ირაკლი შოთაძე დაბრუნდა. ის კვლავ გენერალური პროკურორია
პარლამენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. მას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა (არცერთი წინააღმდეგი).
კენჭისყრას თავად ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა.
ბოიკოტის ნიშნად, პლენარულ სხდომას არ ესწრებოდა არც ერთი სხვა ფრაქცია უმრავლესობის გარდა.
აღნიშნულ თანამდებობაზე 36 წლის ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ 7 თებერვალს აარჩია.
ირაკლი შოთაძე ერთხელ უკვე იყო საქართველოს მთავარი პროკურორი. მას ეს თანამდებობა 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით ეკავა.
პოსტი მან 2018 წლის 31 მაისს მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე დატოვა. ამ დღეს 16 წლის დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ ისე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ უცნობი დარჩა ვინ მოკლა 16 წლის მოზარდი. ამ ფაქტმა სარალიძის ოჯახის წევრების და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. თბილისში გაიმართა ხალხმრავალი აქციები, სადაც მთელი მთავრობის და ასევე იმდროინდელი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვდნენ. სარალიძის ოჯახის წევრები, ასევე უფლებადამცველები და იურისტები პროკურატურას საქმის მასალების გაყალბებასა და მკვლელებისთვის ხელის დაფარებაში ადანაშაულებდნენ.
საზოგადოებრივი პროტესტის ამ ტალღაზე შოთაძემ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. ბიძინა ივანიშვილმა შოთაძის გადადგომას “მაღალი სტანდარტი” უწოდა და თქვა, რომ მისი აზრით, შოთაძეს ხორავას საქმეში ბრალი არ მიუძღოდა. ოპოზიციას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ შოთაძის დაბრუნება პირადად ივანიშვილის სურვილი და იდეა იყო.
დავით სარალიძის მკვლელობის გამოძიების საეჭვოდ გაჭიანურების გარდა, შოთაძის პროკურორობას კიდევ არაერთი გახმაურებული საქმე დაემთხვა, რის გამოც ის მიუღებელი კანდიდატი იყო ოპოზიციისთვის. მათ შორის, თბილისში გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმე, ასევე პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე.