აფხაზეთს საბავშვო სახლი ესაჭიროება
უდედმამო ბავშვები აფხაზეთში – არიან თუ არა? შევეცდებით ამ კითხვას ვუპასუხოთ.
რას ხედავს საზოგადოება
აფხაზეთში 2018 წლის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმედ იქცა ჰიმნის ავტორის, ვალერი ჭკადუას 20 წლით დაპატიმრება. ბრალი – პედოფილია. საქმის მთავარი ფიგურანტები – ორი არასრულწლოვანი გოგონა, ორივე გაჭირვებული ოჯახიდან (მათი ვინაობა არ სახელდება).
ასევე წაიკითხეთ: აფხაზეთში პედოფილიის მსხვერპლთა შესახებ, თუ როგორ დაიჭირეს ის, და როგორ მიჰყიდეს დედებმა მას თავიანთი შვილები
და ეს რეზონანსული ისტორია უნიკალური სულაც არ არის.
მეორე სისხლის სამართლის გახმაურებული საქმის ფიგურანტი – პრეზიდენტის დაცვის თანამშრომელი ასტამურ ჯოპუა, რომელმაც, მოკვლის მუქარით, არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურა, ჯოპუა უკვე იხდის 20-წლიან სასჯელს.
ამ გახმაურებული საქმის პროცესი საზოგადოების ყურადღების ქვეშ მიმდინარეობდა. დაზარალებულის ადვოკატისთვის გადასახდელი თანხაც კი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და გულშემატკივარი ადამიანების მიერ შეგროვდა.
ამ რეზონანსულ საქმეებს აფხაზეთის პარლამენტი იმით გამოეხმაურა, რომ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალურ დანაშაულებზე სასჯელი გაამკაცრა. 2018 წლის ივლისის ბოლოს სისხლის სამართლის კოდქესში შეიტანეს შესწორებები, რომელიც სასჯელის შერბილების ან პირობით ვადამდელი გათავისუფლების შესაძლებლობას გამორიცხავს.
რას ვერ ხედავს საზოგადოება
მაგრამ დასახელებული ორი საქმე და რამდენიმე სხვა – ეს დადასტურებული ფაქტია. ამავდროულად გაჭირვებულ და სოციალურად მოწყვლად ოჯახებთან მომუშავე სპეციალისტები იმის შესახებ ლაპარაკობენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან დაცვა გაცილებით მეტ ბავშვს ესაჭიროება.
ერთ-ერთ შორეულ სოფელში მეზობელი ბავშვს რეგულარულად აუპატიურებდა. ამის დამტკიცება ძნელია, ისევე როგორც ბავშვის გაჭირვებული ოჯახიდან წამოყვანა, რადგან აფხაზეთში არც ბავშვთა სახლი არსებობს და არც დროებითი თავშესაფარი.
საბედნიეროდ, ეს კონკრეტული ისტორია სასიკეთოდ დასრულდა. საზოგადოებრივი ორგანიზაცია „კიარაზის“, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას ეწევა, წარმომადგენლებმა იპოვეს ბავშვის ნათესავი, რომელმაც ის თავის ოჯახში, სხვა რაიონში წაიყვანა.
მაგრამ ასე ყველას როდი უმართლებს.
„აი, გუშინ დამირეკეს და მარტოხელა პატარა გოგონას შესახებ მიამბეს. მისი დედა, გაურკვეველია, ვისთან და როგორ ატარებს დროს, – ჰყვება აფხაზეთის ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი ასიდა ლომია.
ბავშვს მეზობლები აჭმევენ.მგრამ გოგონა სრულიად მარტოა. მეზობლების თქმით, წინათ ეს დედა თავის შვილებს ყიდდა“.
ეს სიტუაცია მეურვეობის ორგანოებმა უნდა შეისწავლონ. თუმცა, იმ უკიდურეს შემთხვევაში, თუკი დედას მშობლის უფლებებს ჩამოართმევენ, გაუგებარია, ბავშვს რა ბედი უნდა ეწიოს.
