კომენტარი: მოახდენს თუ არა გავლენას სომხეთში ხელისუფლების ცვლა ყარაბაღთან მოლაპარაკებების პროცესზე?
ი
ვნისის დასაწყისში ზოგიერთმა აზერბაიჯანულმა მედია-რესურსმა გამოაქვეყნა სენსაციური ცნობა, იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის არმიის ცალკეულმა ნახჭევანის კორპუსმა სომხეთის რესპუბლიკასა და ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის არსებული საზღვრის მონაკვეთზე 11 ათასი ჰექტარი მიწის მონაკვეთი საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა.
საინტერესოა, რომ სააგენტო, რომელიც ამ სიახლის პირველწყარო იყო, მხოლოდ 2018 წლის აპრილის დასაწყისში შეიქმნა, ანუ ამ ამბის გავრცელებამდე ორი თვით ადრე.
ეს სიახლე თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდმა არ დაადასტურა (მაგრამ არც უარყო).
რა მოხდა ნახჭევანში?
გავიხსენოთ ქრონოლოგიურად:
- ილჰამ ალიევის ვიზიტი ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ის აცხადებს, რომ აზერბაიჯანული არმიის ნაწილების შეიარაღებისთვის ნახჭევანში არის რაკეტები, რომლებიც ერევანს მარტივად მისწვდება.
- 17 მაისს სომხეთის თავდაცვის ახალი მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვარზე საბრძოლო საგუშაგოების შესამოწმებლად ჩავიდნენ;
- 20 მაისს – აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა რიგითი ადილ ტატაროვის დაღუპვის შესახებ, რომელიც „ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკისა და სომხეთის საზღვრის მონაკვეთზე სამსახურებრივ დავალებას ასრულებდა“. სომხური მხარე აცხადებდა, რომ აზერბაიჯანული ნაწილები თავიანთი საბრძოლო საგუშაგოების წინ, საზღვრისკენ გადაწევას ცდილობდნენ;
- 24 მაისს – აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „აზერტაჯ“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკისა და სომხეთის საზღვარზე „გეგმიური საინჟინრო სამუშაოები“ დაიწყო.
- 6 ივნისს – სიახლე „ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის შარურის რაიონის სოფელ გიუნიუტის ( Günnüt) გარშემო მდებარე 11 ათასი ჰექტარი მიწის კონტროლქვეშ მოქცევის შესახებ“;
- 7 ივნისს აზერბაიჯანულ ვიკიპედიაში ჩნდება სტატია „Günnüt əməliyyatı“ (გიუნიუტის ოპერაცია), რომელსაც „გათავისუფლებული ტერიტორიების“ რუკა აქვს დართული.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა არცრუნ ოვანისიანმა თქვა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ სოფელ გიუნიუტში სასაფლაოზე გასვლის ნება ითხოვა, და „ჩვენ უარი არ გვითქვამს“-ო. სომეხ ჟურნალისტებს ამ სიტყვების გულწრფელობაში მაშინვე ეჭვი შეეპარათ.
მთლიანობაში კი, თუ რა მოხდა სინამდვილეში საზღვარზე, ამის მხოლოდ მიხვედრა შეიძლება.
რა გავლენას მოახდენს ეს ინციდენტი და სომხეთში ხელისუფლების შეცვლა ყარაბაღის ირგვლივ სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესზე
მადრიდის პრინციპები, რომელთა გარშემოც, ათ წელიწადზე მეტია, ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, უკვე ყველას საფუძვლიანად მობეზრდა. ეს პრინციპები კარგია სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად, მაგრამ, როგორც ჩანს, სერიოზული გარღვევისთვის არასაკმარისია.
