აქტივისტებმა მოახერხეს ბაქოს ძველი შენობის გადარჩენა. კინოთეატრი მუშაობას აგრძელებს
შენობა, რომელსაც წლებია დამოუკიდებელი თეატრი SalaamCinema იკავებს, მალე, შესაძლოა, სახელმწიფოს დაცვის ქვეშ აღმოჩნდეს, როგორც კულტურისა და ხელოვნების ძეგლი. თითქმის ორი თვის განმავლობაში მიმდინარე დავა შენობის მეპატრონესა და მის მოიჯარეებს შორის, უკანასკნელთა გამარჯვებით სრულდება – ძველ შენობას აღარ დაანგრევენ.
ამჟამად ქალაქის ცენტრში მდებარე ეს სახლი დამოუკიდებელ კინოთეატრს აქვს ნაქირავები.
• ბაქოში ასამდე ადამიანი კინოთეატრ SalaamCinema-ში ათევს ღამეს, რათა შენობა არ დაანგრიონ
• აზერბაიჯანული კინო: ალბათ უფრო არსებობს, ვიდრე არ არსებობს
• ხელოვნება თუ სოციალური პროტესტი – რა ამოძრავებთ ქართველ სტრიტ არტისტებს
შენობა 1913 წელს ააშენეს. ადრე ეს ადგილი მალაკნების სალოცავი სივრცე იყო. რამდენიმე წლის წინ, შენობის პრივატიზება მოხდა, შემდეგ კი მფლობელმა სახლი დამოუკიდებელ კინოთეატრს, SalaamCinema-ს გადასცა. დღეს ეს შენობა ბაქოს ანდერგრაუნდ საზოგადოების საყვარელი თავშეყრის ადგილია.
2019 წლის მაისში, როდესაც შენობის მეპატრონემ მისი რემონტისთვის გათავისუფლება მოითხოვა, SalaamCinema-მ მასშტაბური კამპანია „ისტორიული ძეგლის და მისი იერ-სახის გადასარჩენად“დაიწყო.
ასამდე ახალგაზრდა შენობაში მუდმივად მორიგეობდა. მათ სხვადასხვა ინსტანციებს მიმართეს. ასევე, დახმარება სთხოვეს ქვეყნის პირველ ლედის, მეჰრიბან ალიევას. ისინი ითხოვდნენ შენობა ისტორიულ ძეგლთა ნუსხაში შეეტანათ. ხელისუფლების მხრიდან არაფორმალური თანხმობის მიღების შემდეგ, კინოთეატრის კოლექტივმა შენობაში მუშაობა გააგრძელა.
არქიტექტურისა და ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის კომისიამ დაადგინა, რომ შენობას გარკვეული ისტორიული ფასეულობა მართლაც გააჩნია და იგი მართლაც შეიძლება ჩაითვალოს კულტურის ძეგლად ჩაითვალოს. თუმცა, კომისიის შეფასებით, ეს არ არის ტრადიციული ქრისტიანული სამლოცველო, რადგან აქ არ არის საკურთხეველი.
კომისიის დასკვნა უკვე გადაეგზავნა მინისტრთა კაბინეტს, რომელმაც შენობას საბოლოო ვერდიქტი უნდა გამოუტანოს.