ლიტვა ელექტროგადამცემი ხაზის დემონტაჟს აპირებს, რათა ბელარუსის ატომური ელექტროენერგია ევროპაში არ შეუშვას
2020 წელს ლიტვა ევროპაში ყველაზე მძლავრი ელექტროგადამცემი ხაზის დემონტაჟს აპირებს. ეს ხაზი ამ ქვეყანას ბელარუსთან აკავშირებს. ევრორადიოს ცნობით, ამის შესახებ ლიტვის ენერგეტიკის მინისტრმა ჟიგმონტას ვაიჩუნასმა განაცხადა. ლიტვას სურს, რომ ამ გზით ბელარუსის ატომური ელექტროსადგურიდან ევროკავშირში ელექტრენერგიის ექსპორტი აიკრძალოს. პარალელურად, ლიტვა ევროკავშირთან მოლაპარაკებებს მართავს, რომ ევროკავშირისა და მესამე სამყაროს ქვეყნებისთვის კონკურენციის პირობები თანაბარი იყოს.
ასევე ოფიციალური ვილნიუსი აცხადებს იმის სურვილს, რომ „ბელ აეს“-იდან ან სხვა მსგავსი სახიფათო ელექტროსადგურიდან ელექტროენერგია ევროკავშირის ბაზარზე ვერ მოხვდეს (თავად ლიტვა, 2009 წელს დახურული ინგალინის ატომური ელეტროსადგურის ნაცვლად, ახალი, თანამედროვე ელექტროსადგურის აგებას აპირებს — JAMnews).
პროექტი, რომელზეც ლიტვა მუშაობს, 30 მილიონი ევრო ეღირება. მის ფარგლებში იგეგმება ლიტვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ორი ქვესადგურის აღდგენა და 750- კილოვატიანი ელექტრო-გადამცემი ხაზის დემონტაჟი, რომელიც ბელარუსისკენ მიემართება. ლიტვას ბელარუსთან დამაკავშირებელი ხუთი ელექტრო-გადამცემი ხაზი აქვს. მათ შორის ძირითადი და ყველაზე მძლავრი – 750კილოვატიანი ელექტრო-გადამცემი ხაზი – ეგრეთ წოდებული „ატომური ელექტროსადგურის წრის“ ნაწილს წარმოადგენს.
ვაიჩუნასი აზუსტებს, რომ ასეთი ელექტროგადამცემი ხაზები ევროპაში აღარ არსებობს. მისი დემონტაჟის შემდეგ დანარჩენი ოთხი ელექტრო-გადამცემი ხაზი (ორი 330 კილოვატის სიმძლავრის, და ორიც – 110-110 კილოვატის) მანამდე იმოქმედებს, ვიდრე ლიტვა რუსეთთან და ბელარუსთან საერთო სინქრონულ ზონაში იქნება. ქსელების ევროპასთან სინქრონიზაციის შემდეგ ელექროენერგიის არც ტექნიკური და არც კომერციული ნაკადი არ დარჩება.
ლიტვისგან განსხვავებით, ლატვია ბელარუსიდან ელექტროენერგიის ექსპორტზე უარს არ ამბობს. ლიტველი მინისტრის თქმით, ახლა ამ პრობლემაზე მსჯელობა მიმდინარეობს.
ლიტვა ოსტროვეცში „ბელ აესის“ მშენებლობას თანმიმდევრულად აკრიტიკებს. 2017 წლის სექტემბერში ლიტვის მთავრობამ „ბელ აეს“-იდან ელექტროენერგიის იმპორტის დაბლოკვის გეგმა დაამტკიცა, რათა მისი მშენებლობა გართულებულიყო.