თურქეთის პრეზიდენტმა პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებულებები საკონსტიტუციო შესწორებები დაამტკიცა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯიპ ტაიიპ ერდოღანმა 10 თებერვალს დაამტკიცა ქვეყნის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები, რომლებიც პრეზიდენტის უფლებამოსილებებს აფართოებს და, ფაქტობრივად, მართვის საპარლამენტო სისტემიდან საპეზიდენტო სისტემაზე გადასვლას ნიშნავს. ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, შესწორებები რეფერენდუმზე უნდა დამტკიცდეს.
საკონსტიტუციო შესწორებები მანამდე 330 ხმით პარლამენტმა მიიღო. რეფერენდუმი, სავარაუდოდ, 16 აპრილს შედგება, საბოლოო თარიღი სააარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა დაადგინოს.
საკონსტიტუციო შესწორებების მიხედვით, ქვეყანაში მკვიდრდება ძლიერი პარტიული საპრეზიდენტო მმართველობა. პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი ხდება და ენიჭება ისეთი ბრძანებულებების გაცემის უფლება, რომლებსაც კანონის ძალა ექნება, ასევე – საგანგებო მდგომარეობის შემოღების და პარლამენტის დათხოვნის უფლება.
შესწორებების თანახმად, პარლამენტს ჩამოერთმევა უფლებამოსილებების ნაწილი და შეიცვლება სასამართლოსა და პროკურორების უმაღლესი საბჭოს სტრუქტურა.
თურქეთის მოქმედი კონსტიტუცია 1982 წელს მიიღეს. 2007 წელს, რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, მიიღეს საკონსტიტუციო შესწორებების პაკეტი, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი საყოველთაო ხმის მიცემით, და არა პარლამენტის მიერ აირჩევა, როგორც ამას ძველი კონსტიტუცია ითვალისწინებდა. 2014 წელს პირველი პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი რეჯიპ ტაიპ ერდორანი გახდა – სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ლიდერი, რომელსაც 2003 წლიდან პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა.