მოსკოვში კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ შეთანხმდნენ
ოცწლიანი მუდმივი დავის შემდეგ ხუთი კასპიისპირა სახელმწიფო მზად არის კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ საბოლოო კონვენციის ხელმოსაწერად.
ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა, მოსკოვში 7 კასპიისპირა სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემაჯამებელ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
„ფაქტობრივად, დოკუმენტის ტექსტი უკვე მზად არის“, – ციტირებს ლავროვის სიტყვებს სააგენტო „რია ნოვოსტი“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ დოკუმენტის ხელმოწერა იგეგმება კასპიის მეხუთე სამიტზე, რომელიც შემდეგ წელს ყაზახეთში გაიმართება.
„ჩვენ კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის კონვენციის ირგვლივ პრაქტიკულად 20-წლიანი სამუშაო დავასრულეთ. ეს ტექსტი ჩვენი სახელმწიფოების მეთაურებმა უნდა მოიწონონ, და ვიმედოვნებთ, რომ ისინი მას მხარს დაუჭერენ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
კასპიის ზღვა – მსოფლიოში უმსხვილესი შიდა წყალსაცავია. საბჭოთა კავშირის დაშლისა და კასპიისპირა სახელმწიფოების რაოდენობის ორიდან (სსრკ, ირანი) ხუთამდე (რუსეთი, აზერბაიჯანი, ირანი, ყაზახეთი, თურქმენეთი) გაზრდის შემდეგ აუცილებელი გახდა კასპიის ზღვისთვის ახალი სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა.
აზერბაიჯანი, თურქმენეთი და ყაზახეთი, როგორც ნავთობითა და ბუნებრივი აირით ყველაზე მდიდარი სექტორების მფლობელები, მოითხოვდნენ კასპიის ზღვის შუა ხაზზე გაყოფას, ირანი – ყველა კასპიისპირა ქვეყნის მიერ მის მეხუთედ ნაწილებად დაყოფას. 2003 წელს აზერბაიჯანმა, რუსეთმა და ყაზახეთმა თავიანთი პოზიციები შეათანხმეს, თუმცა ყველა კასპიისპირა ქვეყანას შორის კომპრომისის მიღწევას კიდევ თოთხმეტი წელიწადი დასჭირდა.