აზერბაიჯანში საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის შესაზღუდად ემზადებიან
აზერბაიჯანის მილი მეჯლისს უახლოეს დროში წარუდგენენ კენჭისყრის საყრელად კანონპროექტს „თამბაქოს ნაწარმის გამოყენების შეზღუდვის“ შესახებ. პროექტმა უკვე განვლო განხილვის ეტაპი და ის შეთანხმებულია ორი საპარლამენტო კომიტეტის – შრომისა და სოციალური პოლიტიკის და ადამიანის უფლებათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.
შრომისა და სოციალური პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარის ჰადი რაჯაბლის სიტყვებით, კანონპროექტი აკონკრეტებს იმ ადგილებს, სადაც მოწევა აკრძალულია. კერძოდ, ეს არის – საგანმანათლებლო დაწესებულებები, სპორტული შეჯიბრებების და სხვა მასობრივი ღონისძიებების ჩატარების ადგილები,სავაჭრო ობიექტები, საზოგადოებრივი კვების ადგილები, სასტუმროები, ჯანდაცვის დაწესებულებები, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, ტრანსპორტი და სხვა ადგილები, – იუწყება სააგენტო „Report“.
დამსაქმებლებს შეუძლიათ მოსაწევად გამოყონ ცალკე ადგილები, ხოლო ოფისის ან საწარმოს დანარჩენ ნაწილში უნდა არსებობდეს მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებული გამაფრთხილებელი ნიშანი ან წარწერა. მოწევისთვის განკუთვნილი ადგილები სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად უნდა იყოს მოწყობილი.
კანონპროექტი კრძალავს ისეთი საბავშვო რადიოპროგრამების მაუწყებლობას, ასევე ფილმების, ტელეგადაცემების ან სპექტაკლების ჩვენებას, სადაც ღიად არის დემონსტრირებული თამბაქოს ან თამბაქოს ნაწარმის მოწევა. უფროსებისთვის განკუთვნილი სპექტაკლების, რადიოპროგრამების, ფილმებისა და ტელეგადაცემების შემთხვევაში, თამბაქოს გამოყენების დემონსტრირებას უნდა ახლდეს სოციალური რეკლამა მოწევის მავნებლობის შესახებ.
საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის თქმით, კანონპროექტში გამოყენებულია რუსეთისა და თურქეთის გამოხდილება.
სოციალურ ქსელებში პროექტს გამალებით განიხილავენ. აი, რამდენიმე კომენტარი:
„ძალიან სწორია! მთელი მსოფლიო იყენებს ამ პრაქტიკას. მე არამწეველი ადამიანი ვარ, და სიგარეტის ბოლს ვერ ვიტან. რატომ უნდა ვისუნთქო თამბაქოს კვამლი, როდესაც რესტორანში, კლუბში ან კიდევ სადმე სხვაგან მივდივარ დასასვენებლად. რატომ უნდა ასდიოდეს ეს სუნი ჩემს ტანსაცმელს, მეც ხომ იგივე თანხას ვიხდი დასვენებაში, რასაც მწეველები იხდიან. გინდა მოწევა? გადი ქუჩაში, აივანზე, ამისთვის საგანგებოდ გამოყოფილ მონაკვეთზე და მოწიე რამდენიც გენებოს“!
„ეს არც ისე სწორი გზაა ამ პრობლემის გადასაჭრელად. მწეველ ადამიანს მოწევა ჭამის და სმის დროს უნდება. ესე იგი, თუკი ამის საშუალება არსებობს, სხვადასხვა დარბაზები უნდა იყოს. არამწეველთა რესტორნის ვარიანტის განხილვაც კი სასაცილოა, რადგან ასეთ შემთხვევაში, რესტორანს უზარმაზარი ზარალი მიადგება“.
„ალბათ ეს ბოლო 5 წლის განმავლობაში საუკეთესო სიახლეა“.