აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერის ავადმყოფობა: უბედური შემთხვევა თუ მოწამვლა?
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია მძიმე მდგომარეობაში მოსკოვის საავადმყოფოში 2019 წლის 19 აპრილს მოხვდა. მას მოშლილი ჰქონდა სუნთქვა და ლაპარაკი არ შეეძლო. მას სისხლში მეტალების დიდი დოზა აღმოაჩნდა, კერძოდ ვერცხლისწყალი და ალუმინი, რაც ორგანიზმში მხოლოდ გარე ჩარევით შეიძლებოდა მოხვედრილიყო. ბჟანიას ჰოსპიტალიზაციიდან ორ დღეში იმავე საავადმყოფოში დაავადების მსგავსი სიმპტომებით მიიყვანეს მისი დაცვის ორი წევრიც, თუმცა – არა ისეთი მძიმე ფორმით.
აფხაზეთის პარლამენტი თავიდან დაეთანხმა დასკვნას იმის თაობაზე, რომ ბჟანია მოწამლეს. ამ ინციდენტის გამო, აფხაზეთში ქუჩის პროტესტები გაიმართა და საბოლოოდ საპრეზიდენტო არჩევნები 21 ივლისიდან 25 აგვისტოსთვის გადაიტანეს.
მაგრამ 5 ივნისს გაჩნდა ახალი ინფორმაცია, რაც ამ მტკიცებულებას არცთუ დამაჯერებელს ხდის.
რა ხდება აფხაზეთში და რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
• მოსაზრება: რატომ ვერ შეცვლის ვერცერთი ახალი პრეზიდენტი აფხაზეთში ვერაფერს
• არის თუ არა აფხაზეთში ნავთობი? კამათი “დაზვერვის პროექტის” გარშემო გრძელდება
დასკვნები გაკეთებულია, ეჭვები რჩება
შესაძლოა, ვერავინ ვერასდროს გაიგოს, თუ რა დაემართა სინამდვილეში ასლან ბჟანიას: ის არჩევნების წინ მოწამლეს, თუ მისი უეცარი ავადმყოფობა გარემოებათა შედეგია.
მაგრამ ეს მოვლენა მომავალ 25 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე რომ აისახება – პრაქტიკულად, აქსიომაა.
5 ივნისს აფხაზეთის გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტის დეპუტატებს ოპოზიციის ლიდერის ასლან ბჟანიას უეცარი ავადმყოფობის ფაქტთან დაკავშირებული წინასაგამოძიებო შემოწმების მასალები გააცნო.
დასკვნა ასეთია: პაციენტისთვის ჩატარებული ქიმიურ-ლაბორატორიული კვლევებით და გარეგნული დათვალიერებით მის ორგანიზმზე გარე ზემოქმედების ნიშნები არ გამოვლინდა.
პროკურორის დასკვნაში ნათქვამია:
„ბოტულოტოქსინებით, ასევე საწამლავის შემცველი ცნობილი ნივთიერებებით მოწამვლა გიინ- ბარეს სინდრომის წარმოშობასა და განვითარებას არ იწვევს [სწორედ ასეთი დიაგნოზი აქვს დასმული ასლან ბჟანიას — JAMnews] და მოცემული დაავადების მკურნალობის დროს, რომელიც აუტოიმუნურია, სისხლში მძიმე მეტალების კონცენტრაციის ზრდა პაციენტის დაავადების განვითარებაზე ზემოქმედებას არ ახდენს“.
რას ნიშნავს — ასლან ბჟანია არ მოუწამლავთ.
თუმცა, ნათესავები საპირისპიროს ამტკიცებენ და მიუნჰენის ლაბორატორიაში გაკეთებული ანალიზების შედეგებს ეყრდნობიან.
ოჯახთან დაახლოებული ადამიანების ინფორმაციით, პოლიტიკოსი მოსკოვიდან უკვე მიუნჰენის კლინიკაში გადაიყვანეს.
აფხაზეთის გენერალური პროკურორის მოადგილის ეშსოუა კაკალიას თქმით, რომელიც ამ საქმით არის დაკავებული, საგამოძიებო ბრიგადას პაციენტის დიაგნოზის მხოლოდ ოფიციალური ცნობა აქვს ხელთ, ხოლო ავადმყოფობის ისტორიის მიღება მათ აქამდე ვერ შეძლეს, მიუხედავად იმისა, რომ ის ბევრ რამეს მოჰფენდა ნათელს.
ოფიციალური ავადმყოფობის ისტორიის წარმოდგენაზე გადაჭრით თქვეს უარი როგორც საკუთრივ მოსკოვის კლინიკამ, სადაც ის მკურნალობდა, ასევე – ასლან ბჟანიას ოჯახმაც.
