აივ/შიდსი საქართველოში: 10 ფაქტი
1. აივ განაჩენი არ არის
თუ ექიმს დროზე მივმართავთ და მკურნალობას დავიწყებთ, ინფექციის გავრცელება შესამჩნევად შენელდება. ანუ, შესაძლებელია ვირუსის გავრცელების მედიკამენტებით შეჩერება და იმის მიღწევა, რომ ვირუსმა ვეღარ დააზიანოს იმუნური სისტემა. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია (ჯსე) ოფიციალურად ამტკიცებს, რომ მკურნალობის თანამედროვე მეთოდებისას აივ-ინფექცია – მომაკვდინებელი დაავადება კი არა, ქრონიკული ინფექციაა. თუ აივ-ინფექციას სწორად ვუმკურნალებთ, იგი შიდსში არ გადაიზრდება.
2. მკურნალობს სახელმწიფო
საქართველოში სახელმწიფო 100%-ით ანაზღაურებს აივ-ინფექციით დაავადებული მოქალაქეების მკურნალობასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
3. აივ-ინფიცირებული საქართველოში – ბევრია
2016 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში 6065 აივ-ინფიცირებულია. 2015 წელს ეს რიცხვი 663-ით ნაკლები იყო. ოფიციალური ციფრები ასეთია: დარეგისტრირებულია 6065 აივ-ინფიცირებული, მათ შორის 4508 – მამაკაცია, 1557 – ქალი. დარეგისტრირებულთა უმრავლესობის ასაკი 29 – 40 წელია.
მართალია, მსოფლიო სტატისტიკით საქართველო აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს მიეკუთვნება და, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ამ ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ადგილი უკავია, მაგრამ ისეთი პატარა ქვეყნისთვის ეს მაინც სოლიდური მაჩვენებელია. მით უფრო, რომ შიდსის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ ინფიცირებულების ოფიციალური სტატისტიკა რეალურ მაჩვენებელზე ყოველთვის ერთიორად ნაკლებია ხოლმე.
4. ბევრმა დააგვიანა მკურნალობა
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, შიდსი განუვითარდა აივ-ინფექციით დაავადებულ 3399 პაციენტს, მათ შორის 1201 ადამიანი გარდაიცვალა.
5. საშუალოდ, პაციენტები 2 წლით იგვიანებენ
ეს საქართველოს შიდსის ცენტრის სპეციალისტთა დაანგარიშებულია. ისინი თვლიან, რომ დაგვიანებული მიმართვები, ძირითადად, განპირობებულია საზოგადოებაში გავრცელებული ‘შიდსოფობიით’. ასევე, არიან ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ეჭვი, რომ სჭირთ აივ-ინფექცია, მაგრამ ეშინიათ ამ დიაგნოზის დადასტურების, ვინაიდან ფიქრობენ, რომ მაინც არაფერი ეშველებათ. კიდევ ერთი მიზეზია სხვა პროფილის ექიმთა დაბალი ინფორმირებულობაა – ზოგჯერ ისინი წლების განმავლობაში დაარბენინებენ პაციენტებს სხვადასხვა გამოკვლევებზე და აზრადაც არ მოსდით გააგზავნონ აივ-ანალიზზე.
6. აივ-ინფიცირებულთა რიცხვი სტაბილურად იზრდება
2008 წელს დაფიქსირდა 351 ახალი აივ-ინფიცირებული, 2010 წელს – 455, 2014-ში – 564, 2015-ში – 717; 2016-ში – 663 ახალი შემთხვევა.
პირველი აივ ინფიცირებული საქართველოში 1989 წელს დაფიქსირდა.
7. ვირუსის გავრცელების მხოლოდ სამი გზა არსებობს
ვირუსის გადაცემის მხოლოდ სამი გზა არსებობს:
1. დაუცველი სქესობრივი კავშირი (რისკი არის ნებისმიერი ტიპის სქესობრივი კავშირის დროს -ვაგინალური, ორალური და ანალური სქესობრივი კავშირების შემთხვევაში).
2.სისხლით ვირუსის გადაცემა.ეს შეიძლება მოხდეს სამედიცინო მანიპულაციების დროს, ინექციური ნარკოტიკის მოხმარების დროს, როდესაც ხდება ზიარი შპრიცის ან ზიარი ჭურჭლის გამოყენება.
3. ვირუსის დედიდან შვილზე გადაცემა. ეს შესაძლებელია მოხდეს, როგორც მუცლადყოფნის დროს, ასევე, მშობიარობის დროს და ძუძუთი კვების დროს. თუმცა,არსებობს პრევენციული მკურნალობა. თუ დედა აივ ინფექციის მატარებელია, იწყება პროფილაქტიკური მკურნალობა, რომელიც თეორიულად ნულოვან ზღვრამდე ამცირებს ვირუსის გადაცემას ნაყოფსა და ახალშობილზე.
8. დასავლეთ საქართველოში შესამჩნევად მეტი აივ-მატარებელია, ვიდრე აღმოსავლეთში
ძირითადად, ეს დაკავშირებულია საზღვრების სიახლოვესთან, იმასთან, რომ სამეგრელოსა და აჭარის მოსახლეობა ხშირად მოგზაურობს თურქეთში. მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, აივ-დაავადებულთა რიცხვი ყოველთვის გაცილებით მაღალია საპორტო ქალაქებში – ე.ი. საქართველოს შემთხვევაში, საუბარია ფოთსა და ბათუმზე. ყველაზე მეტი შემთხვევა, ტრადიციულად, თბილისში ფიქსირდება.
9. ინფიცირებულთა უმრავლესობა თავისი მდგომარეობის ამბავს შემთხვევით იგებს
‘მეგობარს დასჭირდა სისხლი და მეც გადავწყვიტე დახმარება. სწორედ მაშინ [სავალდებულო ანალიზის შედეგად] აღმოვაჩინე, რომ აივ დადებითი ვიყავი. ექიმმა ეს ისე მითხრა ვითომც არაფერი. დაახლოებით ერთი კვირა შოკში ვიყავი, არ მჯეროდა, არავისთვის არაფერი მითქვამს. შემდეგ გადავწყვიტე, რომ ხელმეორედ ჩამეტარებინა ანალიზი და აღმოჩნდა, რომ მართლაც აივ დადებითი ვარ’, – JAMnews-სთან საუბარში ჰყვება მარიამი, შიდსის ცენტრის ერთ-ერთი პაციენტი. ‘მყავს 3 შვილი, ვარ ჩვეულებრივი დიასახლისი. ვერაფრით გამეგო რანაირად შემეძლო დამმართნოდა ეს ყველაფერი.’
10. ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევა შესაძლებელია
რასაკვირველია, ყველაფერი ინდივიდუალურია, მაგრამ ძირითადად, საქართველოს შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სპეციალისტები ძალზე ეფექტურად თვლიან სქემას, როდესაც პაციენტთან, რომელმაც ახლახანს გაიგო თავისი მდგომარეობის შესახებ (და ამ მიზეზით დეპრესიაში იმყოფება) ურთიერთობას ამყარებს არა ფსიქოლოგი, არამედ სხვა აივ-დაავადებული, ადამიანი, რომელიც წლებია ცხოვრობს აივ-ინფექციით და ობიექტურად თავს კარგად გრძნობს.