ისლამური სახელმწიფოს ბებიები
სირიასა და ერაყში, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე იმყოფებიან რუსი ბავშვები, რომელთაგან ბევრი ომში გაჩნდა. ასეთი ბავშვები ძებნის ყველაზე ეფექტური სპეციალისტები მათი ბებიები არიან. მაგრამ რუსეთს ყველა მათგანის გადარჩენაზე ხელი არ მიუწვდება, ბებიებს კი აქტიურობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრებათ.
„ნოვაია გაზეტას“ მასალის მიხედვით
რაისატ ომაროვა და ზუჰრა გაზიაჰმაევა წინათ მეგობრებიც კი არ იყვნენ, უბრალოდ ერთ ქალაქში ცხოვრობდნენ.
2014 წელს ზუჰრას უბედურება შეემთხვა: მისი ვაჟი შამილი „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა. შამილი სხვებზე მეტად რელიგიური არ ყოფილა, განათლებაც ჰქონდა, სამუშაოც, და საერთო ჯამში, სრულ კეთილდღეობაში ცხოვრობდა, მაგრამ ეს ჭირი სადღაც მაინც აიკიდა. მან ცოლი მადინა და აახლშობილი ვაჟი მუჰამედიც თან წაიყვანა.
შამილი მალე დაიღუპა, მადინა კი ძალიან ჩქარა ისევ გათხოვდა. ქალი ტერორისტული სახელმწიფოს ტერიტორიაზე მარტო ვერ იარსებებს – თანმხლები მამაკაცის გარეშე, მას ქუჩაში გასვლის უფლებაც არ აქვს.
„ისლამური სახელმწიფოს“ დაღუპული წევრების ცოლები ეგრეთ წოდებულ „ქვრივთა სახლებში“ მიჰყავთ, სადაც ბოევიკები დადიან, რათა მათთვის შესაფერისი ქალის სხეული აირჩიონ. იქიდან გამოსვლა – დიდი ბედნიერებაა: ვინც არ უნდა იყოს ახალი ქმარი, „ქვრივთა სახლში ცხოვრებაზე“ უარესი ვერ იქნება“.
მადინას „ქვრივთა სახლში“ მოხვედრა არ უნდოდა, და ცოლად თავის თანამემამულეს – რაშიდ ომაროვს გაჰყვა. მისგან გააჩინა მეორე ვაჟი , რომელსაც აბდურაჰმანი დაარქვეს. მალე რაშიდიც დაიღუპა.
მადინა მარტო დარჩა ორი ბავშვით, რომელთაგან უფროსი 2 წლის იყო, უმცროსი კი – მხოლოდ ერთი თვის.
მიმდინარეობდა ბრძოლები, „ისლამური სახელმწიფო“ დანაკარგს ნახულობდა, მადინა ამ ბრძოლებს დანარჩენი ბოევიკების ცოლებთან ერთად გაურბოდა. ახლობლებიდან მას ათასი კილომეტრის მანძილზე დაღესტანში მყოფი ორი, დარდისგან განადგურებული მოხუცი ქალის გარდა არავინ დარჩა. მისი ორი ქმრის დედები, და მისი ორი ვაჟის ბებიები.
ამ ორი პატარა ღვიძლი შვილიშვილი ბიჭის და, როგორც ჩანს, არანაკლებ მათი უიღბლო დედის გულშემატკივრობამ ზუჰრა და რაისატი განუყრელებად აქცია. მათ ომის ექსპერტებზე არანაკლებად კარგად ზეპირად დაისწავლეს საომარი ადგილების რუკა; ყველა საომარი მოქმედების შესახებ ნებისმიერი ცნობის საქმის კურსში იყვნენ, ნაცნობების და ნაცნობთა ნაცნობების საშუალებით ეძებდნენ სირიაში მადინასა და შვილიშვილების კვალს, მარცვალ-მარცვალ აგროვებდნენ ცნობებს მადინასა და ბიჭების ბედზე. ბებიებმა აითვისეს სკაიპი და მესენჯერი, გაარკვიეს, თუ როგორ უნდა დაედგინათ ფოტოების მიხედვით გეოლოკაცია, და ერთი რამ ზუსტად იციან: მათ გარდა, ბიჭებს იქიდან გამომყვანი არავინ არის.
მადინა მესამეჯერ უკვე არაბს გაჰყვა ცოლად. ამ წლის გაზაფხულზე, აღმოსავლეთ გუტას გავლით ჰუმანიტარული კორიდორით გამოსვლის მცდელობისას მადინა დაიღუპა. მას შემდეგ ბებია ზუჰრამ და რაისატმა აქტიური მოქმედებები დაიწყეს ბიჭების გადასარჩენდ, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ გარდა იმისა, რომ არ გაუმართლათ და შეშლილი მშობლების შვილებად გაჩნდნენ.
მადინას ბოლო ქმარი, სწორედ ის არაბი, რომელიც რუსულად ლაპარაკობს, ბიჭებს არ უშვებს. ის ბებიებთან კავშირზე გამოვიდა და მათ, ბიჭების გათავისუფლების სანაცვლოდ, ფული მოსთხოვა.
ფიქრის დრო არ არის. ერთ-ერთი ბიჭუნა ნაწლავური ინფექციით დაავადდა. სენტიმენტების გარეშე თუ ვილაპარაკებთ, ბავშვი იღუპება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დღეისთვის კონფლიქტის ზონიდან შესაძლებელი გახდა 24 ქალის და 74 ბავშვის დაბრუნება. დაბრუნების მომლოდინე ადამიანების სიაში სულ 1521 სახელია. პირველი რუსი ბავშვის დაბრუნება შარშან ზაფხულს მოხერხდა.
ამავდროულად ის ქალები, რომელთა ტერორისტული სახელმწიფოდან დაბრუნებაც შესაძლებელი გახდა, არცთუ იშვიათად „ტერორისტული“ მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმეების ფიგურანტები ხდებიან – იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც მათ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ აქვთ მიღებული, და საკუთარი ნებით ჩაბარდნენ.
ცნობილია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც აპატიმრებენ რუსეთის ტერიტორიიდან თავიანთი ნათესავების დაბრუნებით დაკავებულ პირებს.
ზუჰრას და რაისატს არავითარი მოკავშირეები არ ჰყავთ: რუსეთი ოფიციალურად აბრუნებს ქალებსა და ბავშვებს „ისლამური სახელმწიფოსგან“ გათავისუფლებული ტერიტორიებიდან, მაგრამ ეს პროცესიც ნელა მიდის. რა უნდა ითქვას ორ ბიჭუნაზე, რომლებიც აქამდე ბოევიკების ხელში არიან? ამ ბიჭებამდე ჯერჯერობით ხელი არავის მიუწვდება.