ევროპის საბჭო : საქართველო ევროპაში პატიმრების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა
ევროპის საბჭოს დოკუმენტში 2015 წლის მონაცემებია ასახული, რომლის თანახმადაც, საქართველო იმ ქვეყანების სიაშია, სადაც თავისუფლების აღკვეთის პრაქტიკა ყველაზე მაღალია. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სულ 10 242 პატიმარია, მათ შორის 54 არასრულწლოვანი, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში 100 ათას მოსახლეზე 274 პატიმარია. ეს რიცხვი მნიშვნელოვნად მაღალია ევროპის საბჭოს ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით (100 ათას მოსახლეზე 115 პატიმარი).
საქართველოს გარდა, იმ ქვეყნებს შორის,სადაც ციხეებში პატიმრების რაოდენობა მაღალია, მოხვდნენ რუსეთი -439,2 პატიმარი 100 ათას მოსახლეზე, ლიტვა -277.7, ლატვია 224.4, თურქეთი-220.4 და მოლდოვა-219.9 პატიმარი. საქართველოში, 2005 წელთან შედარებით, 2015 წლისთვის პატიმრების საერთო რაოდენობა 18%-ით გაიზარდა, ეს მონაცემიც მნიშვნელოვნად მერყეობდა წლების მანძილზე და პიკს – 24 186 პატიმარს, 2011 წელს მიაღწია.
დაპატიმრების მიზეზები
2015 წელს საქართველო იტალიის შემდეგ მეორე ქვეყნა იყო ნარკოტიკული დანაშაულისთვის დასჯილი პატიმრების რაოდენობით – პატიმრების საერთო რაოდენობის 30% (თითქმის ყოველი მესამე პატიმარა). ქურდობა მეორე ყველაზე გავრცელებული დანაშაულია საქართველოში (28.7 % პატიმრების სასჯელს ქურდობისთვის იხდის). ამ მონაცემით იგი მესამე ქვეყანაა ბულგარეთისა და ავსტრიის შემდეგ. ყაჩაღობა მესამე ყველაზე გავრცელებული სასჯელია საქართველოში – 19% ციხეში ამ დანაშაულისთვის მოხვდა. ხოლო მკვლელობა ან მკვლელობის მცდელობისთვის – 13.1% (ყოველი მეშვიდე პატიმარი), იხდის სასჯელს.
ასევე ევროპის საბჭოს ანაგრიში მიხედვით, საქართველოში 2015 წელს საპატიმროდან გაქცევის არც ერთი შემთხვევა არ აღნიშნულა. რაც შეეხება ბიუჯეტს, საქართველოში თითოეულ პატიმარზე დღიურად საშუალოდ 6 ევრომდე იხარჯება.
ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია კვლევაში მონაწილე ქვეყნებს შორის. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ მხრივ შვედეთში და სან მარინოშია, სადაც პატიმარზე დღიურად 354 და 480 ევროს ხარჯავენ.