„მადრიდის პრინციპების“ ძალიან მოკლედ გადმოცემული არსი:
- მთიანი ყარაბაღის გარშემო მდებარე ტერიტორიების აზერბაიჯანის კონტროლქვეშ დაბრუნება (ფორმულა 5+2. ხუთი რაიონი თავიდანვე, კელბაჯარის და ლაჩინის – მოგვიანებით, მთიანი ყარაბაღის სტატუსის დაზუსტების შემდეგ);
- მთიანი ყარაბაღისთვის დროებითი სტატუსის მინიჭება, რაც მის უსაფრთხოებასა და თვითმმართველობას უზრუნველყოფს;
- სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის კორიდორის გახსნა („ლაჩინის კორიდორი“);
- მომავალში მთიანი ყარაბაღის საბოლოო სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა იურიდიულად აუცილებელი ნების გამოხატვის (სხვა სიტყვებით, რეფერენდუმის) საფუძველზე;
- ყველა შიდა გადაადგილებული პირისა და დევნილის მათ ყოფილ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნების უფლების უზრუნველყოფა;
- საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიები, რაც მშვიდობის შენარჩუნების ოპერაციას გულისხმობს (მთავარი სადავო საკითხი – სამშვიდობო ძალების შემადგენლობა).
სტატუს-კვო არც აზერბაიჯანს აძლევს ხელს, და არც სომხეთს
აზერბაიჯანს – გასაგებია რატომაც. ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 14%-ს მეზობელი სახელმწიფო აკონტროლებს. დევნილების უზარმაზარი რაოდენობა.
მაგრამ რატომ არ აძლევს ეს ხელს სომხეთს? თითქოს ყველაფერი რიგზეა. „არცახი გავათავისუფლეთ, მიაცუმი (შეერთება),უსაფრთხოების სარტყელი შევქმენით, და ახლა, მოდით, ვიმეგობროთ“.
მაგრამ არსებობს ცნება „კონფლიქტის ფასი“. ყარაბაღის კონფლიქტი სომხეთს ძალიან ძვირი უჯდება – მატერიალური და ადამიანური თვალსაზრისითაც. ფიზულის რაიონის საშუალო სომეხისთვის „გაუგებარ“ ტერიტორიაზე არსებული ჯარის სარჩენად მილიონები იხარჯება, ყოველ კვირას იღუპებიან ახალგაზრდა ახალწვეულები. რისთვის ხდება ეს ყველაფერი?
სომხეთი მდიდარი ქვეყანა არ არის. აზერბაიჯანისგან განსხვავებით, იქ ნავთობი და ბუნებრივი აირი არ აქვთ. ის სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანწილად რუსეთზეა დამოკიდებული. ამიტომაც, სომხეთს ძალიან გაუჭირდება რუსეთის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე უარის თქმა, თუკი რუსეთი მას კომპრომისზე წასვლას აიძულებს.
მაგრამ არის კი მზად სომხეთის ხელისუფლება, რომ თუნდაც ყველაზე რბილი პირობებით, სამშვიდობო შეთანხმებას მოაწეროს ხელი? მთიანი ყარაბაღის გარეთ თუნდაც ერთი რაიონის გასათავისუფლებლად? როგორც ჩანს, საამისოდ ხელისუფლება მზადაც რომ იყოს, საზოგადოება მაინც არ არის მზად.
აზერბაიჯანში სხვა სიტუაციაა. ხელისუფლება ტოტალურად აკონტროლებს მედიას. ერთი გორაკის გათავისუფლებაც კი ხალხს „დიად გამარჯვებად“ მიეწოდება, და ამას ხალხიც ეთანხმება. რომ აღარაფერი ვთქვათ ერთი რაიონის გათავისუფლებაზე, მით უმეტეს – ხუთის, და შვიდის ხომ საერთოდ.
შესაძლოა, აზერბაიჯანის მედია ამჯერად სწორედ ამ ხრიკს მიმართავს, როდესაც ეიფორიას ქმნის იმ სოფელზე კონტროლის აღდგენის გამო, რომელიც რუკაზეც კი ძნელი მოსაძებნია.
მაგრამ სომხეთის საზოგადოება ნებისმიერ კომპრომისს ღალატად შეაფასებს.
ამიტომ, სომხეთის ახალმა ხელმძღვანელმა ნიკოლ ვოვაევიჩ პაშინიანმა „მოქნილი სვლა“ გააკეთა, გადაწყვიტა, რომ არაპოპულარულ, მაგრამ გარდაუვალ კომპრომისულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებას დააკისროს. ის სთავაზობს, რომ მთიანი ყარაბაღის სომეხი წარმომადგენლები მშვიდობიანი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდნენ.