პოლიტიკოსის ცოლმა უარი განაცხადა გამოძიებასთან კონტაქტზე, რადგან, ეშსოუა კაკალიას აღიარებით, ის არც აფხაზეთის და არც რუსეთის საგამოძიებო ორგანოებს არ ენდობა.
თავად ასლან ბჟანიას, თავისი მძიმე მდგომარეობის გამო, ჩვენების მიცემა არ შეუძლია.
თუკი ის მოწამლეს, მაშინ – ვინ?
თუკი ასლან ბჟანია მართლაც მოწამლეს, მიზეზი, ერთი შეხედვით, ზედაპირზეა – ეს არის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ასლან ბჟანია იმთავითვე ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა.
ანუ მოწამვლის მიზეზი შეიძლებოდა საპრეზიდენტო რბოლის დისტანციიდან მისი მოხსნა ყოფილიყო. ამ შემთხვევაში, პირველი ეჭვმიტანილი, შესაძლოა, მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა იყოს.
თუმცა, ის მიზეზებიც საკმარისადაა, რომელთა გამოც, ხელისუფლებას ბჟანიას უეცარი ავადმყოფობა ხელს არ აძლევდა.
მაგალითად, ეს ისტორია თავად მოქმედ პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას არ აძლევს ხელს. ის, ოპოზიციის საპროტესტო აქციების გამო, მთელი თავისი ვადის განმავლობაში, პრაქტიკულად, ისედაც სულ ნაღმზე იჯდა. ოპოზიციის ლიდერის მოწამვლასთან დაკავშირებულმა სკანდალმა შეიძლება არამხოლოდ მისი მეორე ვადით არჩევის პერსპექტივას დაუსვას წერტილი, არამედ შესაძლოა, ამას მისი ვადამდელი გადადგომაც მოჰყვეს.
ასევე ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციონერის მოწამვლაზე რეაგირება მოახდინა და ოფიციალური გამოძიება მისი ჰოსპიტალიზაციიდან მხოლოდ ერთ თვეში დაიწყო (რამაც საბოლოოდ საპროტესტო აქციები გამოიწვია კიდეც) — იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლებისთვის ბჟანიას ავადმყოფობა მოულოდნელობად იქცა.
შიდა დაპირისპირება ოპოზიციის ბანაკში?
ოპოზიციის ბანაკში ასევე შეიძლება ბჟანიას მოწამვლით დაინტერესებულთა მოძებნა. ოპოზიციაში ბოლო დრომდე არ არსებობდა ერთიანი აზრი საერთო კანდიდატურის შესახებ, რომელიც არჩევნებზე წარდგებოდა. სხვათა შორის, ეს ერთიანობა არც ახლა არსებობს.
მოსკოვი?
იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლო მოწამვლა სოჭში მოხდა, ეჭვებს მოსკოვის მიმართაც აჩენს. თუმცა, აფხაზეთის განვითარება რუსეთზე იმდენად არის დამოკიდებული, რომ ნებისმიერი აფხაზი პრეზიდენტი აპრიორი დაინტერესებულია, რომ კრემლისადმი მეგობრულად განწყობილ პოლიტიკოსად მიიჩნეოდეს. და ამ რიგებიდან არც ბჟანიაა ამოვარდნილი.
სხვა საქმეა, რომ თითოეულ გავლენიან აფხაზ პოლიტიკოსს მოსკოვში თავის მხარდამჭერთა ჯგუფი ჰყავს. გამორიცხული არ არის, რომ ეს მხარდამჭერთა ჯგუფები, საკუთარი ინტერესების ლობირების გამო, ფარულად „თვითნებობით“ იყვნენ დაკავებულები, და კრემლის გენერალური ხაზიდან გადაუხვიონ.
გარდა ამისა, თავად თავდასხმის მეთოდი, სკრიპალებთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე, მოსკოვისთვის იმდენად უხერხულია, რომ ეს სიტუაცია მართლაც იქედან რომ მოდიოდეს, ალბათ ლიკვიდაციის სხვა გზას აირჩევდნენ.
უცხოური სპეც-სამსახურები თუ საქართველო?
მომხდარში დამნაშავე თეორიულად შეიძლება იყოს რომელიმე დასავლური სპეც-სამსახური, რომლის ინტერესსაც რუსეთის დამატებით დისკრედიტაცია წარმოადგენს, მით უმეტეს, რომ თავდასხმის მეთოდი რუსულ კვალზე ზედმიწევნით აშკარად მიუთითებს.
ბჟალიას მოწამვლით დივიდენდების მიღება საქართველოსაც შეეძლო – აფხაზეთში ანტირუსული განწყობების გაჩაღება და იქაური შიდაპოლიტიკური სიტუაციის კიდევ მეტად დესტაბილიზება.
მაგრამ რეალური პასუხი არ არსებობს. და არსებობს ყველა შანსი, რომ პასუხი არც იქნება.