თურქეთის ხელისუფლებამ გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი 4,5 ათასი სახელმწიფო მოხელე დაითხოვა
თურქეთის ხელისუფლებამ დაითხოვა თითქმის 4,5 ათასი სახელმწიფო მოხელე, რომლებიც ფეთულაჰ გიულენის მოძრაობასთან კავშირსა და გასული წლის ზაფხულში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში არინ ეჭვმიტანილები.
საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული ახალი ბრძანებულების მიხედვით , 4464 დათხოვნილიდან – 2500 განათლების სამინისტროს თანამშრომელია, დაახლოებით 900 ჟანდარმერიის თანამშრომელია, 400-ზე მეტი – სპეცსამსახურების თანამშრომელი, ასევე – შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა უწყებების თანამშრომლები.
ადრე, გადატრიალების მცდელობის შემდგომი წმენდის ფარგლებში, თურქეთის ხელისუფლებამ უკვე 40 ათასზე მეტი ადამიანი დააპატიმრა, ასევე დაითხოვეს და თანამდებობას ჩამოაშორეს დაახლოებით 100 ათასი სახელმწიფო მოხელე. ყველა მათგანი გიულენთან კავშირშია ეჭვმიტანილი. წმენდის მსხვერპლთა შორის ბევრი მასწავლებელი, პოლიციელი, მოსამართლე და ჟურნალისტია.
- ფეთულაჰ გიულენი – მწერალი, ყოფილი იმამი და მქადაგებელი, ახლა აშშ-ში ცხოვრობს. გიულენმა მთელ მსოფლიოში დააარსა სკოლებისა და უნივერსიტეტების ქსელი. 2008 წელს საერთაშორისო გამოცემებმა Prospect-მა და Foreign Policy-მ ის ყველაზე გავლენიან ინელექტუალად დაასახელეს.
- გიულენი გამოდის რელიგიური ექსტრემიზმისა და ისლამის პოლიტიზაციის წინააღმდეგ. ის ტრადიციულ თურქულ ისლამს ქადაგებს და მას თანაგრძნობისა და სოციალური თანადგომის რელიგიად განიხილავს. ის სხვა კონფესიისა და განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანებთან დიალოგის მომხრეა.
- 2014 წელს თურქულმა სასამართლომ გიულენის დაპატიმრების ორდერი გასცა, მის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის ბრალდებით.
- 2016 წელს ერდოღანმა გიულენი დაადანაშაულა ქურთებით დასახლებულ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში არეულობის მოწყობის ორგანიზებაში. იმავე წლის ივლისში კი ხელისუფლებამ მას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა დასდო ბრალად.
JAMnews-ის დაწვრილებითი მომოხილვა ფეთულაჰ გიულენისა და მისი მოძრაობის შესახებ იხილეთ აქ