დაუსაქმებელი ქალების გამო საქართველო მილიონობით ლარს კარგავს
საქართველოში 40%-ზე მეტი ქალი ეკონომიკურად არააქტიურია, ისინი კი, ვინც დასაქმებულები არიან, კაცებთან შედარებით 35%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ.
ეს და სხვა საინტერესო ციფრები გამოიკვეთა კვლევიდან, რომელიც გაეროს განვითარების ფონდმა კავშირ “საფარი”-სთან ერთად ჩაატარა. კვლევის მიზანი იყო საქართველოში მცხოვრები ქალების ეკონომიკური შესაძლებლობების გარკვევა.
მკვლევარებმა დაითვალეს, რომ დაუსაქმებელი ქალები ძალიან დიდი გამოუყენებელი რესურსია, რომელთა გამოც საქართველო ქვეყნის შიდა მთლიანი პროდუქტის დაახლოებით 11 % კარგავს.
„პარადოქსული სიტუაცია მდგომარეობს იმაში, რომ ქალები ხშირად უფრო კვალიფიციურები არიან, ვიდრე კაცები“, – განაცხადა გაერო-ს განვითარების პროგრამების მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში შომბი შარპმა კვლევის პრეზენტაციაზე.
გაეროს განვითარების ფონდი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, გააქტიუროს თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორსა და ბიზნესთან და შეიმუშავოს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“, – განაცხადა შომბი შარპმა.
კიდევ ერთი საინტერესო ციფრი – აღმოჩნდა, რომ საქართველოში არსებული მთელი სასოფლო-სამეურნეო მიწებიდან ქალებს მხოლოდ 17 პროცენტი ეკუთვნით.
„კვლევამ აჩვენა, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით საქართველოში არაფერი გაკეთებულა. სახელმწიფო პროექტები არ ითვალისწინებს გენდერულ კომპონენტს, სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებში, პრაქტიკულად, არ გვხვდება სიტყვა „ქალი“. ეს ციფრები საქართველოში არსებული გენდერული უთანასწორობის მაჩვენებელია“, – განაცხადა კავშირ „საფარის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაია პატარაიამ.
კვლევა საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და ეფუძნება იმ დოკუმენტაციას, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში ორიენტირებული იყო ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე.
ის რომ ქალების დაუსაქმებლობის გამო ზოგიერთი ქვეყანა ბევრ ფულს კარგავს, ამას არაერთი საერთაშორისო მასშტაბის კვლევაც ადასტურებს. 91 ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობით, 2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, ქალების მონაწილეობა კომპანიების მართვაში ბიზნესს უფრო მომგებიანს ხდის. ამასვე ადასტურებს გაეროს მონაცემები – რაც უფრო მეტი დასაქმებული და განათლებული ქალია ქვეყანაში, მით უკეთ აისახება ეს ეკონომიკის ზრდაზე.