თუკი მკვეთრად არ შეამცირებს მოხმარებას, აფხაზეთი შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს
სად უნდა იშოვოს აფხაზეთმა ელექტროენერგია? გასული ზამთარი ძალიან მძიმე იყო – შუქის რეგულარულად საათობით გამორთვებით, ზოგჯერ კი დღეებითაც, ბინებში სიცივით, ცხელი წყლის არქონითა და ინტერნეტში ვერშესვლით. აი, ახალი ზამთარი – და ელექტრომომარაგების პრობლემა ისევ ძალიან მწვავედ დგას.
ელექტროენერგიის ერთადერთი წყარო აფხაზეთში ენგურჰესია. წყალსაცავში წყლის დონე ისეთი შემცირებულია, რომ სწრაფი ტემპებით ახლოვდება მომენტი, როდესაც აგრეგატების გამორთვა გახდება საჭირო.
ენგურჰესი უნიკალური ობიექტია. ჰესი პირდაპირ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაშია და ერთადერთი ქართულ-აფხაზური ერთობლივი პროექტია. სადგურის 270-მეტრიანი ბეტონის კაშხალი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ხუთი გენერატორი კი – აფხაზეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მხარეები ერთად მართავენ ჰესს და იყოფენ მის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას.
თბილისსა და სოხუმს შორის არაფორმალური შეთანხმებით, სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ს აფხაზეთი მოიხმარს, 60%-ს კი – საქართველო. მაგრამ აფხაზეთისთვის სადგური – ფაქტობრივად, ელექტროენერგიის ერთადერთი წყაროა.
25 იანვრის მონაცემებით, წყალსაცავში წყლის დონე 447 მეტრია, ელექტროენერგიის წარმოების ტურბინების გათიშვის ზღვარი – 420 მეტრია. წყლის კლების სისწრაფე დღე-ღამეში ერთი მეტრია. ეს ნიშნავს, რომ უკვე 27 დღეში, ელექტროსადგურის აგრეგატების გათიშვა გახდება საჭირო.
ზამთარი თოვლის გარეშე – კრიტიკული ვითარების ერთ-ერთი მიზეზი
კლიმატის სპეციალისტობა არაა საჭირო, საკმარისია ჯვრის წყალსაცავის გარშემო მთის მწვერვალებს შეხედო, რათა დაასკვნა – ამინდი ის აღარაა, რაც ხუთი და მით უფრო 10 წლის წინ.
იანვრის ბოლოა – აქ კი ნაცრისფერი მთებია, ალაგ-ალაგ თოვლის კვალით. ზამთარი მთავრდება, თოვლი კი არ არის. ეს ნიშნავს, რომ გაზაფხულზე წყალი არ იქნება.
•აფხაზეთი: როგორი გამოიყურება ცხოვრება ელექტროენერგიის გარეშე
•კორუფცია აფხაზეთში: ბრძოლა დაიწყო?
მაგრამ, რომელ გაზაფხულზეა ლაპარაკი, როდესაც წყალი ახლაც არ არის. დღევანდელი წყლის დონიდან კიდევ მინუს 27 მეტრი და აფხაზეთს კვლავ ელექტროენერგიის ალტერნატიული მიმწოდებლის მონახვა მოუწევს.
„აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება მაღალია, დაახლოებით ცხრა მილიონი კილოვატი დღე-ღამეში, პლუს მშრალ ზამთარში წყალსაცავი გაცილებით სწრაფად იცლება, ვიდრე ადრე“, – ამბობს ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ლევან მებონია.
2019 წელს, ამ დროს, წყლის დონე 10 მეტრით მაღალი იყო, 2018-ში – კიდევ უფრო მაღალი. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ელექტროენერგიის მოხმარება მუდმივად იზრდება.
ელექტროენერგიის ერთადერთი ალტერნატიული წყარო – რუსეთიდან შემოტანაა, რომელიც ზედიზედ მესამე წელია აფხაზეთის გადამრჩენია.
იმაში დასარწმუნებლად, რესპუბლიკის ენერგეტიკაში მართლა ყველაფერი ასე ცუდად არის თუ არა, 25 იანვარს, წყალსაცავში მივიდნენ რუსეთის ფედერაციის ქსელური კომპანიის, ინტერ-რაოს სპეციალისტები.
