ილჰამ ალიევმა ევროპის საბჭოს რეზოლუციას „ქაღალდის ნაგლეჯი“ უწოდა
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ აზერბაიჯანთან დაკავშირებით მიღებულ უკანასკნელ რეზოლუციას ჩვენთვის ქაღალდის ნაგლეჯზე დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია. ჩვენ იქ ხსენებულ არც ერთ მოგონილ ბრალდებას არ ვიღებთ და არც ერთ მათ „მოთხოვნას“ არ შევასრულებთ,“ – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საგარეო საქმეთა მინისტრ მევლიუტ ჩავუშოღლუსთან შეხვედრისას.
საუბარია იანვრის ბოლოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ აზერბაიჯანში„პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული შეტყობინებების საქმეზე“ მიღებულ რეზოლუციაზე. მასში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების პრობლემა „სისტემურ ხასიათს“ ატარებს და ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაიჭრას.
აზერბაიჯანის დელეგაცია აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების არსებობას კატეგორიულად უარყოფდა და რეზოლუციის მიღების წინააღმდეგი იყო, თურქეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებმა მას ამაში მხარი დაუჭირეს.
„აზერბაიჯანის მხოლოდ შავ ფერებში დახატვას ცდილობენ და ისევ დაუსაბუთებელ, ყალბ მონაცემებს ეყრდნობიან, მოხსენებებს აქვეყნებენ და რეზოლუციებს იღებენ. თითქოს აზერბაიჯანში პოლიტპატიმრები არიან, თითქოს აზერბაიჯანში დემოკრატიულ პროცესს დაბრკოლებებს უქმნიან. ეს ყველაფერი სიცრუეა, აზერბაიჯანში პოლიტპატიმრები არ არიან, ჩვენ ეს კარგად ვიცით“, – თქვა ილჰამ ალიევმა ჩავუშოღლუსთან შეხვედრისას.
მოცემულ მომენტში საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციები აზერბაიჯანში ადამიანების უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების დაცვას ძალიან დაბალ შეფასებას აძლევენ. ხოლო აზერბაიჯანში პოლიტპატიმართა საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი ტორჰილდურ სუნა ევარსდოტირი საკუთარ ანგარიშებში ამ პრობლემას მუდმივად ეხება. მაგრამ ოფიციალური აზერბაიჯანი ამას ასეთივე სიჯიუტით უარყოფს.
აზერბაიჯანელი უფლებადამცავების სიების თანახმად, ქვეყანაში პოლიტპატიმართა რიცხვი მოცემული მომენტისთვის 120-დან 136 ადამიანამდეა.
• ყოფილი აზერბაიჯანელი პოლიტპატიმრები ციხეში ცხოვრების შესახებ ჰყვებიან
ჩავუშოღლუსთან შეხვედრისას ალიევმა ასევე თქვა, რომ ევროპის საბჭოში „დეგრადაციის პროცესი მიმდინარეობს“:
„ ეს ორგანიაზცია საერთაშორისო არენაზე თავის მნიშვნელობას კარგავს. მას მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე რაიმე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. ორგანიზაციის ავტორიტეტი ძალიან დაეცა და ამის მთავარ მიზეზს იქ გამეფებული თვალთმაქცობა, ორმაგი სტანდარტები და უსამართლობა წარმოადგენს“, – ციტირებს ილჰამ ალიევს Azertag.