოეული ნაბიჯის შემოწმების – ნანემსარი ხომ არ აქვს, და სხვა „ბედნიერებების“ გარდა, კიდევ სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობაც გვიწევდა. მაგალითად, ნარკოლოგიურ დისპანსერთან. იქ 400 მანათი გამოგვართვეს იმაში, რომ ჯერ ერთი (ქრთამისა და „ადგილი არ არის“ გარეშე ), მიეღოთ ხოლმე, და მეორეც – სხვა გვარით დაერეგისტრირებინათ.
დისპანსერში მკურნალობაზე საუბარიც არ არის. მყავს ნაცნობები, რომლებსაც ოჯახში იგივე პრობლემა აქვთ, მაგრამ ისეთს არავის ვიცნობ, ვინც ბაქოს დისპანსერში გამოჯანმრთელდა. იმიტომ, რომ იქ ეს უბრალოდ შეუძლებელია. ადამიანებისთვის, ნარკოტიკის ნაცვლად, რაღაც შემცვლელი ნივთიერებების მიცემა, ადამიანების საწოლებთან მიჯაჭვა – ეს მკურნალობა არ არის“.
მკურნალობა აზერბაიჯანში
ახლახან ახალი რესპუბლიკური ნარკოლოგიური ცენტრი ამუშავდა, მაგრამ რეაბილიტაციის განყოფილების გახსნას ჯერ მხოლოდ აპირებენ, როგორც ექიმი ნარკოლოგი ვაფა ალიევა ჰყვება:
„რეაბილიტაციის სისტემა ჩვენთან ჯერ მხოლოდ აწყობის პროცესშია, ისეთ ქვეყნებში კი როგორიცაა რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, ეს სისტემა უკვე ამოქმედებულია, ასე რომ, თუკი პაციენტი რუსულ ენას ფლობს, მისი იქ გაგზავნა გაცილებით სწრაფი და ეფექტური გზაა“.
აზერბაიჯანში ყველა ნარკოდამოკიდებულმა სტაციონარში მკურნალობა რომ გადაწყვიტოს, მათ კლინიკებში ადგილი არ ეყოფოდათ.
ბაქოში მოქმედებს ქალაქის ნარკოლოგიური დისპანსერი (სადაც ექიმი ვაფა ალიევა მუშაობს) და რესპუბლიკური ნარკოლოგიური ცენტრი (400 საწოლი), სხვა ქალაქებში საავადმყოფოებში მცირე სპეციალიზებული განყოფილებებია გახსნილი.
სახელმწიფო კლინიკებში ჯერ კიდევ იყენებენ მეტადონის თერაპიას – „ჩამანაცვლებელი“ ეფექტი, რომელიც ორგანიზმის ნარკოტიკებისგან „ტექნიკურ“ გასუფთავებაზე შორს არ მიდის.
არსებობს ასევე დამოუკიდებელი თანამეგობრობები, რომლებიც პროგრამა „12 ნაბიჯის“ მიხედვით მუშაობენ. ეს მთელ მსოფლიოში ცნობილი მკურნალობის სისტემაა, რომელიც აზერბაიჯანში 2014 წლიდან მოქმედებს. ბაქოს ქალაქის საავადმყოფოში ამ სისტემას იმ პაციენტებს ურჩევენ, ვისაც მედიკამენტური მკურნალობა უკვე გავლილი აქვს.
„და პოლიციაშიც ვიყავით, – ჰყვება მარიამი, – ნარკოტიკების მოხმარებაზე არავითარი მუხლი არ არსებობს, მაგრამ თუ ადამიანი დოზის ზემოქმედების ქვეშაა, და კიდევ თან რაიმეც აქვს, გარკვევას არავინ დაიწყებს – თვისთვის უნდა ეს, თუ არა. რასაკვირველია, ეს მათ ეხებათ, ვისაც ქრთამის სანაცვლოდ არ ათავისუფლებენ. ზოგჯერ, თუკი ოჯახს ფული არ აქვს, შესაძლებელია, რომ ნარკოდამოკიდებული უბრალოდ გაუშვან.
ყველას, ვისაც ახლობელი ადამიანი ამ უბედურ მდგომარეობაში ჰყავს, შემიძლია ვუთხრა: თუ საშუალება გაქვთ – გაემგზავრეთ. უბრალოდ, ადამიანს ხელი მოხვიეთ და იქ წაიყვანეთ, სადაც ნარკოდამოკიდებულებს მკურნალობენ. მოაშორეთ „მეგობრებს“, ნაცნობ დილერებს, პოლიციას.