ეს იყო არაოფიციალური და შეიძლება ითქვას, არალეგალური ვიზიტი. სპეციალისტებმა თავდაპირველად რუსეთ-აფხაზეთის საზღვარი გადაკვეთეს ფსოუზე, რაც თბილისს უკანონოდ მიაჩნია, შემდეგ კი ქართულ მხარეს გადავიდნენ ენგურის ხიდის გავლით.
ამიტომ, ოფიციალურ კომენტარებზე ჟურნალისტებს რუსმა სპეციალისტებმა უარი უთხრეს. მაგრამ არაფორმალური საუბრისას ზოგიერთი ინფორმაცია გაუზიარეს.
„ჩვენ გამოგვიშვეს დასარწმუნებლად, რომ ყველაფერი, რასაც ენგურჰესისა და ჩერნომორენერგოს ხელმძღვანელობა ამბობს, მართალია, – განაცხადა ინტერ-რაოს წარმომადგენელმა, – და ჩვენ დავრწმუნდით, რომ კლიმატური ანომალია წყლის სწრაფად ხარჯვის ერთადერთი მიზეზი არ არის. მთავარი ფაქტორი – ადამიანურია, კონკრეტულად კი აფხაზეთის მოსახლეობის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა“.
ზამთარში საქართველო ენგურჰესს არ იყენებს. ელექტროენერგიას გამოიმუშავებს მრავალრიცხოვანი თბოსადგურები. მაგრამ აფხაზეთში ასეთი ალტერნატივა არ არსებობს, ამიტომ, საჭირო ხდება წყალსაცავის ფაქტობრივად კრიტიკულ დონეზე დაყვანა.
სატუმბი სადგურის საკონტროლო ოთახში დამონტაჟებულია მრიცხველი, რომელიც რეალურ დროში აჩვენებს წყალსაცავში წყლის დონეს. მის პირდაპირ დგას კამერა, რომელიც ონლაინგამოსახულებას იძლევა.
აი, აქ შესაძლებელია რეალურ დროში წყლის დონისთვის თვალყურის დევნება.
წყლის დაბალი დონე სარისკოა არა მხოლოდ აფხაზეთის მოსახლეობისთვის, არამედ თავად ჰესისთვის. ენგურჰესის ადეკვატური ექსპლუატაცია – ეს უსაფრთხოების საკითხიცაა. კაშხალზე ავარიის შემთხვევაში, შესაძლოა დაზარალდეს არა მხოლოდ აფხაზეთი და საქართველოს რაიონები – არამედ თურქეთი და რუსეთიც.
ჰესი ვერ იმუშავებს იმაზე მეტს, ვიდრე მისი რესურსია გათვლილი. გაჩერება – ყოველთვის არგუმენტირებული ნაბიჯია. მაგრამ, ამავდროულად, მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგება – პრიორიტეტულია.
პრობლემა შეიძლება გადაიჭრას, თუკი რუსეთი იმ დროს, სანამ წყალსაცავი რეზერვებს აღიდგენს, აფხაზეთს ელექტროენერგიას მიაწვდის. ამასთან, აფხაზეთში ისევ დაიწყებენ სხვადასხვა რაიონისთვის შუქის საათობრივი გრაფიკით მიწოდებას.
მაგრამ სპეციალისტების უმრავლესობას მიაჩნია, რომ აფხაზეთმა ელექტროენერგიის ეკონომიური მოხმარება უნდა დაიწყოს.
როგორ შევამციროთ ელექტროენერგიის არარაციონალური მოხმარება აფხაზეთში
საქართველოცა და რუსეთიც ამ საკითხს ტარიფების მომატებით პასუხობს.
„ძალიან კომფორტულია – თან გათბობა ჩართო სახლში და თან ფანჯარა გააღო სუფთა ჰაერისთვის. მაგრამ ეს ძალიან არარაციონალურია. ადამიანებს ასეთი მენტალიტეტი აქვთ – ვერ აიძულებ ეკონომიას, სანამ ელექტროენერგია იაფი ღირს“, – ამბობს ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ლევან მებონია.
„ჩვენ გვჭირდება რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მტკიცე ნებისყოფა – ელექტროენერგიის საფასურის რამდენჯერმე გაზრდა. თბილისში დენი 20 თეთრი (დაახლოებით, 7 ცენტი ღირს). აფხაზეთში – 1,6 თეთრი, ეს ხომ წარმოუდგენელია“, – ამბობს მებონია.
ელოდება თუ არა აფხაზეთს ასეთი ბედი, ეს კითხვა ღიაა. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, შესაბამისი მინისტრების კაბინეტებში ამ კითხვას ასე არ სვამენ.