რა რეაქცია ექნება ოფიციალურ ბაქოს? როგორც მოსალოდნელი იყო: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პაშინიანის ახალ ინიციატივას „სასაცილო“ უწოდა. ბაქოსა და ხანკენდის (სტეფანაკერტი) შორის ერთსა და იმავე დონეზე მოლაპარაკება შეუძლებელია.
რა უშლის ხელს ოფიციალურ ბაქოს, რომ „საპასუხო სვლა“ გააკეთოს?
ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, სომხეთის ხელისუფლებასთან ოფიციალური მოლაპარაკებების გაგრძელების პარალელურად, ყარაბაღელ სომხებთან მოაგვაროს ურთიერთობა?
ნუ აჩქარდებით და დამპალი პომიდორების სროლას ნუ დამიწყებთ. ჯერ ერთი, ამგვარ მოლაპარაკებებს საფუძველი, ვიღაცამ კი არა, თავად „ საერთო სახალხო ლიდერმა“ და „დიდმა ბელადმა“ ჰეიდარ ალიევმა ჩაუყარა.
1993 წელს 27 ივნისს მისი მითითებით, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა (და მომავალმა მინისტრმა) საფარ აბიევმა მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მაშინდელ მინისტრს სერჟ სარგსიანს (სომხეთის მომავალ პრეზიდენტს) დაურეკა და ცდილობდა, რომ სომხების მიერ აგდამზე შეტევა შეეჩერებინა.
1993 წლის 13 სექტემბერს ჰეიდარ ალიევის მოადგილე პარლამენტში, აფიადინ ჯალილოვი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს არკადი გუკასიანს (მათ მომავალ პრეზიდენტს) შეხვდა.
1993 წლის 21 სექტემბერს ჰეიდარ ალიევი მოსკოვში შეხვდა და ხანგრძლივი მოლაპარაკებები გამართა ყარაბაღელი სომხების ლიდერთან რობერტ კოჩარიანთან. ამის შემდეგ 50 დღის განმავლობაში ყველა ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ნარჩუნდებოდა. ალიევმა მშვიდად ჩაატარა არჩევნები და აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტი გახდა.
და ბოლოს, 1993 წლის 5 მაისის ბიშკეკის ოქმსა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 12 მაისის შეთანხმებაში თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის წარმომადგენელთა ხელმოწერაც არის.
ამ ყველაფერმა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი ოდნავაც არ შეამცირა, თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას კი ლეგიტიმურობა არ შეჰმატა.
ჩემი აზრით, ყარაბაღელი აზერბაიჯანელების რესურსის ამოქმედება შესაძლებელია. მინსკის კონფერენციის (ჰელსინკში 1992 წელს) მოწვევის თაობაზე ეუთოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აზერბაიჯანის, სომხეთის წარმომადგენლებს, ასევე მთიანი ყარაბაღის „სხვა და რჩეულ წარმომადგენლებს“.
გამონათქვამი „სხვა“, თავისი არსით, მანევრების ძალიან ფართო ველს მოიცავს. აზერბაიჯანს, რასაკვირველია, მთიანი ყარაბაღის „რჩეული“ წარმომადგენლებიც ჰყავს, ესენი არიან პარლამენტში ხანკედინისა და ხოჯალის ოლქების წარმომადგენელი სახალხო დეპუტატები.
მაგრამ მოლაპარაკებების დროს მათ ყარაბაღელი აზერბაიჯანელების „სხვა“ წარმომადგენლები – პოლიტოლოგები და დიპლომატები შეიძლება შეუერთდნენ. დაე, მათ წარმართონ ურთიერთობა ყარაბაღის წარმომადგენელ ისეთივე „რჩეულ და სხვა“ სომხებთან; აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელმძღვანელები კი ამ მოლაპარაკებებს უნდა მფარველობდნენ.
მართლაც, რატომ არ უნდა ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით, რომ მოლაპარაკებებს ახალი იმპულსი შევძინოთ? მით უმეტეს, დასაკარგი მაინც არაფერია.