ზაფხული ბაქოში: მზის დარტყმის 14 შემთხვევა ერთ თვეში
ბაქოში მზის დარტყმის ჩივილით ივნისის დასაწყისიდან ექიმებს 14-მა ადამიანმა მიმართა. ამის შესახებ ქალაქის სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების მთავარმა ექიმმა რაუფ ნაგიევმა განაცხადა.
ივნისის ბოლო ძალიან ცხელი გამოდგა, ტემპერატურა 38 გრადუს ცელსიუსს აღწევს და სინოპტიკოსების პროგნოზების მიხედვით, კიდევ უფრო მოიმატებს. ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი განგაშს ტეხს და გვაფრთხილებს ანომალიური, 40-გრადუსიანი სიცხის შესახებ, რომელიც ივლისის დადგომამდე გაგრძელდება. მთლიანობაში ქვეყნის ტერიტორიაზე ტემპერატურამ, შესაძლოა, 43 გრადუსსაც მიაღწიოს.
ადამიანების სამუშაო გრაფიკზე ეს ჯერჯერობით არანაირად არ აისახება. მაგრამ, თუკი თერმომეტრი 41°C-ს უჩვენებს, მაშინ, შრომითი კოდექსის 233-ე მუხლის თანახმად, გარეთ ჰაერზე და უკონდიციონერო შენობებში მუშაობა არ შეიძლება. ანუ, მაგალითად, მშენებლობის მუშებსა და პარკის მებაღეებს შესვენება უნდა მისცენ, და თან აუნაზღაურონ.
თუმცა, ბაქოელებისთვის ასეთი ანომალიური სიცხე სიახლე არ არის. რადგან ზუსტად ამგვარ შეტყობინებებსა და გაფრთხილებებს ახმოვანებენ ყოველ წელს. მართალია, ეს ოდნავ მოგვიანებით ხდება ხოლმე – ივლისსა და აგვისტოში.
„ყველა იმას გაიძახის, რომ ცხელა. ისე ლაპარაკობთ, თითქოს ჩრდილოეთიდან ხართ ჩამოსულები. ბაქოელებს სიცხე გვიკვირს?“ – გაოცებული წერს სოციალური ქსელების ერთ-ერთი მომხმარებელი, ვიდრე დანარჩენები დღის საათებში ზედმეტად ქუჩაში გასვლას ერიდებიან.
„ჯოჯოხეთშიც კი უფრო გრილა. იქ ალბათ ავტობუსებში კონდინციონერები მაინც მუშაობს“, – ირონიით წერენ ზოგიერთები.
მართალია, ბაქოს ახალი ავტობუსების უმრავლესობაში, რომლებიც ქალაქის ფარგლებში დადიან, კონდიციონერები ასევე მუშაობს. მაგრამ ეს კონდიციონერები პიკის საათებში შიგნით მყოფი ადამიანებისა და გარეთ არსებული ტემპერატურის შერწყმას ვერ უმკლავდება. ხოლო ქალაქის გარეუბნებსა და მის ფარგლებს გარეთ მოსიარულე ავტობუსებში კონდიცირების სისტემა საერთოდ არ არის, ღია ფანჯრები კი ამ ვითარებას ვერაფრით შველის.