თუ ხედავთ, რომ ადამიანს მკურნალობა თვითონ არ უნდა – თავი დაანებეთ. ნურანაირ დაპირებებს ნუ დაუჯერებთ, რადგან ნარკოტიკული დამოკიდებულებით მოწყვლადი პირი – უკვე ადამიანი აღარ არის“.
როგორ ვუმკურნალოთ ნარკოდამოკიდებულებას?
როგორ ვუმკურნალოთ ნარკოდამოკიდებულებას?
იმ ყველაფრის შეჯამებით, რაც ექსპერტებმა და ამ სტატიის გმირებმა გვიამბეს, რამდენიმე დასკვნის გამოტანა შეიძლება:
- თუ კლინიკაში ჰოსპიტალიზება და სერიოზული მკურნალობაა საჭირო, ჯობს, ავადმყოფი აზერბაიჯანიდან სხვა ქვეყანაში გავამგზავროთ. ამ გზით მისთვის სერიოზული და კვალიფიციური მკურნალობის უზრუნველყოფა შეიძლება, და თან „მომხმარებელთა“ წრესაც ჩამოვაშორებთ.
- საჭიროა თავად პაციენტის სურვილი. ექიმთან მის ძალით მიყვანას აზრი არ აქვს. თუკი მკურნალობის სურვილი არსებობს, და თქვენ აზერბაიჯანში ცხოვრობთ, მოძებნეთ არა კლინიკა, არამედ კარგი ექიმები.
- მკურნალობის კლასიკური სქემაა -დეზინტოქსიკაცია, მწვავე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება, მედიკამენტური მკურნალობა ნერვული სისტემის აღსადგენად, შემდეგ კი ფსიქოლოგთან კონსულტაცია. ბოლო ეტაპის გარეშე, სხვა დანარჩენი მეტწილად უშედეგოა.
ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება ნარკოდამოკიდებულთა სტიგმატიზება, როდესაც მათზე, როგორც დაღუპულ ადამიანებზე არსებული წარმოდგენა ამ ადამიანებს საზოგადოებაში თავიდან ინტეგრირების საშუალებას არ აძლევს.
ფსიქოლოგი აზად ისაზადე:
„საზოგადოებაში ნარკოდამოკიდებულებს ხშირად საშიშ და უსარგებლო ადამიანებად მიიჩნევენ, რაც სრულიად არასწორია.
პირადად მე მიმაჩნია, რომ ნარკოდამოკიდებულები სიბრალულსა და თანაგრძნობას იმსახურებენ. ეს ჩემი პირადი მიდგომაა, რადგან ადამიანს ვერ დავეხმარები, თუკი მის მიმართ სიბრალული, თანაგრძნობა და თანაგანცდა არ გამაჩნია“.
ოღონდ ჩემს ოჯახში – არა
სტერეოტიპების გავლენით, ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ ნარკოტიკი ისეთი რამ არის, რაც მათ შვილებს არ შეიძლება დაემართოთ, „რადგან ჩვენი ოჯახი სხვანაირია“. პრაქტიკა უჩვენებს, რომ თვითდამშვიდება, ტაბიურება და ნარკოდამოკიდებულთა ერთგვარი „მდაბიო“ კასტისთვის მიკუთვნება ისეთივე საფრთხილოა, როგორიც – „ცუდი კომპანიები“.
თანაც, პრობლემის მიჩქმალვა ქვეყნის მასშტაბებითაც საშიშია. და ასეთი პრობლემების ფონზე, საავადმყოფოებსა და პოლიციაში არის სხვა პრობლემაც – გლობალური უცოდინრობა ამ სფეროში.
ვაფა ალიევა:
„ჩვენ ვატარებთ ღონისძიებებს, დავდივართ სკოლებში, უფროსკლასელებს ვესუბრებით. მე მათ არასდროს ვაშინებ. ჩემი აზრით, ნარკოდამოკიდებულების შესახებ მოყოლილი საშიში ამბები, და ცოცხლად დამპალი ადამიანების ფოტოები არ მუშაობს. ბავშვებთან ღიად და გულწრფელად ლაპარაკია საჭირო.
მნიშვნელოვანია იმ თემებზე ვესაუბროთ, რაც მათთვის ახლობელია. მაგალითად, ენერგეტიკულ სასმელებზე, და „უვნებელ“ ტაბლეტებზე, რადგან ხშირად ამ ყველაფრის გავლით, ისინი ნარკოტიკებამდე მიდიან. მათთვის ასე უფრო გასაგები ხდება, რადგან შპრიცები და ჰეროინი რაღაც არარეალური, და არცთუ საშიში რამ ჰგონიათ“.