აფხაზეთში რაულ ხაჯიმბა მეორე ვადით აირჩიეს
აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მეორე ვადით აირჩიეს – არჩევნებში მისი საბოლოო გამარჯვება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 9 სექტემბერს გამოაცხადა.
კენჭისყრის მეორე ტურის წინ, რომელიც 8 სექტემბერს გაიმართა, ფავორიტად გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, ალხას კვიცინია მიიჩნეოდა. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მას მხარდაჭერა ექსპრეზიდენტმა, გავლენიანმა პოლიტიკოსმა, ალექსანდრ ანქვაბმა გამოუცხადა, რომელსაც ამ დრომდე ამომრჩეველთა საკმაოდ დიდი წრე ჰყავს.
ხაჯიმბამ მხოლოდ 1000 ხმის უპირატესობით გაიმარჯვა.
• აფხაზეთის არჩევნებში რუსეთმა ფავორიტი განსაზღვრა
• მოსაზრება: რატომ ვერ შეცვლის ვერცერთი ახალი პრეზიდენტი აფხაზეთში ვერაფერს
წინასწარი მონაცემებით, ალხას კვიცინიას ხმა 38 742-მა ამომრჩეველმა მისცა – 46,19%-მა, რაულ ხაჯიმბას კი – 39 741-მა – 47,38%-მა. სულ აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა 83 ათასმა ადამიანმა მიიღო, რამაც ამომრჩეველთა საერთო სიის 65,98 პროცენტი შეადგინა.
პირველი ტურის შემდეგ, ექსპერტთა საზოგადოება ერთსულოვნად აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ის კანდიდატი გახდებოდა, რომელიც ალექსანდრ ანქვაბის მხარდაჭერის მოპოვებას მოახერხებდა.
თავად ანქვაბმა ასაკობრივი შეზღუდვის გამო (პრეზიდენტობის კანდიდატი არ შეიძლება 65 წელზე მეტის იყო, ანქვაბი კი 67 წლისაა) ვერ მოახერხა საარჩევნო რბოლაში პირადად მონაწილეობა. მაგრამ პროცესის უბრალო დამკვირვებლად ყოფნა არ ისურვა და ამიტომ საკუთარი კანდიდატი წარადგინა.
ის აფხაზურ პოლიტიკურ წრეში ნაკლებად ცნობილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ოლეგ არშბა გახდა.
• რით განსხვავდება აფხაზეთი შვეიცარიისგან?
ამის მიუხედავად, მან მეორე ტურში გადასულ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ ალხას კვიცინიაზე მხოლოდ 100 ხმით ნაკლები მიიღო. ანქვაბის მომხრეები არ მალავდნენ, რომ ხმათა მთელი 22,5%, რომელიც არშბამ მიიღო პირველ ტურში – იმის გამო მიიღო, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, ალექსანდრ ანქვაბს პრემიერ-მინისტრის სავარძელი დაეკავებინა.
ოლეგ არშბას დამარცხების მიუხედავად, ალექსანდრ ანქვაბი თამაშში დარჩა მეორე ტურის ბოლომდე. უფრო მეტიც, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ტურის შედეგების მიხედვით რაულ ხაჯიმბამ მხოლოდ 24 პროცენტი მიიღო, კვიცინიამ კი – 23 პროცენტი, ექსპრეზიდენტი მომავალ რბოლაში, ბევრის აზრით, „ჯოკერად“ გამოიყურებოდა.
მისთვის, საერთო ჯამში არაფერი შეცვლილა – ის კვლავინდებურად ყოველ მიზეზს გარეშე პრემიერ-მინისტრობის მთავარ კანდიდატად მიიჩნეოდა, რა გვარისაც არ უნდა ყოფილიყო მომავალი პრეზიდენტი. ეს ესმოდა რაულ ხაჯიმბას, ეს იცოდა ალხას კვიცინიამ და ამაში დარწმუნებული იყო თავად ალექსანდრ ანქვაბი.
ვაჭრობა ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ორივე კანდიდატი კულუარული მოლაპარაკებების შემდეგ ყოფილი პრეზიდენტის პირობებს დათანხმდა.
მეტიც, რაულ ხაჯიმბა თანახმა იყო, პრემიერ-მინისტრის პოსტთან ერთად, ალექსანდრ ანქვაბის კონტროლისთვის დაექვემდებარებინა მომავალი მთავრობის მთელი საფინანსო-ეკონომიკური ბლოკი.
