აზერბაიჯანის მოქალაქეებს უცხო ქვეყნიდან ჩამოტანილი მობილური ტელეფონებისთვის დამატებითი გადასახადის გადახდა მოუწევთ
ახლა, თუკი აზერბაიჯანის მოქალაქე უცხოეთიდან ტელეფონს ჩამოიტანს ან შეუკვეთავს – კავშირგაბმულობის, ტრანსპორტისა და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტროში მისი რეგისტრაციისთვის მას 30-150 მანათის (დაახლოებით 17-88 დოლარი) გადახდა მოუწევს, აპარატის საბაზრო ღირებულებისდა მიხედვით. ასეთი გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა მიიღო. წინათ ეს გადასახადი 5 მანათს შეადგენდა (დაახლოებით 3 დოლარს).
ახალი აპარატის რეგისტრაცია – აუცილებელი პროცედურაა, სხვა შემთხვევაში, მას ქსელიდან გამორთავენ. თუკი ტელეფონი ადგილობრივ მაღაზიაშია ნაყიდი, მაშინ რეგისტრაციის თანხა უკვე გამყიდველს აქვს გადახდილი. და თუ ის საზღვარგარეთ არის ნაყიდი ან გამოწერილი, მისი რეგისტრირება დამოუკიდებლად უნდა მოხდეს.
მას შემდეგ, რაც მანათის კურსი ორჯერ დაეცა(2015 და 2016 წლებში), ყველაფრის ფასი, ტექნიკის ჩათვლით, საგრძნობლად გაიზარდა. აზერბაიჯანის ბევრი მაცხოვრებლისთვის მობილური ტელეფონების უცხოეთიდან ჩამოტანა ან შეკვეთა გაცილებით ხელსაყრელი გახდა. ახლა კი ამგვარი ეკონომიის გაკეთება გაცილებით გართულდება. თუმცა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ ზუსტად როდიდან შევა ძალაში ახალი წესები.
ახალი წესი მხოლოდ კერძო პირებს ეხება, და არა იმ კომპანიებს, რომლებსაც ტელეფონები გასაყიდად ჩამოაქვთ.
ეკონომისტი ნატიგ ჯაფარლი მიიჩნევს, რომ საბაჟო გადასახადის გაზრდის მიზანს „მსხვილი იმპორტიორების ინტერესების ლობირება“ წარმოადგენს.
ხოლო არასამთავრობო ორგანიზაცია „მულტიმედიას“ ხელმძღვანელი ოსმან გიუნდიუზი შიშობს, რომ „ეს ელექტრონული მთავრობისა და ციფრული საზოგადოების განვითარებას შეაფერხებს, რადგან მაღალსიჩქარიანი ტრაფიკის მქონე აპარატების შეძენა არახელსაყრელი გახდება“.
საბაჟო გადასახადი თითქმის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ფასთან ერთდროულად გაიზარდა. ასე რომ, სოციალურ ქსელებში ამას მწარე ირონიის ტალღა მოჰყვა:
„ყველაფერს სწორად აკეთებენ! ჩვენთან ხალხი ხომ მომთმენია, ყველაფერს გადაყლაპავენ და სიტყვასაც არ იტყვიან. თუნდაც რეგისტრაციის ფასი ტელეფონის ფასს გაუტოლონ – ადამიანები ამასაც უჩუმრად გადაყლაპავენ“.
„რაღას წვრილმანდებიან? ბარემ პირდაპირ სიცოცხლის გადასახადი შემოიღონ“
„ბიუჯეტში მეტი თანხა რომ დაგროვდეს და სოციალური სამართლიანობა შენარჩუნდეს, ფუფუნების გადასახადი უნდა დაწესდეს, და არა უაზრო გადასახადები ისეთ მომსახურებაზე, რაც , წესით, უფასო უნდა იყოს“
თუმცა, ზოგი ცდილობს, რომ ამ სიტუაციას ოპტიმიზმით შეხედოს:
„არაფერი საშინელი არ ხდება, ტელეფონებს ყოველდღიურად ხომ არ ვყიდულობთ. მთავარია, რომ პროდუქტები და კომუნალური მომსახურება არ გაძვირდეს“.