აფხაზეთში საპრეზიდენტო რბოლის ლიდერები გაერთიანდნენ
აფხაზეთში, წინასაარჩევნო პროცესი აქტიურდება. ძირითადი კანდიდატები უკვე დარეგისტრირდნენ და გაირკვა, ვინ ვისთან ითანამშრომლებს.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ 22 მარტს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ასეთი ბლოკები და კანდიდატები გაცილებით ბევრი გახდეს. აქედან გამომდინარე, ღირს შევაფასოთ – ვინ აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას აფხაზეთში.
2019 წლის 8 სექტემბერს, აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა და მეორე ვადით დაიკავა აღნიშნული თანამდებობა. ოპოზიცია ამას აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ გამარჯვება არ ყოფილა, რადგან ხაჯიმბამ ხმათა მხოლოდ 47 პროცენტი დააგროვა – იმ დროს, როდესაც კანონის თანახმად, გამარჯვებისთვის საჭიროა არჩევნებში მონაწილე ყველა ამომრჩევლის 50%-ს +1 ხმა.
2020 წლის იანვარში, აფხაზეთში ბუნტი დაიწყო. ორდღიანი მასობრივი პროტესტის შემდეგ, აქტივისტების ჯგუფმა შტურმით აიღო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა. შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ხაჯიმბას თანამდებობიდან ჩამოშორების შესახებ. 2020 წლის 13 იანვარს, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განცხადებას თანამდებობიდან საკუთარი ნებით წასვლის შესახებ.
ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 22 მარტს დაინიშნა. მანამდე პრეზიდენტის მოვალეობას დროებით, პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა ასრულებს.
ვინ არიან კანდიდატები ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე
ამჯერად პრეზიდენტობის კანდიდატობა სამჯერ ნაკლებმა ადამიანმა მოისურვა, ვიდრე 2019 წლის არჩევნებზე.
• რა მოხდა აფხაზეთში და რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში?
• როგორ ჩაიგდო ოპოზიციამ ხელში პრეზიდენტის ადმინისტრაცია და გააძევა პრეზიდენტი
• მოწამვლა, ჩაცხრილვა, პალმები და არჩევნები – 2019 წელს აფხაზეთში მომხდარი მთავარი ამბების შესახებ
პირველმა, საკუთარი თავის შესახებ, აფხაზეთის შინაგან საქმეთა ექსმინისტრმა, ლეონიდ ძიაპშიპამ განაცხადა. მას საარჩევნო რბოლის ტრადიციულ მონაწილეს უწოდებენ, რადგან უკვე მესამეჯერ აყენებს თავის კანდიდატურას. პირველად მან კენჭი 2014 წელს იყარა, შემდეგ, გასულ არჩევნებზე, 2019 წელს. ორივეჯერ, დაახლოებით, 4-4 პროცენტი მიიღო. 4-პროცენტიანი უპირატესობა შეიძლება გადამწყვეტი გახდეს მომავალ არჩევნებზე, ამიტომ მისი ამომრჩეველი შესაძლოა მნიშვნელოვანი გახდეს მათთვის, ვინც მეორე ტურში გავა.
შემდეგ, ცესკოში მივიდა ოპოზიციის ლიდერის, ასლან ბჟანიას საინიციატივო ჯგუფი. ის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატია და მის მომხრეებს უპირობო ფავორიტად მიაჩნიათ. ბჟანიამ მძიმე დაავადება გადაიტანა გასული არჩევნების წინ და ამიტომ ვერ მოახერხა 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
თავად ბჟანია და მისი მომხრეები დარწმუნებულები ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ მისი მოწამვლა საპრეზიდენტო რბოლიდან ჩამოსაშორებლად სცადეს.
მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა ბჟანიას გაერთიანება გავლენიან პოლიტიკოსთან, აფხაზეთის ექსპრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბთან. თუკი ბჟანია პრეზიდენტი გახდება – ანქვაბი პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს.