ასევე წაიკითხეთ: გოგონები, რომლებიც არასდროს იქნებიან: ძველი თემა, ახალი ისტორიები
გამოსავალი
ასიდა ლომიას ათობით მაგალითის მოყვანა შეუძლია ყურადღების გარეშე დარჩენილი ბავშვების შესახებ, რომლებსაც ახლავე, დაუყოვნებლივ ესაჭიროებათ დახმარება. აფხაზეთში, დიდი ხანია, მომწიფდა ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლის შექმნის აუცილებლობა. სწორედ ასეთი ვარიანტია ჩვენთვის უფრო მისაღები, – ამბობს ლომია.
ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლი – ეს არის რაღაც შუალედური ბავშვთა სახლს, ინტერნატსა და მიმღებ ოჯახს შორის. ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლი ოჯახის ბაზაზე იქმნება. ოჯახის ტიპის ბავშვთა სახლში ბავშვების რაოდენობა 12 ადამიანს არ უნდა აჭარბებდეს.
ის მიღწევები, რომლებიც რეალურად ჩავარდნაა
დიდ ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ აფხაზეთი ბავშვთა სახლის არარსებობა – ეს იყო მიღწევა. ხალხის ნაამბობიდან გამომდინარე, აფხაზეთში ადამიანები სიამოვნებით იყვანენ ბავშვებს, რომლებზეც სამშობიაროში მშობლები უარს ამბობენ, ან თავად ყიდულობენ ასეთ ბავშვებს, ზოგჯერ კი სხვა ადგილებიდან ჩამოჰყავთ.
ასევე მიიჩნევა, რომ აფხაზეთში არ არიან ისეთი ბავშვები, რომლებიც ქუჩებში ცხოვრობენ.
მაგრამ უდედმამო ბავშვები თუ მართლაც ფეხებში არავის ედებიან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ არსებობს.
სხვადასხვა პროფილის საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, უკვე რამდენიმე წელია, თანხმდებიან იმ აზრზე, რომ აფხაზეთს სასწრაფოდ ესაჭიროება ყურადღების მიღმა დარჩენილი ბავშვების, ასევე ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების თუნდაც ცენტრი.
ეს თემა, უკვე მრავალი წელია, აქტუალურია, – ამბობს ორგანიზაცია „კიარაზის“ ხელმძღვანელი კამა გოპია. „კიარაზის“ აღრიცხვაზე ბევრი ბავშვია, რომლებიც ოჯახში არასათანადო პირობებში ცხოვრობენ. არიან სრულიად უსახლკარო ბავშვებიც.
საუბარი არ არის მასობრივ მოვლენაზე, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ჯერჯერობით ერთი ბავშვისთვის დასახმარებლადაც კი ცოტა რამის გაკეთებაა შესაძლებელი.
მაგალითად, ერთ მარტოხელა დედას ინსულტი დაემართა. ის დროებით სოხუმის მოხუცთა თავშესაფარში მოეწყო, სადაც უვლიან. არის იმედი, რომ ის გამოჯანმრთელდება. ყურადღების გარეშე დარჩენილი ორი და ექვსი წლის ბავშვები დროებით მეზობლებმა შეიფარეს.
კამა გოპიას თქმით, აფხაზეთში დღეს დროებით საცხოვრებელი ცენტრი რომ იყოს, ის იქ მინიმუმ ხუთ ბავშვს გაუწევდა რეკომენდაციას.
JAMnews-ის ყველა თანამოსაუბრე, მათ შორის ბავშვთა და ოჯახების მხარდამჭერი სოციალური სამსახურის თანამშრომლებიც, იმის მომხრეები არიან, რომ პირველ რიგში, შვილების აღზრდის შანსი თავად მშობლებს მიეცეთ. თუმცა, ყველაზე უფრო უიმედო შემთხვევებში, როგორიც მთელ აფხაზეთში ორ ათეულზე მეტი შეგროვდება, ბავშვები მაინც ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა დაბინავდნენ.
წყაროს თქმით, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა, არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოხუმში ბავშვთა ცენტრის მშენებლობის გეგმა არსებობს და მისთვის მიწის ნაკვეთიც კი გამოყოფილია. თუმცა, უცნობია, ვინ არის მზად ამ მშენებლობის დასაფინანსებლად. ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან არავითარი შეტყობინება არ შემოსულა.