კომპანია „ბიბლუსი“ რეპუტაციის შელახვისთვის თანამშრომლებს უჩივის
კომპანია ”ბიბლუსი” საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის, 9 თებერვალს გავრცელებული ვიდეომიმართვის ავტორებს სასამართლოში უჩივის და მათ მიერ გავრცელებული ფაქტების უარყოფას ითხოვს.
საუბარია იმ დროისთვის ოთხ მოქმედ და ორ ყოფილ თანამშრომელზე, რომლებმაც სოციალური ქსელით 9 თებერვალს ვიდეომიმართვა გაავრცელეს, სადაც საუაბრია კომპანიაში მძმე სამუშაო პირობებზე. ვიდეოს ერთ-ერთი ავტორის თქმით, ისინი დღის განმავლობაში 10 საათს მუშაობენ, მათი ანაზღაურება კი თვიურად 300 ლარს შეადგენს.
„კონსულტანტებს გვიწევს ყველა ტიპის სამუშაოს შესრულება. ერთდროულად ვასრულბეთ კონსულტანტის, მოლარის, დამლაგებლის, საწყობის მიმთვლელის და მტვირთავების ფუნქციებს,“ – აცხადებს ერთ-ერთი თანამშრომელი.
სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა კომპანიის ადმინიტრაცია და თანამშრომლები სიცრუეში დაადანაშაულა. განცხადების მიხედვით, სამუშაო საათები „ბიბლუსი გალერეაში“ განისაზღვრება 8 საათით (ორცვლიანი სამუშაო გრაფიკით) და საბონუსე სისტემაც მოქმედებს .
მოგვიანებით კომპანია „ბიბლუსმა“ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს ორი ავტორი სამსახურიდან გაათავისუფლა. მიზეზად კი კომპანიის იმიჯის შელახვა დაასახელა. აღნიშნული გადაწყვეტილება სტუდენტთა ჯგუფმა „აუდიტორია 115“-მა ბიბლუსის მაღაზიაში გააპროტესტა, კომპანიამ სტუდენტებს ტერიტორია პატრულის დახმარებით დაატოვებინა.
ბიბლუსის თანამშრომლების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მანამდე ასევე დიდი რეზონანსი ჰოპერმარკეტების ქსელის „ფრესკოს“ თანამშრომელთა მიმართვამ გამოიწვია, რომლებიც ასევე მძიმე სამუშაო პირობებს და დაბალ ანაზღაურებას უჩიოდნენ.
ამ მიმართვებს ამ დრომდე არ მოჰყოლია რეაქცია სახელმწიფო შრომითი ინსპექციის მხრიდან. როგორც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, „შრომის ინსპექცია სოციალური ქსელების რეაგირების სამსახური არ არის“. მინისტრმა უკმაყოფილო თანამშრომლებს სასამართლოსთვის მიმართვა ურჩია.