მაგრამ ექსპრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ალხას კვიცინიას პრემიერ-მინისტრი გამხდარიყო.
ოპოზიციონერ კანდიდატად არჩევა ანქვაბისთვის იდეოლოგიურად სწორი იყო. რადგან, 2014 წელს, სწორედ რაულ ხაჯიმბას, როგორც ოპოზიციის მაშინდელი ლიდერის ორგანიზებული მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად მოუწია თანამდებობის დატოვება. მასთან კავშირი ანქვაბის მომხრეების მიერ ცუდად იქნებოდა აღქმული.
მოკლედ, მოკავშირედ აირჩიეს ალხას კვიცინია. თუმცა, ოფიციალურად მოლაპარაკებების დეტალების შესახებ არაფერი თქმულა. ამასაც თავისი მიზეზები ჰქონდა.
ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ოპოზიციას სხვა ლიდერი ჰყავდა – ასლან ბჟანია. მიმდინარე წლის აპრილში ის მოწამლეს და ამ დრომდე ერთ-ერთ ბერლინურ კლინიკაში მკურნალობს. სწორედ ამიტომ წარადგინეს კვიცინია საპრეზიდენტო კანდიდატად, ასლან ბჟანიას კი მისი გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის პოსტს უმზადებდნენ.
მაგრამ ანქვაბთან კავშირის შემდეგ, თამაშგარე მდგომარეობაში შესაძლოა ბჟანია დარჩენილიყო. ამან ოპოზიციურ წრეში არეულობა გამოიწვია, მით უმეტეს, რომ ანქვაბს ბჟანიასთან ამის გარეშეც არ ჰქონდა მარტივი ურთიერთობები.
სწორედ ამიტომ, სატელევიზიო დებატების დროს, რაულ ხაჯიმბას კითხვაზე, ვინ იქნებოდა მისი პრემიერ-მინისტრი, ალხას კვიცინიამ უპასუხა, რომ მას პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა არ ჰყავდა. და ეს ორაზროვნად იქნა აღქმული ოპოზიციურ წრეში.
მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც ანქვაბმა მხარი დაუჭირა კვიცინიას, ექსპერტულ საზოგადოებაში გაბატონდა მოსაზრება, რომ მეორე ტური ფორმალობად იქცეოდა – და რაულ ხაჯიმბას არანაირი შანსი არ ექნებოდა.
თუმცა, ახლა ნათელია, რომ შანსები იყო და არის.
რეაქცია ხაჯიმბას გამარჯვებაზე
მიუხედავად ორ კანდიდატს შორის მცირე სხვაობისა, კენჭისყრის შედეგებზე არავინ დავობს.
ეს, ალბათ, იმის გამო ხდება, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შედეგები დაფიქსირდა თითოეულ საარჩევნო უბანზე, დაუყოვნებლივ ხდებოდა ცნობილი არა მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის, არამედ ორივე კანდიდატის შტაბისთვის.
ამას გარდა, ყველა საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმებს ასკანერებდნენ და აქვეყნებდნენ ინტერნეტში, ასე რომ, მთელ აფხაზეთს რეალურ დროში შეეძლო ეწარმოებინა პარალელური დათვლის პროცესი.
მიუხედავად ამისა, ალხას კვიცინიამ არ აღიარა მოწინააღმდეგის გამარჯვება. მას მიაჩნია, რომ რაულ ხაჯიმბა არ შეიძლება არჩეულ პრეზიდენტად ჩაითვალოს, იმდენად, რამდენადაც ვერ მოაგროვა ხმათა 50 პროცენტი, როგორც ამას კანონმდებლობა ითხოვს.
კვიცინია ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით ის სასამართლოში აპირებს სარჩელის შეტანას.
თუმცა, ჯერ კიდევ პირველ ტურამდე მიმართა ცესკომ საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებისთვის, როგორ უნდა აღესრულებინათ ეს საკანონმდებლო მოთხოვნა. საკონსტიტუციო სასამართლომ უპასუხა, რომ „ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადასაწყვეტი იყო, როგორ მოიქცეოდა“.
მოკლედ, არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლებოდა, რომელიც ხმათა უბრალო უმრავლესობას დააგროვებდა.
და ეს გადაწყვეტილება, ცესკოს თავმჯდომარის, თამაზ გოგიას განცხადებით, შეთანხმებული იყო როგორც რაულ ხაჯიმბას, ისე ალხას კვიცინიას საარჩევნო შტაბთან.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო