აზერბაიჯანში ტყეებს ჩეხავენ, რათა თხილი მოიყვანონ
აზერბაიჯანის ჩრდილოეთში ასობით ჰექტარზე ტყე და ბუჩქნარი იჩეხება. ეკოლოგიის სამინისტრომ ეს ტერიტორია იჯარით გადასცა კერძო ფირმას, რომელიც აქ თხილს მოიყვანს. იჯარის ვადა – 49 წელიწადია. ეკო-აქტივისტები განგაშს სცემენ და გაჩეხვის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.
• მიუღწეველი ნახჭევანი – ნაამბობი სახელმწიფოზე აზერბაიჯანის შიგნით
• ახალი ტურიზმი სომხეთში: ველური ბუნება, ადრენალინი და ადგილობრივი ბიზნესის განვითარება
ეკო-აქტივისტები: „ეს უკანონოა!“
ეკოლოგიური ორგანიზაცია Ecofront მომხდარის მიმართ საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ცდილობს. ეკო-აქტივისტების აზრით, ეს სატყეო ფონდში შესული ტერიტორიის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებას ეწინააღმდეგება.
„ჩვენ მოვუწოდებთ გაჩეხვის დროებით შეჩერებისკენ, ამ საკითხის შესახებ საზოგადოებრივი მსჯელობის მოწყობისა და აუცილებელი იურიდიული პროცედურების ჩატარებისკენ. მაგრამ ამ ჩვენი მოწოდებების საპასუხოდ მუშაობის ტემპი მხოლოდ ჩქარდება“, – წერს Ecofront თავის Facebook–გვერდზე.
ასევე აქტივისტები შესაძლო ეკონომიკურ ზიანს ასახელებენ. აზერბაიჯანი აქტიურად ეწევა თხილის ექსპორტს, და Ecofront მიიჩნევს, რომ თუკი აზერბაიჯანული თხილის ექსპორტირება გაჩეხილი ტყეების ფასად მოხდება, ეს მის იმიჯსა და მსოფლიოში მასზე მოთხოვნას ზიანს მიაყენებს.
ადგილობრივი მაცხოვრებლები:„ჩვენ საარსებო სახსრებს გვართმევენ“
ტყეების განადგურებით ასევე უკმაყოფილოები არიან შეკის რაიონის სოფელ ბიდეს მაცხოვრებლები, რომლის შემოგარენში 300 ჰექტარზე მეტი ტყე და ბუჩქნარი იჩეხება.
„ვინმე ჩვენგანი საკუთარი საჭიროებებისთვის ტყეში თუნდაც ერთ ხეს თუ მოჭრის, დიდი თანხით დაგვაჯარიმებენ. აქ კი ვიღაც საქმოსნები მთელ ჰექტრებს ჩეხავენ, და ეს არავის აღელვებს“, – ამბობს პენსიონერი შაბან ოსმანოვი.
„ერთი მხრივ, ტელევიზიით მუდამ გამწვანებაზე ლაპარაკობენ, მეორე მხრივ კი ჩვენს მშვენიერ ტყეებს ჩეხავენ. ამავდროულად ამ მიწებზე ჩვენი საქონელი ძოვს. ჩვენთვის კი მესაქონლეობა – შემოსავლის მთავარი წყაროა“, – დასძენს იმავე სოფლის სხვა მაცხოვრებელი ჯავიდ ისმაილოვი.
სამინისტრო:„ყველაფერი ხალხის სასარგებლოდ“
ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენელმა აგაგარდაშ გარაშომ განაცხადა, რომ ტყის გაჩეხვა მხოლოდ კეთილშობილურ მიზანს ისახავს:
„ეს ტერიტორიები სატყეო ფონდის პოტენციალის რაციონალურად გამოსაყენებადაა იჯარით გადაცემული. აგრობაღების შექმნა ახალ სამუშაო ადგილებს გააჩენს, მოსახლეობას ხილით უზრუნველყოფს და მის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს“.
მეტიც, მისი თქმით, „სამინისტრო სატყეო ფონდში შემავალი ღია სივრცეების გრძელვადიანი იჯარით გადაცემას გააგრძელებს“.