საპრეზიდენტო რბოლის დებიუტანტია სოხუმის ახლანდელი მერი, კან კვარჩია. მას „აფხაზეთის უახლეს ისტორიაში საუკეთესო მერად“ მოიხსენიებენ. კვარჩია აფხაზი ამომრჩევლის თვალში, მჭიდროდ არის დაკავშირებული ექსპრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გუნდთან. საზოგადოებაში ვარაუდობენ, რომ კვარჩია მერი გახდა, რათა ხუთი წლის შემდეგ, მომავალ არჩევნებზე, პრეზიდენტად გასულიყო და შეენარჩუნებინა ძალაუფლების უწყვეტობა ხაჯიმბასთვის. მაგრამ სიტუაცია შეიცვალა და მას კენჭისყრაში მონაწილეობა მერის პოსტზე დანიშვნიდან რამდენიმე თვეში მოუწია.
აფხაზეთის არჩევნების ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატია – ადგურ არძინბა, ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი. მან თავი ყველას ეროვნული კრიპტოვალუტის შექმნის იდეით დაამახსოვრა (არ განხორციელდა). არძინბაც ყოფილ ხელისუფლებასთან ასოცირდება. საზოგადოებაში აქტიურად განიხილავენ ვარიანტს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კან კვარჩიამ, შესაძლოა, საკუთარი კანდიდატურა ადგურ არძინბას სასარგებლოდ მოხსნას.
• როგორ ქმნიდნენ აფხაზეთში საკუთარ კრიპტოვალუტას
რუსეთი – ვის უჭერს ის ამჯერად მხარს აფხაზეთში?
რუსეთის აფხაზურ პოლიტიკაში ჩართულობის დანახვას ძებნა არ სჭირდება – ის ღიად ჩანს.
2020 წლის იანვარში, გახურებული პოლიტიკური კრიზისის დროს, როდესაც რაულ ხაჯიმბა ხელს აწერდა გადადგომის შესახებ განცხადებას, ოპოზიციის ლიდერი, ასლან ბჟანია, რუსეთის საელჩოს შენობაში, ვლადისლავ სურკოვს ხვდებოდა, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს, რომელიც კრემლში სხვა საკითხებთან ერთად, აფხაზეთთან დაკავშირებულ თემებსაც კურირებდა.
რა განიხილეს შეხვედრაზე, დანამდვილებით არავინ იცის.
აფხაზეთში, ასევე აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ადგურ არძინბა მჭიდროდ არის დაკავშირებული ინალ არძინბასთან – რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, დსთ-ის სახელმწიფოებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელთან, რომელიც ახლა პატრიარქ კირილთან არსებული ახალგაზრდულ საქმეთა საბჭოს თავმჯდომარეა.
• დეტალურად სურკოვსა და აფხაზეთში რუსული ინვესტიციების შესახებ
• რატომ მიდის თანამდებობიდან პუტინის გავლენიანი თანაშემწე?
საზოგადოება, როგორც მოსალოდნელი იყო, გაყოფილია
აფხაზეთში საზოგადოება გაყოფილია რამდენიმე ერთმანეთთან დაპირისპირებულ ბანაკად. ბჟანიასა და ანქვაბის გაერთიანებას, წესით, როგორც მინიმუმ, მათი მომხრეები მაინც უნდა დაეკმაყოფილებინა. მაგრამ ბევრი ამბობს, რომ ასეთი ტანდემი არ მოსწონთ და არჩევდნენ, ანქვაბს საკუთარი კანდიდატურა წამოეყენებინა – თვითონ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აღარ აქვს, რადგან კანდიდატისთვის დასაშვებ ასაკზე უფრო დიდია.
კონკრეტული პოლიტიკური ფიგურების მხარდამჭერი აგიტაციის გარდა, სოციალური ქსელების აფხაზურ სეგმენტში, აქტიურად მიდის აგიტაცია სხვების „წინააღმდეგ“.
და, უკვე ტრადიციის თანახმად, დისკუსიის დიდი ნაწილი ანონიმურად მიმდინარეობს.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო