მუხტარლის ოჯახს საქართველოში დაცვა დაენიშნა, ადვოკატი საქმის პროკურატურისთვის გადაცემას ითხოვს
გაზიარება
გაზიარება
საქართველოდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის ცოლი ლეილა მუსტაფაევა თბილისში პოლიციის პირველ განყოფილებაში იმყოფებოდა. შეხვედრა აფგან მუხტარლის ოჯახისა და საქმეში არსებული მოწმეების უსაფრთხოებას შეეხებოდა.
სამართალდამცველთა გადაწყვეტილებით, ლეილა მუსტაფაევას და მის მცირეწლოვან შვილს სახელმწიფო დაცვა უკვე დაენიშნათ. მათ ასევე შეეძლებათ განგაშის ზარის გამოყენებაც. როგორც მუხტარლის ადვოკატმა საქართველოში არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა, საქმის მოწმეთა დაცვის საკითხიც უახლოეს მომავალში გადაწყდება.
საგამოძიებო უწყებიდან გამოსულმა მუსტაფაევამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში დარჩენას გეგმავს, რათა თვალყური ადევნოს თავისი მეუღლის საქმეს. გარდა ამისა, ის შიშობს, რომ აფგან მუხტარლის სიცოცხლეს აზერბაიჯანში საფრთხე ემუქრება. როგორც მუხტარლის ადვოკატმა განაცხადა, დღეს ჟურნალისტის ადვოკატს აზერბაიჯანში არ მისცეს საშუალება ენახა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი.
მუხტარლის ადვოკატი საქართველოში კი საქმის პროკურატურისთვის გადაცემას ითხოვს. ოჯახს ეჭვი აქვს, რომ გატაცებაში საჯარო მოხელეები, კერძოდ, პოლიციელები იყვნენ ჩართულები და ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქმის წარმოებას არ მიიჩნევენ გამართლებულად. ადვოკატის თქმით, ის, რომ საქმეს დღემდე შსს იძიებს, ირიბად მიანიშნებს, რომ მასში პოლიციელების ან სხვა თანამდებობის პირთა მონაწილეობის ვერსია არ განიხილება.
“კანონის მიხედვით, როდესაც საუბარია პოლიციელის, ან საჯარო მოხელის, სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით საქმე პროკურატურას ექვემდებარება. ასევე, საქმის სირთულიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყოველგვარი საფუძველი არსებობს, რომ გამოიძიოს პროკურატურამ”, – ამბობს ადვოკატი ჩოფიკაშვილი.
მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მუხტარლიმ განაცხადა, რომ მისი გამტაცებლები კრიმინალური პოლიციის ფორმაში იყვნენ გამოწყობილნი.
ჟურნალისტი აფგან მუხტარლი აზერბაიჯანიდან 2014 წელს გაემგზავრა. ის აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან ხშირად განიცდიდა სხვადასხვა სახის ზეწოლას. მისი რამდენიმე სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში კომუნიკაციის პროცესშია. ბოლო დროს ის თანამშრომლობდა საერთაშორისო მედიასა და ორგანიზაციებთან – IWPR და Meydan.tv
მუხტარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანელი სამართალდამცავების ხელში იყო. თავად მუხტარლის თქმით, ის საქართველოდან ადგილობრივი სპეცსამსახურების თანამშრომლებმა გაიტაცეს, ტომარა ჩამოაცვეს და აზერბაიჯანელ სამართალდამცავებს გადასცეს. მუხტარლის აზერბაიჯანის სასამართლომ 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით. მუხტარლის თქმით, მას საზღვარზე 10 ათასი ევრო ჩაუდეს.