აზერბაიჯანში რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლის ფასი გაიზარდა
აზერბაიჯანის რამდენიმე სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტში სწავლის დაწყებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე გამოაცხადეს, რომ ფასიან განყოფილებებზე სწავლის ფასი იზრდება.
ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო საგამოცდო კომისიის ოფიციალურ გამოცემაში – ჟურნალ “აბიტურიენტის” ივლისის ნომერში გამოქვეყნდა.
ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის ფასი წელიწადში 3800 მანათიდან 4300-მდე გაიზარდა (2235 -დან 2530 აშშ დოლარამდე). უნივერსიტეტ “ხაზარში” ფასმა, ფაკულტეტების მიხედვით, 4500-5000 მანათამდე ( 2647- 2941 დოლარამდე) მოიმატა.
ცნობისთვის: მეზობელ თურქეთში ზოგიერთ უნივერსიტეტში ანალოგიურ ფაკულტეტებზე სწავლების წლიური ფასი 500 დოლარს არ აჭარბებს.
განათლების სფეროს ექსპერტმა კამრან ასადოვმა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში, ასევე დედაქალაქსა და რეგიონებში სწავლების ფასის შეუსაბამობაზე მიუთითა: “ზოგიერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლების ფასი 4000 მანათით განისაზღვრება, თუმცა იმავე სპეციალობით სხვა უნივერსიტეტში სწავლა 2000 მანათი ღირს, რეგიონებში კი – 1500 მანათი.
სახელმწიფო უნივერსიტეტებში ერთსა და იმავე სპეციალობაზე სწავლის საფასურის განსხვავება 10%-ს არ უნდა აჭარბებდეს, ხოლო სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებს შორის – 30%-ზე მეტი არ უნდა იყოს. თუმცა, აზერბაიჯანში ეს წესი ხშირად ირღვევა”, – უთხრა ასადოვმა ვებგვერდ contact.az-ს.
“ჩვენი უნივერსიტეტები უცხოელ სტუდენტებს ვერ იზიდავენ. თურქეთში 230 უნივერსიტეტია, რომლებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 800 ათასს აჭარბებს. სინგაპურში კი, სადაც სულ 3 უნივერსიტეტია, უცხოელი სტუდენტების რიცხვი 10 მილიონ ადამიანს შეადგენს, და სახელმწიფოს ბიუჯეტში უნივერსიტეტების შენატანი 6 მილიარდ დოლარზე მეტია. აზერბაიჯანში კი 54 უმაღლესი სასწავლებელია, რომლებშიც მხოლოდ 4000 უცხოელი სტუდენტი სწავლობს”, – ამბობს ასადოვი.
ექსპერტის აზრით, მაღალი ფასები არადამაიმედებელ შედეგებს გამოიღებს: “ამ ფასად აზერბაიჯანში სწავლას, აბიტურიენტები მეზობელ თურქეთში სასწავლებლად გამგზავრებას ამჯობინებენ – იაფად და ხარისხიანად. საბოლოოდ ეს ქვეყნიდან ახალგაზრდების მასობრივ გადინებას გამოიწვევს. მხოლოდ თურქეთში 15 ათასი აზერბაიჯანელი სტუდენტი სწავლობს. რუსეთსა და უკრაინაში აზერბაიჯანელი სტუდენტების რიცხვმა 24 ათასს გადააჭარბა. წარმოიდგინეთ, რამდენი სახსარი გაედინება ქვეყნიდან, თუ ამ 40 ათასიდან თითოეულს საშუალოდ 1000-1000 მანათს უგზავნიან. არც ის არის უეჭველი, რომ ეს სტუდენტები განათლების მიღების შემდეგ უკან დაბრუნდებიან. ამიტომ, უნივერსიტეტებში ფასებმა უნდა დაიკლოს და უცხოელი სტუდენტები მოიზიდონ”, – დასძინა კ.ასადოვმა.